Thumbnail
  • She Loves The Gloves ზელანდიაში ვოლკანოვსკისა და ადესანიას მწვრთნელს შეხვდა
  • იუჯინ ბეარმენმა სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად თოფურიაზეც ისაუბრა
  • ექსკლუზიური ინტერვიუ MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელთან 

City Kickboxing-ის დამფუძნებელს და მთავარ მწვრთნელს, იუჯინ ბეარმენს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ბეარმენი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თანამედროვე MMA-ს ორი უდიდესი სპორტსმენი, ისრაელ ადესანია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC-ს ტიტულებამდე მიიყვანა. გარდა ამისა, ის ისეთი მებრძოლების მწვრთნელია, როგორებიც არიან დენ ჰუკერი, კაი-კარა ფრანსი, კარლოს ულბერგი, ბრედ რიდელი და სხვები.

მწვრთნელობამდე ბეარმენი თავადაც იბრძოდა და ორთაბრძოლების სხვადასხვა დისციპლინაში ჯამში 48 მატჩი აქვს ჩატარებული. 2007 წელს კი, იუჯინმა CKB დარბაზი დააარსა, რომლის პატარა გუნდის წარმატებამაც თანამედროვე MMA სრულიად შეცვალა. 2019 და 2020 წლებში ბეარმენი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად, ხოლო CKB - საუკეთესო დარბაზად დასახელდა. 

გენიალურ სტრატეგს, რომელიც ბოლო 15 წელი MMA-ს უდიდესი ვარსკვლავების კარიერებს ქმნის, ახალი ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში, მის დარბაზშივე ვეწვიე. დილის ვარჯიშის დასწრების შემდეგ კი, საუბარი ადესანიაზე, ვოლკანოვსკიზე, ილია თოფურიაზე და ზოგადად MMA-ზე ჩამოვარდა.  

She Loves The Gloves: იუჯინ, უპირველეს ყოვლისა, კი შეამჩნევდი, მაგრამ CKB გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ. შენი არაერთი ინტერვიუ მაქვს ნანახი და მაქსიმალურად ვეცდები, ისეთი კითხვები დაგისვა, რაც სხვებს არ უკითხავთ. სანამ კონკრეტულ ადამიანებზე ვილაპარაკებთ, იქნებ შენი, როგორც მწვრთნელის, საყვარელი მოგონება გამიზიარო?

ბეარმენი: რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, მეძვირფასება ბრძოლებთან დაკავშირებული მოგონებები - ადესანიას და ვოლკანოვსკის საჩემპიონო გამოსვლები, რადგანაც ეს ჩვენი სპორტის ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს. თუმცა, საყვარელი მოგონებები მაინც ბევრად უფრო “უბრალო” რაღაცებს უკავშირდება. როდესაც ბრძოლამდე ისეთი ადამიანები მივიყვანე, ვისაც ვერასდროს წარმოედგინათ, რომ ეს შეეძლოთ. მაგალითად, იყო ერთი გოგო, რომელსაც მილიონი წელი არ ეგონა, რომ ოდესმე ბრძოლამდე მივიდოდა. გავიარეთ მომზადების პერიოდი, მატჩის დრო მოვიდა და გამოსვლის წინ, უცებ პანიკური შეტევა დაემართა. როგორღაც დავაწყნარეთ, ოქტაგონზე ავიდა, მშვენიერი 3 რაუნდი ჩაატარა და მოიგო კიდეც. მაგრამ მთელი გზა, რაც ერთად გავიარეთ, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. 

'ჩემთვის ეს მოგონებები ნებისმიერ ჩემპიონობაზე უფრო მეტს ნიშნავს, რადგან ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე.'

She Loves The Gloves: დღეს რას შვება ის გოგო? ვარჯიშობს?

ბეარმენი: კი, დღესაც ვარჯიშობს და არასდროს უნანია, რომ ნამდვილი ბრძოლის გამოცდილება მიიღო. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, სხვა გოგო დადიოდა ჩვენთან დარბაზში. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ურთულესი სიტუაცია ჰქონდა. გატაცების მსხვერპლი იყო და ხომ წარმოგიდგენია, ეს რამდენ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, ჩვენთან მიღებული უნარები… და აქ ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიო სიტყვები, (იცინის)… უფრო სწორად, უნარებზე უფრო მეტად, თავდაჯერებულობა, რომელიც ვარჯიშმა მისცა, სიტუაციის გადალახვაში დაეხმარა და იმაში, რომ უსაფრთხო გარემოს დაბრუნებულიყო.

She Loves The Gloves: ანუ, ფაქტობრივად, ვარჯიშმა ამ ადამიანის ცხოვრება გადაარჩინა?

ბეარმენი: ზუსტად. თან რამე კონკრეტულმა ილეთმა კი არა, არამედ, იმ ზოგადმა ინსტიქტებმა და მიდგომამ, რაც ვარჯიშის დროს გამოუმუშავდა. 15 წელზე მეტია, ამ დარბაზში ვარ და უამრავი ადამიანი გვყავდა მსგავსი ისტორიებით. ჩემთვის ეს მოგონებები ნებისმიერ ჩემპიონობაზე უფრო მეტს ნიშნავს, რადგან ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე.

She Loves The Gloves: დილის 8 საათიდან ვარჯიშებს ვესწრები და სულ გავსებულია დარბაზი. რა არის ამხელა გუნდის მწვრთნელობის მთავარი გამოწვევა?

ბეარმენი: პირადად ჩემთვის, ყველაზე რთულია, ყველას ინდივიდუალურ დონეზე თანაბარი ყურადღება მივაქციო. ოღონდ, ის კი არა, რომ დარტყმები ვასწავლო ან პედეპზე ვავარჯიშო. მენტალურ-ემოციურ კავშირზე მაქვს საუბარი. კი, გუნდი გუნდია და ერთად ვარჯიშობენ, თუმცა, ოქტაგონზე მარტო გამოდიხარ. იმ 3 ან 5 რაუნდში კი იქმნება სიტუაციები, რომლებთანაც გამკლავებას მხოლოდ მწვრთნელთან ერთი-ერთზე კომუნიკაციით სწავლობ. ამას დრო სჭირდება. ყველა მებრძოლი კი ინდივიდუალურია - უნდა ვიცოდე, რა ამოძრავებთ, რას გრძნობენ, რას მეუბნებიან და რას გულისხმობენ სინამდვილეში. ყველას “მოხარშულს” უნდა ვიცნობდე, დავაკვირდე ხოლმე: დღეს რაღაც ისე ვერ არის, რამე ხომ არ მოხდა? ჩემი ნდობა უნდა შეეძლოთ, რომ მითხრან ხოლმე, მაგალითად: “იცი რა, იუჯინ, დღეს ვერ ვარ კარგად, დედაჩემთან რაღაც პრობლემები მაქვს”. 

She Loves The Gloves: თავისთავად. მებრძოლისთვის ცხოვრება ოქტაგონით ხომ არ შემოიფარგლება. 

ბეარმენი: წარმოიდგინე და უამრავი მწვრთნელია, ვისთვისაც ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შავ-თეთრად უყურებენ საქმეს: ჩემთან ვარჯიშზე მოდიხარ, დანარჩენი არ მეხება. მე კი ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატებას სწორედ ოპტიმალური პირობები ქმნის. მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, გარეთ რაც ხდება ვარჯიშზეც აისახება. იყო მებრძოლი ხომ ცხოვრების სტილია და არა რაღაც იზოლირებული ნაწილი. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს გუნდს ოპტიმალურად მივუდგე. არ შეიძლება მხოლოდ ვარჯიშზე იყო ორიენტირებული და დანარჩენი დაივიწყო. როგორც მწვრთნელი, ყველაფერი სწორად უნდა დააბალანსო - ვარჯიშიც და მენტალური ნაწილიც.

She Loves The Gloves: საინტერესოა. ადამიანები ხშირად დავობენ, რომ MMA-ში წარმატება 80% პროცენტით მენტალობაზეა დამოკიდებული. გამოდის, რომ შენც მაგის გჯერა?

ბეარმენი: აბსოლუტურად. ყველაზე დიდ როლს მენტალობა თამაშობს. მენტალობაში, რა თქმა უნდა, ემოციებსა და სულიერ მდგომარეობასაც ვგულისხმობ.

She Loves The Gloves: ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა, როდესაც ამას მსოფლიოში წამყვანი გუნდის მწვრთნელი ამბობს. ბევრ რაღაცაზე გაფიქრებს… მაგრამ, მოდი, საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვანოთ. კიდევ ერთი თემა, რომელზეც MMA-ში მუდმივად დავობენ, G.O.A.T-ობაა. პირადად შენთვის, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო?

ბეარმენი: ჩემთვის - ხაბიბი

She Loves The Gloves: მართლა? დომინანტურობის გამო? 

ბეარმენი: არამხოლოდ. ყველაფერი ჰქონდა, რასაც მე მებრძოლში ვეძებ ხოლმე. დომინანტურობაც… უნარი, ბრძოლა გადაეყვანა იქ, სადაც თავად სურდა. მაგრამ მისი მთავარი სიძლიერე მაინც სხვა მგონია. ბრძოლის ისეთი სტილი შექმნა, რომლის ხარჯზეც მეტოქისგან ფიზიკური ზიანი, ფაქტობრივად, არ მიუღია. 29 ბრძოლიდან ხელშეუხებელი გამოხვიდე - ძალიან იშვიათი მიღწევაა. მეორე მიზეზი, რის გამოც ხაბიბს GOAT-ად მივიჩნევ, კარიერის სწორ დროს დასრულებაა. ძალიან ცოტა ათლეტია, რომელიც სპორტიდან მაღალ ნოტაზე მიდის. ამდენი წელია ამ სპორტში ვარ და ჩემი გამოცდილებით, ეს ყველაზე რთული მისაღწევია. 

She Loves The Gloves: ხო, ხაბიბი და ჟორჟ სენ-პიერი, ალბათ, ის მაგალითები არიან, ვინც MMA-ს ელიტარულ დონეზე ამ თვალსაზრისით მახსენდება.

ბეარმენი: იმიტომ რომ წარმოუდგენლად რთული რამეა. რომ წარმოიდგინო: ხაბიბმა ფინანსურ სტაბილურობასაც მიაღწია, კარიერის განმავლობაში ზიანი თითქმის არ მიუღია და სწორ დროსაც წავიდა… თან დაუმარცხებელი. მოკლედ, აბსოლუტურად ფენომენალური მებრძოლია.

She Loves The Gloves: მიხარია, ხაბიბის სტილი რომ ახსენე, რადგან ჩემი ერთ-ერთი კითხვაც სწორედ ამას ეხებოდა. ჯერ ხაბიბი, მერე ისლამი, ახლა სხვა დაღესტნელებიც თავიანთ დივიზიონებს ატერორებენ - შენი აზრით, რატომაა ე.წ. “დაღესტნური სტილი” ასეთი ეფექტური?

ბეარმენი: საკუთარ მაგალითზე აგიხსნი. პროფესიონალური მებრძოლის კარიერა კიკბოქსინგით დავიწყე. მერე ჯიუ-ჯიცუთი დავკავდი, შემდეგ კი MMA-თ. ადრეულ ეტაპზევე მივხვდი, რა არის ის, რასაც “ბრძოლის ხელოვნებას” ვეძახით. კერძოდ: ორთაბრძოლებში მთავარია, რინგიდან ისე გახვიდე, მეტოქეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენო, ხოლო საპასუხოდ, რაც შეიძლება ნაკლები მიიღო. კი, სხვა დისციპლინაში ეს ფილოსოფია ასე თუ ისე უკვე არსებობდა - კრივის და კიკბოქსინგის ზოგი სტილი, რომელიც ამაზე იყო ორიენტირებული. 

MMA-ში ამაზე გაცილებით უკეთესი გზა არსებობდა: დააგდო ოპონენტი მიწაზე, იქვე შეაკავო, შენ კი ზედა პოზიცია შეინარჩუნო. რადგან ქვემოდან იმხელა ზიანს მაინც ვერ მიგაყენებს. სტრაიკინგში, რამდენადაც კარგი დაცვა არ უნდა გქონდეს, მაინც არსებობს იმის შანსი, რომ დიდ დარტყმას გაუშვებ. მიწაზე კი ოპონენტის შესაძლებლობები შეზღუდულია. ზურგიდან იმხელა ძალას მაინც ვერ მოიკრებს. ზედა პოზიციიდან კი, შეგიძლია ძლიერად დაარტყა, მეტოქე ვერსად გაგექცევა, ხოლო ოქტაგონის იატაკიც შენს მიერ მიყენებულ ზიანს ზრდის. ჩემი ბრძოლის სტილიც სწორედ ამაზე იყო ორიენტირებული - ჯერ თეიქდაუნი, შემდეგ ზურგის აღების მცდელობა და ა.შ.

'ჩემი, როგორც მწვრთნელის პასუხისმგებლობაა, დავეხმარო ათლეტებს კარიერისგან მაქსიმუმი მიიღონ - როგორც შეჯიბრის, ასევე ფინანსების თვალსაზრისით.'

She Loves The Gloves: არადა, შენი მებრძოლები, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი ფენომენალური სტრაიკინგით ცნობილები არიან…

ბეარმენი: ის მაგალითი, რომელიც ზემოთ მოგიყვანე, ჩემი აზრით, MMA-სთვის იდეალური ბრძოლის სტილია. ეს იყო ის სტილი, რომელიც საკუთარი თავისთვის ავირჩიე, როგორც შეჯიბრისთვის ყველაზე ეფექტური. მაგრამ დღეს ამ სპორტში, განსაკუთრებით UFC-ს დონეზე, ბევრი რამ შეიცვალა. წესები იგივეა, თუმცა დღევანდელი შეჯიბრებები შორსაა MMA-ს იმ “სუფთა” ფორმატისგან, რომელშიც მე ვიბრძოდი. დღეს ეფექტურობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მებრძოლს შთამბეჭდავი და სასიამოვნო საყურებელი სტილი ჰქონდეს. სხვანაირად წარმატებულ კარიერას უბრალოდ ვერ შექმნი - ეს ფაქტია, რომლის აღიარება მომიწია. შესაბამისად, მთელი ჩემი ფილოსოფია შევცვალე. შედეგიც სახეზეა: ჩემი სპორტსმენები სატიტულო ბრძოლებამდე სამჯერ უფრო სწრაფად მივიდნენ, ვიდრე თუნდაც ისლამი ან ხაბიბი. შესაბამისად, კარიერის უდიდესი ნაწილი ტიტულის დაცვაში გაატარეს და არა ქამარზე ბრძოლის შანსის მოპოვებაში.

She Loves The Gloves: რომ დავაზუსტოთ: ამ მიდგომის პლუსი ისაა, რომ UFC-ში კარგ ჰონორარს საჩემპიონო ბრძოლებისგან იღებენ, სადაც კონტრაქტში გაწერილ თანხას ნახვების პროცენტიც ემატება?

ბეარმენი: ზუსტად. მოდი, ვიყოთ რეალისტურები: ჩემს სპორტსმენებს ჰყავთ ოჯახები, ვისთვისაც ღირსეული ცხოვრება უნდა უზრუნველყონ. მეგობრებთან გასვლაც და გართობაც უნდათ. საბოლოო ჯამში, MMA prize fighting-ია, სადაც მებრძოლმა ფიზიკური პიკის მოკლე პერიოდში მაქსიმალური ფინანსური მდგრადობის მიღწევა უნდა მოასწროს. ეს კი საჩემპიონო დონეზე ხდება. ჩემი, როგორც მწვრთნელის პასუხისმგებლობაა დავეხმარო ათლეტებს კარიერისგან მაქსიმუმი მიიღონ - როგორც შეჯიბრის, ასევე ფინანსების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში კარგი სტრაიკერების არსებობის უკან სხვა მიზეზებიც დგას: ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც ბავშვები 5 წლის ასაკში ჭიდაობის წრეში შედიან. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენთან 5 წლის ასაკში ქუჩაში ჩხუბს იწყებენ. ეს კულტურული ფაქტორიც არსებობს. მაგრამ სუფთა ფილოსოფიურად, ჩემი გუნდის კეთილდღეობისთვის, მიდგომის ის შეცვლა მომიწია, რომელიც ზემოთ ვახსენე.

She Loves The Gloves: ამის მისაღწევად, კონკრეტულად რაზე მოგიწია კონცენტრირება?

ბეარმენი: მაქსიმალურად ვეცადე, ზემოთ აღნიშნული “ბრძოლის ხელოვნების” (მიაყენე მაქსიმალური ზიანი - მიიღე მინიმალური) ფილოსოფია დგომში გადამეტანა. ჩემი სპორტსმენების ბრძოლები საინტერესო საყურებელი უნდა ყოფილიყო, ანუ, დგომში უნდა გამართულიყო - რადგან ფანების უმეტესობას სწორედ ამის ყურება მოსწონთ. შესაბამისად, დავიწყეთ იმ უნარებზე მუშაობა, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ, ფეხზე დავრჩენილიყავით და კარგი პოზიცია შეგვენარჩუნებინა. ჭიდაობის დაცვა, სქრემბლები

She Loves The Gloves: ფეინთებიც?

ბეარმენი: ფეინთებიც და მოძრაობის სტილიც, კი. 

She Loves The Gloves: ფეინთების, ანუ ცრუ მოძრაობების საკითხი განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია. ეს ტექნიკა თითქოს არსაიდან გაჩნდა და ამ პატარა გუნდს იმხელა წარმატება მოგიტანათ, ფაქტობრივად, მთელი სპორტი შეცვალეთ. ვოლკსა და იზიმდე MMA-ში ცრუ მოძრაობებს ასე აქტიურად ცოტა ვინმე თუ იყენებდა. ახლა კი აშკარაა, რომ გაცილებით დიდი გუნდები თქვენგან ამ ხელოვნების სწავლას ცდილობენ. 

ბეარმენი: რა თქმა უნდა, ფეინთები და ცრუ მოძრაობები აქამდეც არსებობდა, ჩვენ უბრალოდ ამათი პოპულარიზაცია შევძელით. შემდეგ კი სხვებსაც მოუწიათ ამის სწავლა.

She Loves The Gloves: კი ბატონო. თქვენ ამ ტექნიკას განსაკუთრებით ეფექტურად იყენებთ. ვოლკანოვსკი ვახსენეთ და მოდი, ბარემ ალექსით გავაგრძელოთ. ვიცი, რომ ის ბოლო დროს უმეტესწილად ავსტრალიაში ვარჯიშობს. ბრძოლისთვის მოსამზადებლად, ანუ ე.წ. fight camp-ებისთვის თქვენთან კიდევ ჩამოდის? 

ბეარმენი: ბოლო წლებში ალექსთან ჩემი მუშაობა უმეტესწილად ბრძოლის გეგმის და სტრატეგიის შემუშავებას ეთმობა. ადრე ჩამოსვლა უფრო ხშირად უწევდა. ახლა შვილები ჰყავს, ოჯახი, პასუხისმგებლობები დაემატა. შესაბამისად, სხვანაირად ვმუშაობთ. მის სპარინგის ვიდეოებს ვუყურებ და ვაანალიზებ ოპონენტების ბრძოლებსაც, ჩვენი გუნდის წევრები კი ავსტრალიაში ჩადიან და მომზადებაში ეხმარებიან. ესეც იმ ფინანსური მდგრადობის პლუსია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ: შეუძლია ოჯახი აღარ მიატოვოს - ამის ნაცვლად, თანაგუნდელების ფრენა და დასარჩენი ადგილი უზრუნველყოს და სახლთან ახლოს მოემზადოს ბრძოლებისთვის.

'როდესაც ბრძოლაში ერთი შესაძლებლობა ქრება, სადღაც სხვაგან აუცილებლად ჩნდება მეორე.'

She Loves The Gloves: ალექსის ბრძოლების სიხშირის გათვალისწინებით, წარმომიდგენია, რამდენად დიდი კომფორტია ეს მისთვის, თუნდაც, მენტალურად… მაგრამ, მოდი, მთავარს შევეხოთ: ერთ თვეში შენს სპორტსმენს ჩემი ქვეყნის წარმომადგენელთან, ილია თოფურიასთან ბრძოლა უწევს. საქართველოსთვის ეს UFC-ს ჩემპიონობის პირველი შანსია, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს…

ბეარმენი: რამდენნი ხართ?

She Loves The Gloves: დაახლოებით 3,5 მილიონი.

ბეარმენი: ოჰო, ჩვენზე პატარა ქვეყანა ყოფილხართ. რა თქმა უნდა, მესმის, რასაც ამბობ.

She Loves The Gloves: მე კი ის მესმის, რომ ყველაფერს ვერ მეტყვი, მაგრამ იქნებ გამიზიარო, რას ფიქრობ მაგ ბრძოლაზე და კერძოდ ილიაზე?

ბეარმენი: უპირველეს ყოვლისა, ილია ბრწყინვალე მებრძოლია. ყველაზე საინტერესოდ ის მიმაჩნია, თავიდან UFC-ს რომ შეუერთდა, ოპონენტები მის გრეპლინგზე ნერვიულობდნენ: “არ უნდა მივცე შანსი, ბრძოლა პარტერში გადაიყვანოს”. ამისთვის კარგი მიზეზიც ჰქონდათ - თოფურიას ჯიუ-ჯიცუში შავი ქამარი აქვს. მაგრამ ბოლო ბრძოლების შემდეგ, ყველა მის სტრაიკინგზე ალაპარაკდა. დიდი ძალა აქვს. მომწონს მისი მარჯვენა პირდაპირი და მარცხენა ჰუკი, ამით დივიზიონის ტოპშია. მგონია, რომ ილიამ და მისმა გუნდმა მისთვის ძალიან კარგი სტილი შეარჩიეს, რომელიც მისი ძლიერი მხარეების გარშემოა აწყობილი.

She Loves The Gloves: სულ ესაა? კაი რა, რამე უფრო კონკრეტული მითხარი!

ბეარმენი: (ხმამაღლა იცინის) კაი, გულწრფელად გეტყვი: არსებობს 1000 რამ, რაც შეიძლება ოპონენტში შეამჩნიო. ცუდი ჩვევები, ინსტინქტები და ა.შ. როგორც მწვრთნელი, ამ დეტალებზე ფოკუსირდები და გეგმის შემუშავებისას ცდილობ, შენი მებრძოლის სასარგებლოდ გამოიყენო. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მეორე გუნდიც გაუმჯობესებას ცდილობს. ამიტომ ის დეტალები, რომლებსაც ვამჩნევ და ვთვლი, რომ გამოყენება შეგვიძლია, ბრძოლაში შეიძლება ვეღარც დავინახოთ. მაგრამ, როდესაც ერთი შესაძლებლობა ქრება, სადღაც სხვაგან აუცილებლად ჩნდება მეორე. ჩვენი მთავარი მიზანიც იმ თავდაპირველი შეცდომების აღმოჩენა კი არაა, არამედ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუ ეს შეცდომები აღარ დაგხვდება. ესაა ბრძოლაში მთავარი: ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება სხვა პრობლემას ჰქმნის. ჩვენი მთავარი ფილოსოფიაც ეგაა, რომ ამ “მეორე დონის” პრობლემაზეც ვიფიქროთ. ანუ, თუ კემპის დროს მეტოქის კონკრეტული სისუსტისთვის ემზადებოდი, რომელიც ბრძოლაში აღარ გამოჩნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილად მოემზადე. უბრალოდ უნდა იფიქრო, ამ სისუსტის გაქრობა, სხვა რის შანსს გიქმნის.

She Loves The Gloves: სასწაულ რაღაცებს მეუბნები! და ახლა კიდევ უფრო კარგად ვხვდები, თუ რატომ იყო თუნდაც ვოლკის და ჰოლოვეის მესამე ბრძოლა ისეთი, როგორიც იყო… და როგორ მოახერხეთ მისთვის ასეთი სრულყოფილი გეგმის შედგენა.

ბეარმენი: ზუსტად. სამი ბრძოლა - სამი სხვადასხვა გეგმა. რევანშები კარგია, მაგრამ ტრილოგიები არ მიყვარს. პირველი და მეორე ბრძოლისთვის გეგმა ვარაუდებზე იყო შედგენილი. მესამე მატჩისთვის კი უკვე იმდენი ინფორმაცია გაქვს დაგროვებული, თითქმის ზუსტად იცი, მეტოქე რას გააკეთებს. ჩემი გამოცდილებით, მესამე ბრძოლაში ან ის მოხდებოდა, რაც მოხდა - ვოლკანოვსკი დომინანტურად მოიგებდა - ან მაქსის გუნდი იმავეს მოახერხებდა და დომინანტურად წავაგებდით. ამ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს ველოდი. ძალიან კარგი გუნდი ჰყავს ჰოლოვეის… თუმცა, ალექსის გენიალურობაც სწორად ამ ბრძოლაში გამოჩნდა.

She Loves The Gloves: არადა, მაყურებელთა უმეტესობაც, ალბათ, მესამე ბრძოლისგანაც იმავეს ელოდა, რაც პირველ ორში ნახა - ახლო შეჯიბრს. 

ბეარმენი: კი, ლოგიკური მოლოდინია, მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, სხვანაირად ხდება. და ამისთვის მზად ვიყავით.

She Loves The Gloves: კარგი, მაშინ იზის და პერეირას MMA-ში მესამე ბრძოლა ოდესმე თუ შედგა, ეს ლოგიკა აქაც იმუშავებს, თუ კიკბოქსინგში იმხელა წარსული აქვთ, “მესამე ბრძოლის წესი” ვეღარ იმოქმედებს?

ბეარმენი: ოჰ, ისინი კიდევ უარეს მდგომარეობაში არიან. მათი შემდეგი ბრძოლა ოდესმე თუ შედგა, იმაში უბრალოდ ყველაფერი უნდა ჩადონ, რადგან საბოლოო გამარჯვებულს სწორედ ეს ბრძოლა გამოავლენს. ანუ, “ჩემი ძალის 100% შენი ძალის 100% წინააღმდეგ და ვნახოთ, ბოლოს ვინ გადარჩება”. ამ პოზიციაში მყოფი მებრძოლების საერთოდ არ მშურს.

She Loves The Gloves: სამაგიეროდ, ამ დაპირისპირებით როგორი არაჩვეულებრივი ისტორია მივიღეთ!

ბეარმენი: სასწაული ისტორიაა, ნამდვილად. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ალექსი UFC-ში იასპარეზებდა. იმიტომ კი არა, რომ ცუდი მებრძოლია. კიკბოქსინგში კარგი შემოსავლის მიღება ძალიან რთულია და ორივემ, იზიმაც და ალექსმაც ეს სირთულეები გამოიარეს. მე და იზიმ ასე თუ ისე ყოველთვის ვიცოდით, რომ UFC-სკენ მივდიოდით და იმ ფინანსური თავისუფლებისკენ, რომელსაც ის გვპირდებოდა. უბრალოდ, არასდროს მიფიქრია, რომ ალექსი იმავეს გეგმავდა. 

თუმცა, ბუნებრივია: ისრაელმა UFC-ში წარმატებას მიაღწია, გახდა ცნობილი, ალექსმაც ეს ნახა და ალბათ, იფიქრა: რატომ ვერ უნდა შევძლო იგივე? ისრაელის წარმატება შთაგონებისთვის გამოიყენა და ძალიან საინტერესო სტრატეგია შეარჩია - ისრაელთან წარსულით ისარგებლა (კარგი გაგებით) და მისი მიღწევების ინერციას გაჰყვა. კიდევ ერთხელ: არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. მაგრამ, ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ისრაელთან წარსულის გარეშე, MMA-ში ალექსის კარიერა ასე სწრაფად ვერ განვითარდებოდა.

'ყოველთვის მჯეროდა, რომ ისრაელი უკეთესი მებრძოლი იყო. მაგრამ ხმამაღლა ეს რანაირად უნდა მეთქვა, როდესაც სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ შედეგი ერთი და იგივე იყო.'

She Loves The Gloves: რა თქმა უნდა. მე-4 ბრძოლაში UFC- ს ტიტულზე იჩხუბო, გაუგონარი ამბავია!

ბეარმენი: სასწაულია, რამდენი რამ დაემთხვა ერთმანეთს, ამ ორი სპორსმენტის ამბავი ასე რომ დალაგებულიყო. წარმოიდგინე: ისრაელი ამხელა ვარსკვლავი რომ არ გამხდარიყო, ალექსის ისტორიაც ვერ იარსებებდა... თუმცა, არა, მასეც ვერ იტყვი. ალექსი სასწაული სპორტსმენია და ვინ იცის, შეიძლება ჩვეულებრივი გზით მაინც გამხდარიყო ჩემპიონი. მაგრამ ასე მარტივად ვერა. შენც კარგად იცი, UFC-ს უყვარს კიკბოქსინგიდან გადმოსული სპორტსმენების “შემოწმება” და ხშირად ბრძოლებს მოჭიდავეებთან უნიშნავენ. ალექსს ეს არ გამოუვლია - ისრაელამდე 3 არაფრით განსაკუთრებულ მეტოქეს შეხვდა. უფრო სწორად, ორს და შონ სტრიკლენდს (იცინის). შემდეგ ბრძოლაში კი ისრაელს ბოლო რაუნდში ამარცხებს და ჩემპიონი ხდება - რომც მოგინდეს, უკეთეს ამბავს ვერ მოიგონებ. კი, ჩვენი მეტოქეა და ცხადია, მის მიმართ მიკერძოებული ვარ, მაგრამ სულაც არ მიჭირს იმის აღიარება, რომ სასწაული გააკეთა.

She Loves The Gloves: კი, მაგრამ ამ მარცხმა ისრაელის ისტორიაში ახალი თავი შექმნა და ის, როგორც ათლეტი, ახალ საფეხურზე აიყვანა. აქტიურად ვაკვირდებოდი მეორე ბრძოლისთვის მომზადებას და ვიცი, რომ ძალიან რთული კემპი გამოიარეთ. რა იგრძენი, როდესაც, როგორც იქნა, პერეირა დაამარცხეთ?

ბეარმენი: ყოველთვის მჯეროდა, რომ ისრაელი უკეთესი მებრძოლი იყო. მაგრამ ხმამაღლა ეს რანაირად უნდა მეთქვა, როდესაც სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ შედეგი ერთი და იგივე იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ტექნიკურად უკეთესი მებრძოლი რომელია. თუ იზი ასეთი ტექნიკური და კარგი იყო, მაშინ ალექსმა ორჯერ რანაირად გამოიჭირა? ფაქტია - ვერ ვამბობდი, რომ იყო, რადგან ამის საპასუხო არგუმენტი ყოველთვის ის იყო, რომ მაშინ, ის დარტყმებიც უნდა აეცილებინა. ესაა ჩვენი სპორტის მთავარი პარადოქსი. 

მაგრამ, როგორც ვთქვი, ვიცოდი, რომ ისრაელი უკეთესი მებრძოლი იყო. მაგრამ ამის დასამტკიცებლად სწორი მიდგომა გვჭირდებოდა. ამიტომაც, სამი წაგების მიუხედავად, მეოთხე ბრძოლაშიც თავდაჯერებით მივდიოდით. სამივე მატჩის მიმდინარეობას თითქმის სრულიად ისრაელი აკონტროლებდა. თუმცა, რადგან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მეოთხეში ყველაფერი იდეალურად უნდა გაგვეკეთებინა - მომზადების დროსაც და თავად ბრძოლაშიც. რაც მოვახერხეთ.

She Loves The Gloves: მაგრამ, როგორც ცხოვრებაში ხდება, ყველაზე დიდ ტრიუმფსაც ხშირად წარუმატებლობა მოჰყვება… შონ სტრიკლენდთან წაგებაზე მინდა ვისაუბროთ. ვიცი, ამაზე ბრძოლის შემდეგ უკვე ილაპარაკე. მაგრამ, ამის შემდეგ თითქმის 4 თვე გავიდა და ახლა როგორ ფიქრობ, რა მოხდა მაგ ბრძოლაში?

ბეარმენი: ამ კითხვას ცოტა ფრთხილად უნდა ვუპასუხო, რადგან სტრიკლენდთან მომავალში რემატჩი გვსურს და გვირჩევნია, ეს მომავალი ახლო იყოს და არა შორეული. მთავარი რამ, რაც ადამიანებმა უნდა გაიაზრონ და თავისთვის გადაწყვიტონ არის შემდეგი: რა იყო შონ სტრიკლენდის წარმატების მთავარი ფაქტორი - ის, რაც თავად შონმა გააკეთა? თუ ის, რაც არ გააკეთა ისრაელ ადესანიამ? 

როგორც გუნდმა, ვიცით, რა მოხდა. საბედნიეროდ, ისრაელ ადესანიას კარიერაში 100-ზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული. რა თქმა უნდა, ყველა ოპონენტი განსხვავდება და ორი ერთნაირი მებრძოლი არ არსებობს. მაგრამ ისრაელს აქამდე ყველა სტილის ოპონენტთან შეხება ჰქონია. მათ შორის იმათთანაც, ვისაც სტრიკლენდის მსგავსი სტილი ჰქონდათ - იგივე არა, მაგრამ მსგავსი. ამიტომ, საკმარისია უბრალოდ იმ ბრძოლებს უყურო და ნახო, როგორი გამოსვლები ჰქონდა ისრაელს ამ ადამიანებთან და რა შედეგით დამთავრდა.

შეგვიძლია ვისხდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შონ სტრიკლენდს რაღაც ჯადოსნური და აქამდე არნახული უნარები და გეგმა ჰქონდა… ან ამ ბრძოლას სხვანაირად მივუდგეთ და სწორი კითხვები დავსვათ. საბოლოო ჯამში, ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ფანებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის და რას დაუჯერონ. მაგრამ მე, როგორც მწვრთნელს, რევანში მინდა. მინდა დავამტკიცოთ, რომ ამ სტილის მებრძოლის დამარცხება შეგვიძლია და დავამსხვრიოთ ის ლეგენდა, რომ შონ სტრიკლენდი რაღაც ჯადოსნური მებრძოლია. არ ვამბობ, რომ კარგი მებრძოლი არაა. მაგრამ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც აქამდე არ გვინახავს. რევანშში გამოჩნდება, რომ პირველი ბრძოლის შედეგი სხვა ფაქტორებმა განაპირობა. რაც, რა თქმა უნდა, მეორე ბრძოლას ფანებისთვის უფრო საინტერესოს ხდის.

She Loves The Gloves: ამ ფაქტორებსაც შევეხოთ. ისრაელს ჩემპიონისთვის არნახულად აქტიური გრაფიკი ჰქონდა - 4 წელიწადში 10 მატჩი. რამდენად სწორია ვარაუდი, რომ ამდენი ბრძოლით უბრალოდ “გადაიწვა”?

ბეარმენი: არა, ისრაელი ბრძოლებით არ იღლება და არ “იწვება”. იღლება იმით, რაც ბრძოლებს შორის ხდება. იმისთვის, რომ ელიტარულ დონეზე ქამარი შეინარჩუნო, კონკრეტული ცხოვრებით უნდა იცხოვრო. უნდა იყო ფოკუსირებული არა მხოლოდ ვარჯიშსა და მომავალ ბრძოლაზე, არამედ, შემდეგ 3 ბრძოლაზეც. არ უნდა იჯდე და ელოდო, სანამ UFC-დან დაგირეკავენ და შემდეგ ოპონენტს შემოგთავაზებენ, რომ მომზადება დაიწყო და პროფესიონალური ათლეტის ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდე. ეს რეჟიმი სულ უნდა შეინარჩუნო. თავად ისრაელი, ალბათ, არ დამეთანხმება, კამათს დაიწყებს და სხვა რამეს გეტყვის. თუმცა, ეს ჩემი, როგორც მწვრთნელის, აზრია. ისრაელი რამეში იშვიათად მეთანხმება, მაგრამ, როგორც წესი, მართალი ისევ მე ვრჩები ხოლმე. (იცინის)

She Loves The Gloves: ძალიან მიყვარს თქვენი ურთიერთობის დინამიკა. სწორად ვხვდები: შენთვის ამ მომენტისთვის სტრიკლენდთან რევანში პრიორიტეტულია? თუ ახალ გამოწვევას ისურვებდი, როგორიც, მაგალითად, დრიკუს დუპლესია?

ბეარმენი: პირადად მე, სტრიკლენდთან რევანში მინდა. დარწმუნებული ვარ, ისრაელს, როგორც სპორტსმენს, იგივე სურს. საინტერესო ისტორიაა, ინტრიგაც არსებობს, თან წაგების შემდეგ, ჩემი აზრით, რაღაცები დასამტკიცებელიც გვაქვს. სხვებისთვის კი არა - ისევ და ისევ ჩვენი თავებისთვის. 

She Loves The Gloves: გასაგებია. სტრიკლენდ-დუპლესის საჩემპიონო ბრძოლამდე ცოტა დრო რჩება და ვის მიიჩნევ ფავორიტად?

ბეარმენი: ისევ შონისკენ ვიხრები. ჩემთვის უფრო ადვილია ვისაუბრო იმ ადამიანებზე, ვისაც უკვე შევხვედრილვართ და ვისთვისაც ვემზადებოდით, თუმცა, DDP-ზე იმის თქმა შემიძლია, რომ ფიზიკურად ძლიერია, პლუს უცნაური სტილი და ბრძოლის რიტმი აქვს. ბევრი მწვრთნელი დუპლესის ამ უცნაურობის “გამოსწორებას” ეცდებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, არა მისი გუნდი. მისი ბრძოლის სტილი ამ თავისებურების გარშემო ააწყვეს და ეს უცნაურობაც ძლიერ მხარედ აქციეს. რაც ნებისმიერ კარგ გუნდს ახასიათებს. როგორც ზემოთ ვახსენე, თოფურიას გუნდმაც მსგავსი რამ გააკეთა. 

She Loves The Gloves: თოფურიასთან ბრძოლას კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდეთ. რამდენად დიდ როლს ითამაშებს ისლამთან მეორე ბრძოლა თებერვლის მატჩზე? არ მინდა, ისე მოხდეს, რომ ილიას მოგების შემთხვევაში, ეს შედეგი ისლამთან რევანშს მიაწერონ.

ბეარმენი: ისლამთან მეორე ბრძოლას სერიოზულად არასდროს ვუყურებდი. ამ ბრძოლის წინააღმდეგი ვიყავი, რაც ღიად მითქვამს. 

She Loves The Gloves: მართლა? მე კი მეგონა, რომ ვინმეს ამ პირობებში გამარჯვება თუ შეეძლო, ვოლკი იყო…

ბეარმენი: ვოლკანოვსკი დიდი მებრძოლია, მაგრამ გარკვეული რაციონალურობა ხომ უნდა შეინარჩუნო. პირველი ბრძოლისთვის 12 კვირა ვემზადებოდით და კი, შეიძლება ვიდავოთ, რომ მოვიგეთ კიდეც. თუმცა, რეალური შედეგი ხომ სხვა იყო? ფაქტია: ის, რაც მაშინ გავაკეთეთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. იმის მოლოდინი, რომ ერთკვირიანი მომზადებით უკეთეს შედეგს მივიღებთ, არარეალური იყო. სხვა ვითარებაში, რა თქმა უნდა, სხვა აზრზე ვიქნებოდი.

She Loves The Gloves: ვითარებაში ვოლკანოვსკის ხელზე ოპერაციას გულისხმობ?

ბეარმენი: არა მხოლოდ. სალაშქროდ იყო წასული, როდესაც UFC-დან დაურეკეს და ბრძოლა შესთავაზეს. სავარჯიშო დარბაზთან ახლოსაც კი არა, სადღაც ტყეში ქარავანში იყო. რაც ალექსისთვის ძალიან იშვიათია - თითქმის მუდმივად ფორმაშია და სულ ვარჯიშობს.

'იზიც და ვოლკანოვსკიც დიდი მებრძოლები არიან, თუმცა, დროსთან ბრძოლაში ორივე დამარცხდება. ეს გარდაუვალია.'

She Loves The Gloves: სხვა დროს შანსი ექნებოდა ასეთ short notice-ზე?

ბეარმენი: შანსი ექნებოდა, რა თქმა უნდა. იმ მომენტისთვის კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ მაინც რომ ევლო დარბაზში, როგორც ისედაც დადის ხოლმე, სულ სხვა აზრზე ვიქნებოდი. მაგრამ ამ წინაპირობებით, ჩემი აზრით, შანსი არ ჰქონდა. თან, როგორც ვთქვი, ვთვლი, რომ ისლამს MMA-სთვის ყველაზე ეფექტური სტილი აქვს. 

ამ ამბავში მთავარი ტრაგედია პირადად ჩემთვის სწორედ ისაა, რომ რევანშის წესიერ პირობებში ჩატარების შემთხვევაში, იმაზე უკეთესს პერფორმანსს დავდებდით, ვიდრე პირველ ბრძოლაში. ძალიან მინდოდა, სათანადო მომზადებით, კიდევ ერთხელ გვეცადა. ახლა კი, ისლამთან ბრძოლის კიდევ ერთ შანსს ვეღარასდროს მივიღებთ. ყველაზე მეტად ეს მწყინს. თუმცა, მესმის, რატომაც დათანხმდა ალექსი ამ ბრძოლას. 

She Loves The Gloves: ეგონა, რომ ეს მისი “მაიკლ ბისპინგის მომენტი” იყო?

ბეარმენი: სულაც არა. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა მებრძოლს თავისი მოტივაცია აქვს - რისთვის იბრძვის და რა სურს. თუმცა, არსებობს საერთო მიზეზიც: ბრძოლით ოჯახებს არჩენენ და მათ მომავალს უზრუნველყოფენ. არ ვიცი, ეს საჯაროდ რამდენად დაიწერა, მაგრამ ამ ბრძოლაზე თანხმობის დროს ალექსანდრმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბრძოლაზე მხოლოდ ერთი დიდი ჰონორარის გამო კი არ დათანხმდა. წინასთან შედარებით, ყველა მისი მომავალი ბრძოლა საგრძნობლად კარგ პირობებზე ჩატარდება. ამ თვალსაზრისით მისი გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მისაღები იყო.

She Loves The Gloves: ფინანსური თვალსაზრისით ეთანხმებოდი, თუმცა კარიერული გადმოსახედიდან - არა. სწორად მესმის?

ბეარმენი: აბსოლუტურად. შეჯიბრის თვალსაზრისით პირდაპირ ვუთხარი - დაივიწყე-თქო. რა თქმა უნდა, როგორც გუნდი, გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზამთ და ამ ერთ კვირაში საუკეთესოდ მოგამზადებთ. თუმცა, რეალისტურად, შანსი თითქმის არ გვაქვს. ამავდროულად, თუ ეს, ეს ან ეს შემოგთავაზეს, კი ბატონო, დაფიქრებად ღირს. როგორც მწვრთნელი, ყველაფერს გავაკეთებ და ამ ერთ კვირაში ისეთ გეგმას შევადგენ, რომელიც ჩვენი გამარჯვების შანსებს მაქსიმალურად გაზრდის. 

ეგრეც მოხდა, კარგი შეთავაზება გაუკეთეს და ბრძოლას დათანხმდა. აბუ-დაბიში ვერც კი ჩავედი - ფიზიკურად ვერ მოვასწარი გათავისუფლება, ისე მალე მოხდა ყველაფერი. არც ბრძოლისთვის მიყურებია - ძალიან მეშინოდა იმის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. 

She Loves The Gloves: და ალბათ, ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა…

ბეარმენი: რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, სწორედ ის მოხდა. ძალიან არ მინდოდა, მართალი აღმოვჩენილიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოვჩნდი. ისევ და ისევ, მთელი გულით მჯერა, რომ ნებისმიერ სხვა პერიოდში, თუნდაც short notice-ზე, სულ სხვანაირ შედეგს დავდებდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ისლამის უნარებიც დასაფასებელია. მახაჩევი არაჩვეულებრივი მებრძოლია და ეს გამარჯვება მისი დამსახურებაცაა. უბრალოდ, ძალიან მწყინს, რომ ეს ამბავი ასე დამთავრდა. თუმცა, ამაში დადებითიც არსებობს: ის თავი ჩავხურეთ და ახლა ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით - თოფურიას სახით.

She Loves The Gloves: შენი აზრით, საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ვოლკანოვსკიმ ნოკაუტის შემდეგ სათანადო რეაბილიტაცია მოასწროს?

ბეარმენი: მგონია, რომ კი. სამედიცინო გამოკვლევებმა დადებითი შედეგი გვაჩვენა. ალექსმაც იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თებერვალში საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს და აკეთებს კიდეც.

მაგრამ სინამდვილეში, ვოლკანოვსკიც და ადესანიაც ახლა ყველაზე სახიფათო მეტოქეს ებრძვიან: დროს. ისრაელი ამ პოზიციაში ახლა აღმოჩნდა, თუმცა, ალექსი უკვე კარგა ხანია ამ ომშია ჩართული. ამ სპორტში საკმარისი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. ერთ დღეს 35 წლის ხარ, მაგრამ კვლავ 25 წლის ათლეტივით იბრძვი. მეორე დღეს კი გაიღვიძებ და ასაკი ერთდროულად ყველა ასპექტში დაგეტყობა. ამას ვერ გაექცევი და ვერანაირი რეფლექსების ან სისწრაფის სავარჯიშოებით უშველი. ამ პროცესის მხოლოდ შენელებაა შესაძლებელი. არა იმით, რას აკეთებ ოქტაგონზე, არამედ იმით, რასაც წლების მანძილზე მის გარეთ აკეთებდი: ცხოვრების სწორი სტილი, დასვენება და ასე შემდეგ. 

იზიც და ვოლკანოვსკიც დიდი მებრძოლები არიან, თუმცა, დროსთან ბრძოლაში ორივე დამარცხდება. ეს გარდაუვალია. ერთადერთი, რაც არ ვიცით - როდის და ამას უკვე მომავალი გვაჩვენებს.

She Loves The Gloves: იუჯინ, უდიდესი მადლობა ინტერვიუსთვის. დარწმუნებული ვარ, ქართველი მკითხველი ამ საუბრიდან უამრავ ახალს გაიგებს. მე - ნამდვილად გავიგე. თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალური პროგნოზის გარეშე ვერ გაგიშვებ. რით დამთავრდება თოფურიას და ვოლკანოვსკის დაპირისპირება?

ბეარმენი: ვფიქრობ, ვოლკანოვსკი მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს. ილია ძალიან კარგი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ, მისი დრო მოვა. თუმცა, 17 თებერვალი, ჯერჯერობით, ალექსანდრ ვოლკანოვსკისაა.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები