Thumbnail

'მივესალმებით გურამის გამბედაობას' - უეფამ კაშია სპეციალური პრიზით დააჯილდოვა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფამ გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი დააფასა
  • ქართველ ფეხბურთელს 30 აგვისტოს მონაკოში დააჯილოდვებენ
პრიზს კაშია 30 აგვისტოს მონაკოში მიიღებს

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უეფამ სპეციალური, Equal Game-ის პრიზით დააჯილდოვა. უეფამ ეს ტიტული 2018 წელს დააწესა და ქართველი ფეხბურთელი მისი პირველი მფლობელია.

ამიერიდან, Equal Game-იდ ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციისთვის. გურამ კაშიას ჯილდოს 30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისა და საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილოდვების ცერემონიალზე გადასცემენ. 

გასულ სეზონში ჰოლანდიურ ვიტესში ასპარეზობისას გუნდის ქართველმა კაპიტანმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. ერთ-ერთ ტურში ჰოლანდიის ჩემპიონატის ყველა გუნდის კაპიტნებმა ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლაურები გაიკეთეს, მათ შორის კაშიამაც, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. 

სხვა კაპიტნებისგან განსხვავებით, კაშიას ამ საქციელს სამშობლოში საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოყვა. მაშინ ზოგიერთი კაშიას ნაკრებიდან მოკვეთასაც კი ითხოვდა. ამის მიუხედავად თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ამ საქციელს. რითაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება და დადებითი რეაქცია დაიმსახურა.

სფფ-მ და პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას საჯაროდ დაუჭირა მხარი. ახლა კი მის საქციელს უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი გამოეხმაურა:

"როგორც სპორტის უდიდესი სახეობაას, თანამედროვე მსოფლიოში ფეხბურთს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, სოციალურ ყოფაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი იკისროს. სწორედ ამიტომ, წლეულს, ისტორიაში პირველად ვაწესებთ Equal Game-ის ჯილდოს. რომელიც გადაეცემა ინდივიდუალს, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ჩართულობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციისთვის. ეს ფეხბურთელია გურამ კაშია.

მივესალმები გურამ კაშიას გამბედაობასა და სიმტკიცეს, როცა ის მკაცრადა გააკრიტიკეს ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი სამკლაურის გაკეთებისთვის, რომლითაც მან მხარი დაუჭირა ლგბტ საზოგადოებას. მისი ქმედება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა უეფას ეს ჯილდო, რომელსაც თვის ბოლოს გადავცემთ".

გურამ კაშია: "მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო უეფას პრეზიდენტ ალექსანდ ჩეფერინს. მე მჯერა ადამიანთა თანასწორობისა და მათი თანაბარი უფლებების და ამ პრინციპებს ყოველთვის დავიცავ".

უეფას Equal Game-ის ჯილდო ასახავს უეფას მიერ წამოწყებული კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობის, რელიგიის, სოციალური მდგომარეობის, ასაკის, სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა. 

კომენტარები

ბოლო ამბები