Thumbnail

rugger.info-ს ინფორმაციით, საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი თავკაცის, რიჩარდ კოკერილის ერთ-ერთი ასისტენტი სამხრეთაფრიკელი 45 წლის შონ სოუერბი იქნება. სოუერბის ბიარიცთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს დაუსრულდა და მას მერე ის უმუშევარია. კოკერილს სურს, სოუერბიმ შტაბში შერკინების მწვრთნელად იმუშაოს. 

შონ სოუერბიმ მთელი სარაგბო კარიერა საფრანგეთში გაატარა, სადაც სტად ფრანსეში, ტულუზსა და გრენობლში თამაშობდა. მას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 1 კეპი აქვს. მწვრთნელის რანგში მან ბიარიცი TOP 14-ში აღაზევა. 

Rugbypass-ის ცნობით, კოკერილის კიდევ ერთი ასისტენტი ირლანდიელი კონორ მაკფილიპსია. ყოფილი 9 ნომერი, მას ირლანდიის A ნაკრებში და შვიდკაცა ნაკრებში უთამაშია. 2009 წლიდან მწვრთნელობს. ბოლოს ბრისტოლ ბეარსში იყო ასისტენტად. ირლანდიელი ბეკების მწვრთნელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ კოკერილს "ბორჯღალოსნების" თავკაცის რანგში დებიუტი 4 თებერვალს ექნება, როდესაც საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის გათამაშების სასტარტო ტურში გერმანიაში ითამაშებს, შემდეგ კი 2 საშინაო მატჩია: ნიდერლანდებთანა (10 თებერვალს) და ესპანეთთან (17 თებერვალს). პარალელურად 52 წლის ინგლისელი სპეციალისტი შავ ლომსაც გაწვრთნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები