Thumbnail
  • მანჩესტერის კრიზისი ფერგიუსონის წასვლამ განაპირობა - მისი ფუნქცია ვერავინ შეითავსა
  • ფერგიუსონი იუნაიტედს ბევრი წელი ერთპიროვნულად მართავდა
  • გლეიზერების ხელში იუნაიტედს მმართველობის პრობლემა ჰქონდა
  • სერ ჯიმ რეტკლიფს შეუძლია ის სიცარიელე შეავსოს, რომელიც ფერგიმ დატოვა

სერ ალექს ფერგიუსონს თავის წიგნში აქვს ძალიან საინტერესო მოგონება: აღწერს 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, გასახდელს შესვენებაზე. იხსენებს, რამდენად განსხვავებულები იყვნენ მისი მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი. როდესაც მატჩის არბიტრმა, ლუბოშ მიხელმა დაუსტვინა და გუნდებს მეორე ტაიმში გამოსვლის ნიშანი მისცა, ორივე გუნდი განსხვავებულად იქცეოდა. იუნაიტედი ერთად, გუნდურად, დროულად, ორგანიზებულად გავიდა. ფერგისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აჩვენებდა, თუ რამდენად შეკრული, ორგანიზებული და დისციპლინირებული იყო მისი გუნდი - ყველა ერთად და თავის დროზე გავდივართ.

ჩელსის მოთამაშეები მთელს გასახდელში გაფანტულები იყვნენ - ზოგი გასახდელში იჯდა, ზოგი ტუალეტში, ზოგი ადრე გამოვიდა, ზოგი - გვიან. იდეაში, იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იუნაიტედი უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ჩელსი. მანჩესტერმა მაშინ ძალიან თანაბარი ფინალი მხოლოდ პენალტებით მოიგო. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, თუ რამდენად განსხვავებული ხასიათი, სტილი და ქცევის ნორმა ჰქონდათ. ფერგის იუნაიტედი იყო დისციპლინა, გუნდურობა, წესრიგი და კოლექტიურობა, ჩელსის კი, უფრო ვარსკვლავური და ინდივიდუალისტური სტილი ჰქონდა. არც არის გასაკვირი - მანჩესტერი ისტორიულად ბიზნესის, საწარმოების და ინდუსტრიების ქალაქია და წესრიგი, დისციპლინა და უბრალოება სისხლში აქვთ, მაშინ როცა ჩელსი არისტოკრატულ და მდიდარ დასავლეთ ლონდონს განასახიერებს.

ფერგის ეს მოგონება საინტერესოა, რადგან თამაშის შიდა, გასახდელის დეტალებს კარგად აღწერს. მისი თქმით, შესვენება ის პერიოდია, როცა მსაჯს მოთამაშეებზე რეალური გავლენა აღარ აქვს. მან დაუსტვინა, მოთამაშეებს კი შეუძლიათ ამის შემდეგ სულაც 5 წუთის შემდეგ გამოვიდნენ, ისიც ალოდინონ და მეორე ტაიმიც ცოტა გვიან დაიწყოს. და ამ დროს რას იზამს მსაჯი?! რა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესვენებაზე შეყოვნებისათვის ყვითელს მისცემს ჯონ ტერის ან ფრენკ ლემპარდს?!

ვერ მისცემს. ამიტომაც, მსაჯებს არ უყვართ ეს მონაკვეთი, რადგან რეალურად გავლენა არ აქვთ, თავს დაუცველად გრძნობენ. იუნაიტედი სანიმუშოდ იქცეოდა, ჩელსის კი, თავად ფერგიუსონის სიტყვებით, საზიზღარი ქცევა ჰქონდა. ფერგიმ ეს ამბავი იმიტომ მოჰყვა, რომ მისი თქმით, ზუსტად იცოდა - თუკი ჩელსის რომელიმე მოთამაშე მსაჯს წითელი ბარათის მიცემის მიზეზს მისცემდა, ნერვებზე მოშლილი მსაჯი, მას არ დაინდობდა. ასეც მოხდა. დიდიე დროგბა გააგდეს, თანაც, არცთუ ისე ერთმნიშვნელოვან სიტუაციაში. არ ვიცი ფერგიუსონი რამდენად მართალია, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება და მოლოდინი, ფაქტია, რომ ზუსტად ახდა.

ფერგიმ იუნაიტედს ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ნემანია მატიჩის ინტერვიუს გადავაწყდი. სერბი 3 წელი ჩელსიში იყო და 5 წელი უკვე ფერგიუსონის შემდგომ დროინდელ მანჩესტერში გაატარა. მატიჩმა საინტერესო რამე თქვა: მან აღნიშნა, რომ მანჩესტერში მოთამაშეები ვარჯიშებზე ხშირად აგვიანებდნენ. განსაკუთრებით, სისტემატურად ამით ჯეიდონ სანჩო და პოლ პოგბა სცოდავდნენ მაშინ, როცა ჩელსიში ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულად და პროფესიულად (სიტყვა სიტყვით ასე თქვა) იყო.

ხვდებით ალბათ, საითკენ მივდივარ. 2008 წლის შემდეგ, 10 წელიწადში, ანუ ფერგიუსონის ეპოქასა და მის შემდგომ დროინდელ პერიოდს შორის, მანჩესტერი სრულად დეგრადირდა, სხვა კლუბად, სხვა ორგანიზაციად იქცა. დაგვიანება შეიძლება ვინმესთვის ყველაზე დიდი დანაშაული არ არის, თუმცა, ის კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ შეიცვალა ვითარება, სტილი, ხასიათი და ფასეულობები.

ამის ძირითადი მიზეზი რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ ვინ არის სერ ალექს ფერგიუსონი და იუნაიტედი, როგორც ორგანიზაცია, როგორ ფუნქციონირებდა. სერ ალექს ფერგიუსონი საერთოდ არ არის მწვრთნელი ამ პროფესიის კლასიკური გაგებით. ის 20 წელზე მეტი ერთპიროვნულად მართავდა მთელ კლუბს - ამ ორგანიზაციის ფაქტობრივი მენეჯერი და დირექტორი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ადრე დილიდან დაღამებამდე „კერინგტონში“, იუნაიტედის ბაზაზე იყო და კლუბის ცხოვრების ყველა დეტალს ხელმძღვანელობდა. მოთამაშეების შერჩევა, კონტრაქტები, პერსონალის მართვა, სკაუტინგი, ზოგადად, ადამიანების მართვა, რაც მენეჯმენტში ყველაზე რთული გამოწვევაა, მისი საქმე იყო. ეს ორგანიზაცია ფერგიუსონის ავტორიტეტზე, მის მენეჯმენტზე იდგა.

ფერგის საქმეებს შორის, ვარჯიშის გაძღოლა და ტაქტიკური დეტალები პირველხარისხოვანი ამოცანა ნამდვილად არ იყო. ასეთ ამბებს ის თავის დამხმარეებს ანდობდა - ფერგი ძირითად სტრატეგიას, გუნდის საერთო სტილს განსაზღვრავდა. მოთამაშეები აღწერენ ხოლმე, რომ ის თამაშის წინ ჩვეულებრივ 3-5 წუთი საუბრობდა, ვარჯიშის დროს კი ხშირად ტელეფონზე საუბრით აქეთ-იქით დადიოდა და ვარჯიშს შორიდან აკვირდებოდა.

მისი გენიალურობა ის იყო, რომ მან ყველაზე მაგრად იცოდა ყველაზე რთული საქმე - ადამიანების მართვა, სწორი ადამიანების სწორ პოზიციაზე შერჩევა, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა და კლუბში სამუშაო კულტურის შექმნა.

ამიტომ გაუძლო მან დროს. ფერგიუსონის გუნდები სრულიად განსხვავებულები იყვნენ - მას არ ჰქონდა დოგმატური, ტაქტიკური ფეხბურთი და შეხედულებები. 1999 წლის ტრიუმფატორი მანჩესტერი შემტევი, ლაღი, კლასიკური გაგებით ბრიტანული ფეხბურთის მოთამაშე გუნდი იყო. მოგებულ ლიგაზე სტაბილურად აკეთებდა 3:3-ებს და 3:2-ებს. სულ რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე 2008 წლის მანჩესტერს დაცვა და 1:0 ეხერხებოდა - უკან ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტი ჰყავდა. სრულიად სხვა ფეხბურთს თამაშობდა. ფერგი ტაქტიკურ სიახლეებს კი არა, მარადიულ სიბრძნეებს ფლობდა. ტაქტიკები ძველდება, ადამიანების მართვის უნარი კი - არა.

ამიტომ, როცა ის წავიდა, კლუბში ძალიან დიდი სიცარიელე დარჩა. სიცარიელე ყველაფრის - პირველ რიგში, მწვრთნელის კი არა, არამედ, უფრო მეტად, მენეჯერის, მმართველის, დირექტორის. ანუ ადამიანის, რომელმაც ყველაფერი იცოდა, ყველაფერს აგვარებდა და ყველაფერს მართავდა. ვინც ქმნიდა ამ კლუბს, მის სახეს, მის კულტურას, გარემოს.

იუნაიტედმა სცადა მენეჯერი შეეცვალა მწვრთნელით. ის ამას ახლაც ცდილობს. ბუნებრივია, აქედან კარგი არაფერი გამოდის. ამიტომ არის, რომ მანჩესტერში იმუშავა ყველანაირმა მწვრთნელმა: „შინაურმა“ კადრებმა - დევიდ მოიესმა და სულშერმა, სახელიანმა და ავტორიტეტულმა ხალხმა - ვან გაალმა და მოურინიომ, ტაქტიკოსებიც იყვნენ, როგორც რალფ რანგნიკი და ახლა ტენ ჰაგია, რომელიც ახალი თაობის, ინოვაციური ტაქტიკური მიდგომების მწვრთნელია, თან ხასიათს და სიმკაცრესაც არ უჩივის, სახელი და ავტორიტეტიც აქვს, თუმცა, შედეგი მაინც ერთი და იგივეა. იუნაიტედი არ ჰგავს იმ გუნდს, რომელსაც ფერგიუსონმა მიგვაჩვია. მწვრთნელი ვერ შეცვლის მენეჯერს. ეგ ამბავია. დანარჩენი ამის მერე უკვე დეტალებია.

ფერგის როლს სხვა მწვრთნელი ვერ მოირგებს - ამის კომპეტენცია, ქარიზმა და უფლებები არ ექნება. კლუბის მფლობელებს, გლეიზერების ოჯახს, იუნაიტედი, როგორც სპორტული ორგანიზაცია ნაკლებად ადარდებს. ისინი მართვაში მონაწილეობას მინიმალურად იღებენ და მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ მანჩესტერმა წლიდან წლამდე ფინანსური მოგება ნახოს. კლუბის მართვაში ბევრი წელია სრული ქაოსია - დირექტორები იცვლებიან, ზუსტად არავინ იცის, ვინ რა საქმეს კურირებს და სპორტული (და არა ფინანსური) თვალსაზრისით რამდენად კომპეტენტური ხალხია. ძირითადი პრობლემა ეს არის და ამ მიზეზის გამო იუნაიტედში მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც თავის უნარებს ვერ ავლენენ. მერე ზოგადად ორგანიზაციაშია სამუშაო კულტურა, განწყობა და სიტუაცია არეული. ეს თამაშზეც აისახება.

მოკლედ, ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელე ვერავინ შეავსო. გლეიზერების ეპოქაში, როცა მფლობელები ასე შორს არიან კლუბისგან, ალბათ, ვერც ვერავინ შეავსებდა. ამიტომ ჯიმ რეტკლიფის კლუბში მოსვლა ძალიან მაგარი ამბავია.

რეტკლიფი და ფერგიუსონი ერთად "ოლდ ტრაფორდზე"

სერ ჯიმ რეტკლიფი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. თავადაც მანჩესტერის მახლობლად არის დაბადებული და ბავშვობიდან იუნაიტედის ფანია. მან ამ კლუბის სული და კულტურა უნდა იცოდეს. ჩემი აზრით, ის რომ პოლ სქოულზია მისი საყვარელი მოთამაშე, იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთი და იუნაიტედი იცის და გრძნობს. რეტკლიფმა ჯერ იუნაიტედის მხოლოდ 25 პროცენტი იყიდა, თუმცა, მართვის უფლება მისია. გლეიზერებს იუნაიტედის მართვა არ ეხალისებათ, მაგრამ ფინანსურად მომგებიანი ორგანიზაციის გაყიდვა არ უნდათ. მით უმეტეს, მაშინ, როცა იუნაიტედის ფასი მუდამ იმატებს და პირობითად 5 წელიწადში კიდევ უფრო მეტი ეღირება. ამიტომ გლეიზერებმა რეტკლიფს მისცეს იუნაიტედის 25 პროცენტი და კლუბის მართვის უფლება, თავად კი მისი ძირითადი პაკეტის მფლობელებად დარჩნენ. ანუ ფინანსური მოგება მათი იქნება, სპორტული შედეგების გამო კი მათ აღარ გალანძღავენ.

რეტკლიფი ცნობილი იმით არის, რომ ძალიან მაგარი მენეჯერია. მისი მილიარდები ნავთობის ჭაბურღილების დაბადებიდან ფლობით და საეჭვო გარიგებებით არ მოსულა, ბიზნესით, ნიჭით და შრომით აქვს ნაშოვნი. მისი სტილი არის, რომ შეიძინოს ორგანიზაციები, კომპანიები, როდესაც მათ კრიზისი აქვთ, ცუდი დრო უდგათ, გაბანკროტების და დახურვის პირას არიან და შემდეგ ისინი თავისი მენეჯმენტის წყალობით მომგებიან კომპანიებად გარდაქმნას. ანუ ყიდულობს ქონებას, აქტივებს, მაშინ, როცა მათ დაბალი ფასი აქვთ და აქცევს მომგებიან ორგანიზაციებად. იდეაში, მანჩესტერ იუნაიტედთან მიმართებაშიც ზუსტად ეს ქნა.

ფერგიუსონის არ იყოს, მასაც თავისი კარიერა სულ ქვემოდან აქვს დაწყებული და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიოდა. ორივეს ბრიტანული უბრალოება, სიხისტე, პირდაპირობა და დისციპლინისადმი სიყვარული გამოარჩევთ. რეტკლიფის მართვის სტილი ხშირად გულისხმობს წამგებიანი და კრიზისში მყოფი ორგანიზაციების მასობრივ წმენდას, არასაჭირო თანამშრომლების გაშვებას, კომპაქტურ, მოქნილ და სხარტ ორგანიზაციად გარდაქმნას. რაც მას ყველაზე მეტად სძულს, ეს ბიუროკრატია, ბევრი ფიქრი და ყოყმანია. საქმის, სიხისტის და გადაწყვეტილების ადამაინია. ამის გამო ის ბევრს არ უყვარს კიდეც, თუმცა, ბიზნესში მისი მართვის სტილი აქამდე სულ წარმატებული იყო.

იუნაიტედის მფლობელობამდე მასზე არაფერი ვიცოდი, თუმცა, რასაც მასზე კითხულობ, თვალწინ წარმოგიდგება ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების სიმტკიცე და სიხისტე აქვს. სხვათა შორის, ეგ ფერგიუსონის მთავარი თვისებაც იყო.

სერ ჯიმ რეტკლიფი ბავშვობიდან იუნაიტედის გულშემატკივარია

თავადაც აზარტული ადამიანია - სამხრეთ პოლუსის თხილამურებით დალაშქვრიდან დაწყებული, მთებში უგრძელესი მარათონის სირბილით დამთავრებული, ყველაფერი გაუკეთებია. 71 წლის ასაკში მანჩესტერიც მისთვის დიდი აზარტი და გამოწვევაა. გლეიზერებისთვის ეს კლუბი მხოლოდ ბიზნეს-აქტივი იყო. იმას არ ვამტკიცებ, რომ გინდა თუ არა, რეტკლიფი მანჩესტერს აუცილებლად უშველის. ამის მტკიცება, ამ ეტაპზე ჯერ ადრეა. არასერიოზულია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მანჩესტერში, რომელსაც სწორედ მენეჯმენტის პრობლემა ჰქონდა, ზუსტადაც რომ მართვის და მენეჯმენტის სპეციალისტი მოდის. ეს საქმე მან ნამდვილად იცის. რეტკლიფს აქვს შანსი, რომ ის სიცარიელე, რომელიც ფერგიმ დატოვა, შეავსოს. გლეიზერებს ამის შანსი და სურვილი არ ჰქონდათ.

იუნაიტედის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა, იმდენად დიდი კლუბია, რომ შეუძლებელია მისი კრიზისი და დაცემა გიხაროდეს. ფეხბურთს ძლიერი მანჩესტერი სჭირდება. რეტკლიფთან ერთად ახალი სიცოცხლის და ძველი დიდების დაბრუნების შანსი ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე იყო. ზოგადად, ფეხბურთისთვის კარგია, თუ მანჩესტერ იუნაიტედი არა ნავთობის ფულის, ამერიკელი მილიარდელების ან დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების, არამედ, იუნაიტედის ბევრი წლის გულშემატკივრის, თავადაც მანჩესტერელის და ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის ხელში იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები