Thumbnail

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს: ნაპოლი სუპერთასის ფინალში მილანის ინტერს ეთამაშება. გასულ უიკენდზე გავრცელებული ცნობით, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ზაფხულიდან კვარას მწვრთნელი ნეაპოლში თვით ჟოზე მოურინიო გახდეს, რომელიც რომადან ახლახან გაათავისუფლეს. გიორგი მამარდაშვილს მორიგი მაგარი თამაში ჰქონდა ესპანეთის ჩემპიონატში, სერია A-ში კი განაცხადში მოხვდა ემპოლიში გადასული საბა გოგლიჩიძე. გარდა ამისა, ჟირონას და სევილიას მატჩში (5:1) ითამაშა 19 წლის ანტალ იაკობიშვილმა - 19 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომლის სიმაღლე 1.93 მეტრია. 


კვარა | დღეს ხვიჩას ფინალი აქვს

იტალიის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი დღეს ინტერს დაუპირისპირდება. ნახევარფინალი ორივემ იოლად მოიგო - მილანელებმა ლაციოსთან (3:0) და ნეაპოლელებმა ფიორენტინასთან (3:0). შაბათს, იტალიაში წერდნენ, რომ შესაძლოა, კვარა ფინალში ძირითად შემადგენლობაში არ იყოს, რადგან "ფიორენტინასთან მატჩში ძალიან გადაღლილი ჩანდა".

📋 | რა ითქვა და რა დაიწერა ფინალის წინ, წაიკითხეთ აქ.

ნაპოლი | მოურინიო კვარას მწვრთნელად?

ჟოზე მოურინიომ საუდის არაბეთში გადაბარგებასა და ალ-შაბაბის ჩაბარებაზე უარი თქვა. თითქოს, ეს ამბავი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ცნობებით, პორტუგალიელი საუდეთში არ დასაქმდება. ბრიტანული The Times-ის ცნობით, "განსაკუთრებულს" ჯერ კიდევ სურს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩაიბაროს და ევროპაში დარჩეს. პირველ რიგში, მას კვლავ იტალიის ჩემპიონატში მუშაობა უნდა. ხსენებული წყაროს ინფორმაციით, დიდი შანსია, მომდევნო კვირაში მოურინიო ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პირადად შეხვდეს, სადაც მხარეები შესაძლო თანამშრომლობის დეტალებსა და შესაძლებლობას განიხილავენ.

📋 | რა შანსია, რომ ჟოზე ხვიჩას მწვრთნელი გახდეს - წაიკითხეთ აქ.

მამარდა | ჩვენი მეკარის კიდევ ერთი მაგარი მატჩი

ესპანური ლა ლიგის 21-ე ტურის მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ვალენსიამ "მესტალიაზე" ბილბაოს ატლეტიკს 1:0 მოუგო. კვლავ (21-დან 21) შეუცვლელად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, ვინც ლა ლიგის სეზონში კარი მშრალად მეშვიდედ დაიცვა (სულ კარიერაში 22-ედ ესპანეთის ჩემპიონატში). ამით გიორგი შარშანდელი სეზონის მაჩვენებელს გაუტოლდა, არადა, სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ 17 ტური რჩება. მისი რეკორდი 8 მშრალი მატჩია სეზონში (პირველივე სეზონი ვალენსიაში), რომელსაც, დიდი ალბათობით, გიორგი მალე დაამხობს. მამარდას ანგარიშზე 3 "სეივია", რომელთაგანაც აღსანიშნავია 28-ე წუთის ეპიზოდი, როდესაც ნიკო ვილიამსს ბწყინვალე რეაქციით აუღო.

📋 | მამარდაშვილის "სეივები" და მისი თამაშის შეფასებები ნახეთ აქ.

გოგლიჩიძე | წარადგინეს და განაცხადშიც მოხვდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი იტალიურ ემპოლიში შაბათს ოფიციალურად დადასტურდა და კვირას 19 წლის ქართველი ფეხბურთელი უკვე სერია A-ს მატჩის განაცხადშიც იყო! ემპოლიში მან მე-2 ნომერი მიიღო, რაც ასევე აღსანიშნავი ამბავია. მართალია, მონცასთან თამაშის საშუალება არ მიეცა, მაგრამ ტრანსფერის დადასტურებიდან მეორე დღეს განაცხადში მოხვედრა უკვე მნიშვნელოვანი ამბავია. ემპოლიმ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და მონცა 3:0 დაამარცხა. გოგლიჩიძე, რომელიც ბოლოს ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა, იტალიის სერია A-ს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მასთან 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა - 2028 წლის 30 ივნისამდე.

კვიპროსი | დვალის გოლი და ქვილითაიას ასისტი

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში ნიქოზიის აპოელ-მა საკუთარ მოედანზე ოთელოსი 6:0 გაანადგურა, ერთი გოლი კი ლაშა დვალის აქტივშია. ქართველმა მცველმა, ისევე როგორც გიორგი ქვილითაიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარეს. დვალი 36-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და გატანაც მოახერხა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 4:0 გახადა. ქვილითაია საგოლე პასით გამოირჩა - სწორედ მისი გადაცემით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე ჟეფტემ.

კომენტარები

ბოლო ამბები