Thumbnail
  • She Loves The Gloves ახალ ზელანდიაში ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს შეხვდა
  • ისრაელ ადესანიამ სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად თავის მომავალზეც ისაუბრა
  • ექსკლუზიური ინტერვიუ The Last Stylebender-თან

2024 წლის 23 იანვარი, ახალი ზელანდია. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზაფხულია, ოკლენდში უმოწყალოდ წვიმს. ამ უჩვეულო მოვლენის საპასუხოდ, არანაკლებ უჩვეულოდ ვიქცევი: იმის ნაცვლად, რომ თავი მორნინგსაიდის უბნის რომელიმე მყუდრო კაფეში შევაფარო, MMA-ის ნახევრად გადახურულ, პავილიონივით დიდ დარბაზში ვზივარ.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოკლენდში გატარებული კვირების განმავლობაში, ამ შენობაში უფრო მეტჯერ ვარ ნამყოფი, ვიდრე ქალაქის ცენტრში. არადა, ამას საერთოდ არ ვგეგმავდი: ერთხელ უნდა მოვსულიყავი, City Kickboxing-ის გუნდისთვის საქართველოდან ჩამოტანილი პატარა საჩუქრები დამეტოვებინა, საუკეთესო შემთხვევაში ვინმესთან სამახსოვრო სელფი გადამეღო და ამ საოცარი მიღწევით აღფრთოვანებული, გასაბრწყინებელ იბერიაში დავბრუნებულიყავი.

წაიკითხე'ილიას დროც მოვა' - ექსკლუზიური ინტერვიუ ვოლკანოვსკის მწვრთნელთან

ამის ნაცვლად, აწ უკვე მერამდენედ ვესალმები ჭიდაობის ვარჯიშზე მოსულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და დარბაზის პერსონალს. უმეტესობა უკვე მიეჩვია იმას, რომ “5 წუთით მოსული” საათობით ვუყურებ მათ ვარჯიშს, სანამ ველოდები, როდის გათავისუფლდება მორიგი მებრძოლი ან მწვრთნელი, რომელსაც მილიონი კითხვით შევაწუხებ.

ნაბიჯების ხმა. წამიერად ვწყდები ინტერვიუსთვის მომზადებული კითხვების სიას და ვტრიალდები. წითელი მაისური, შავი შორტები და ძალიან თბილი, მეგობრული ღიმილი - ამით უამრავი ადამიანის დახასიათება შეიძლება. თუმცა, დღეს ეს აღწერა UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლს და საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას ეკუთვნის. თანამედროვე MMA-ს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, The Last Stylebender… რომელთანაც რაღაც დაუჯერებელი მეთოდებით მოკლე ინტერვიუს ჩანიშვნა მოვახერხე.

ვარჯიშზე მისული ადესანიას თანაგუნდელები გახურებას იწყებენ. ხოლო მე და ადესანია გვერდით ვსხდებით და წვიმისა და სპორტული დარბაზისთვის ტიპური ხმაურის ფონზე, ვიწყებთ საუბარს მის კარიერაზე, მეტოქეებზე და იმ სისხლიან შედევრებზე, რომლების შექმნაც ასე ძალიან უყვარს.

She Loves The Gloves: იზი, უპირველეს ყოვლისა, მადლობა, რომ ჩემთან სასაუბროდ დრო გამონახე. მაქსიმალურად ვეცდები, დღევანდელი დიალოგი სტანდარტულ ინტერვიუს არ ჰგავდეს და თავიდანვე ცოტა უცნაურ კითხვას დაგისვამ - ცოტა ხნის წინ ხელახლა მოვუსმინე შენს ორ პოდკასტს ჯო როგანთან და გამაოცა იმ სხვაობამ, რომელიც შენს განწყობაში შევნიშნე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერებს შორის სულ რაღაც 1,5 წელი იყო გასული, მეორე ეპიზოდში საგრძნობლად “გადამწვარი” მომეჩვენე. რამდენად დამეთანხმები ამ შეფასებაში?

ადესანია: მართლა? ამაზე არასდროს მიფიქრია და საინტერესო დაკვირვებაა. კარგა ხანია ამ პოდკასტებისთვის არ მომისმენია. ნაწილებს პერიოდულად კი ვნახულობ, თუმცა, ასე მთლიანობაში - არა. შეიძლება იყოს ამაში რაღაც სიმართლე. როდესაც პირველი ეპიზოდი ჩავწერეთ, UFC-სთან კონტრაქტი ახალი დადებული მქონდა და ალბათ, მეტყობოდა. ძალიან ენერგიული ვიყავი, არა?

'ისე დაემთხვა, რომ შონმა საკუთარი შესაძლებლობების 100%-ის ჩვენება მოახერხა, მე კი ბრძოლაში ბოლომდე მაინც ვერ ჩავერთე.'

She Loves The Gloves: კი, ძალიან აღფრთოვანებული იყავი. რაღაც მომენტში ეს ცვლილება ლოგიკურიცაა, იმ ჩანაწერებს შორის შენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. და მაინც, რას მიაწერდი ამ ცვლილებას? დაღლას?

ადესანია: კი, ალბათ დაღლაა, მაგრამ არა ამისგან (იქნევს ხელს დარბაზისკენ, სადაც ჭიდაობის ვარჯიში მიმდინარეობს). ყურადღების ცენტრში მუდმივ ყოფნასა და მედიასთან ურთიერთობის მოვალეობას დავაბრალებდი. მაინც რთულია და ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს. უფრო “არასპორტული” ფაქტორების კომბინაციაა, ვიდრე ფიზიკური გადაწვა. 

She Loves The Gloves: შენს მწვრთნელ იუჯინთან ინტერვიუში ამ თემას კი შევეხე, მაგრამ შენი ხედვაც მაინტერესებს. UFC 293, წაგება შონ სტრიკლენდთან - რა მოხდა იმ ბრძოლაში? საერთოდ, იმის მერე ჩანაწერისთვის თუ გიყურებია?

ადესანია: კი, ერთხელ ჩემთვის ვუყურე. მინდოდა მენახა, როგორ გამოვიყურებოდი ოქტაგონზე და შემედარებინა იმასთან, თუ რას ვგრძნობდი იმ მომენტში. რაც შეეხება იმას, “რაც მოხდა”... ერთს გეტყვი: ამ ბრძოლამდე გამართულ ე.წ. open workout-ის ჩანაწერს უყურე. ამ ტიპის ვარჯიშებს UFC-ში ბოლო დროს თითქმის აღარ ატარებენ, მაგრამ მაშინ ჩაატარეს და დასწრება მომიწია. იმ ჩანაწერში ერთი მომენტია, როდესაც ფანები მყავს სცენაზე აყვანილი და ვაჩვენებ, როგორ უნდა გააკეთონ აზიდვები. კარგად დააკვირდი, აზიდვას როგორ ვაკეთებ, როგორია ჩემი მოძრაობები და შეიძლება მიხვდე კიდეც, რომ “რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს”.

ეს ისე, პატარა მინიშნება. მეტს აღარაფერს ვიტყვი - არ მინდა ისე გამოვიდეს, ვითომ თავს ვიმართლებ ან წაგების მიზეზებს ვეძებ. არ მინდა, შონ სტრიკლენდის მიღწევას რამე მოვაკლო. შონი კარგი მებრძოლია, მწვრთნელიც მშვენიერი ჰყავს. როგორც წესი, ისეთ სიტუაციებს, როგორიც იმ საღამოს შეიქმნა, უპრობლემოდ ვუმკლავდები ხოლმე. თუმცა, მაშინ რატომღაც ვერ მოვახერხე. ალბათ, ისე დაემთხვა, რომ შონმა საკუთარი შესაძლებლობების 100%-ის ჩვენება მოახერხა, მე კი ბრძოლაში ბოლომდე მაინც ვერ ჩავერთე.

რა თქმა უნდა, შონისთვის ეს უმაგრესი მიღწევა იყო. მასაც სხვებზე არანაკლებ ფანტასტიკური ისტორია აქვს - საოცარი გზა გამოიარა, სანამ ჩემპიონობამდე მივიდოდა. თუმცა, აგერ, რამდენიმე დღის წინ დრიკუს დუ პლესისთან საკუთარი ტიტული დაკარგა. 

She Loves The Gloves: რას ფიქრობ მაგ ბრძოლაზე, როგორ შეაფასე?

ადესანია: მეგონა, რომ დრიკუსმა გაიმარჯვა. იმედია, ამ მაგალითზე სხვები მიხვდებიან, რამდენად რთულია ქამრის დაცვა. მე კი ეს 6-ჯერ მოვახერხე.

She Loves The Gloves: დაცვებს თავი დავანებოთ, 4 წელიწადში 10 სატიტულო ბრძოლა ვის გაუგია!

ადესანია: კი ბატონო, თუმცა, ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ ბევრი რამ არის.

'ის, რომ მისთვის მოგება შემეძლო, ისედაც ვიცოდი და ამაში უბრალოდ დარწმუნება მინდოდა.'

She Loves The Gloves: ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება. ამ მომენტისთვის შენთვის უფრო საინტერესო რომელი დაპირისპირება იქნებოდა: რევანში შონთან, თუ ახალი გამოწვევა დუ პლესის სახით?

ადესანია: სიმართლე გითხრა - სულერთია. განსაკუთრებით ძლიერი გრძნობები რომელიმე ერთი ვარიანტის მიმართ არ მაქვს. ერთიც და მეორეც კარგი და საინტერესო ბრძოლა იქნება. თუ აუცილებლად რომელიმე ერთი უნდა ამერჩია, ალბათ, შონთან რემატჩს ავირჩევდი. ისევ და ისევ იმიტომ, რომ წინა ბრძოლაში მაჯობა.

ბევრს კი არ ესმით, მაგრამ ის გრძნობა საერთოდ არ მაწუხებს, რომ, აი, შონმა მომიგო და საპასუხოდ უეჭველი უნდა დავამარცხო, რადგან ახლა სხვებისთვის რაღაც დასამტკიცებელი მაქვს. ეს გრძნობა არც ალექს პერეირასთან წაგების შემდეგ მაწუხებდა: არსად მეჩქარებოდა, ველოდებოდი ჩემს დროს. ის, რომ მისთვის მოგება შემეძლო, ისედაც ვიცოდი და ამაში უბრალოდ დარწმუნება მინდოდა.

ამის მერე, ალექსმა კიდევ 10-ჯერ რომ მომიგოს, ჩემთვის სულერთია. მთავარია, ერთხელ უკვე დავუმტკიცე თავს, რომ მისი დამარცხება შემიძლია. რაც მქონდა სათქმელი, ის ვთქვი და ჩემთვის ესაა ყველაზე მთავარი. 

She Loves The Gloves: საინტერესოა, რომ იუჯინმაც იგივე მითხრა: ამ მატჩებში ისევ და ისევ საკუთარ თავებს ვუმტკიცებთ რაღაცებს და არა სხვებსო. 

ადესანია: ზუსტად. პერეირასთან მეორე ბრძოლამდე ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, რომ მოგება შემეძლო. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ შემიძლია. რა მომენტშიც ამას მივაღწიე, მზად ვიყავი შემდეგი გამოწვევისთვის. 

სხვები კი ისევ რაღაცას თვლიან - “ახლა თქვენ შორის ანგარიში 3-1 არისო”. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ხალხის აზრი დიდად არც მაინტერესებს, მათთვის არ ვიბრძვი. ბევრჯერ მითქვამს: I don’t keep scores, I settle them. კარგი, წარმოვიდგინოთ, რომ ალექსს კიდევ ერთხელ შევხვდი და დავამარცხე, ეს ანგარიში 3-2 გახდება. და შემდეგ? მე-6 ბრძოლა უნდა გვქონდეს?

She Loves The Gloves: არა, რა თქმა უნდა. ბოლო-ბოლო, უსასრულობამდე ერთსა და იმავე ადამიანს ხომ ვერ შეეჯიბრები

ადესანია: მადლობა! მეც იგივეს ვიძახი. ერთმანეთთან რინგზე ისედაც უამრავი დრო გვაქვს გატარებული. მგონია, რომ ის ხალხი, ვინც პერეირასთან კიდევ ერთ ბრძოლას ითხოვს, მომავალზე არ ფიქრობს. მე კი ვფიქრობ და ვიცი, რომ, ობიექტურად, კარიერაში სულ რამდენიმე მატჩი მაქვს დარჩენილი. მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ანგარიში გავათანაბრო, დარჩენილი ბრძოლებიდან 3-4-ს ერთ მეტოქეზე ხომ არ დავხარჯავ. 

ჩემგან განსხვავებით, ალექსი სულ სხვა სიტუაციაშია. კარიერაში ყველაზე დიდ მომენტშიც კი, კვლავ მე მიწვევს. როგორ გგონია, რატომ? რატომ ითხოვენ ალექსის ფანები ამ ბრძოლას? იმიტომ, რომ ბოლოს ჩემთან [UFC 287-ზე] ძალიან ცუდად წააგო. ნოკაუტიც, აღნიშვნაც, თავად ისტორიაც - საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის კომბინაცია ძალიან ეპიკური გამოვიდა. კი, ალექსს სასწაული მიღწევები აქვს: ჯერ კიკბოქსინგში დამამარცხა, მერე UFC-ში იგივე გააკეთა, მეორე ქამარი აიღო, კიკბოქსინგშიც და MMA-შიც ორმაგი ჩემპიონი იყო - წარმოუდგენელი რამ აქვს გაკეთებული. და ამ ყველაფრის შემდეგ, კვლავ მე მიწვევს. ალბათ, მისი გადმოსახედიდან, ბოლოს ისევ “მე გავიცინე” და ეს არ მოსწონს... არადა, მშვენიერი სიცილი მაქვს (იცინის).

'ძალიან ძვირი ჯდება ასეთი “ომები” ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ზუსტად ვიცი, რომ დიდი ფასი გადავიხადე იმ გამარჯვებისთვის.'

She Loves The Gloves: ჩემი ფრიად ეგოისტური აზრით, ერთმანეთს ასჯერ რომც შეხვდეთ, ასივე ბრძოლას ვუყურებ და არასდროს მომბეზრდება, იმდენად ტექნიკური და სანახაობრივია თქვენი დაპირისპირებები. დარწმუნებული ვარ, ამაში უამრავი ადამიანი დამეთანხმება. 

ადესანია: ამ კუთხით თუ მივუდგებით, რა თქმა უნდა, მესმის. როგორც ოპონენტები, ერთმანეთს “ვუხდებით”. ალექსმა კარგად იცის, რომ მისთვის მარტივი მეტოქე არ ვარ. არც ჩემთვისაა მარტივი მასთან დაპირისპირება. შედეგად, ყველა ჩვენი მატჩი ექშენით სავსე და საინტერესო საყურებელი გამოდის.

She Loves The Gloves: ნამდვილად. თუმცა, მომავლის არგუმენტი ძალიან სწორია, რომ რადგან არც ისე ბევრი ბრძოლა გაქვს დარჩენილი, მაქსიმალურად სხვადასხვა მეტოქეებს გინდა რომ დაუპირისპირდე. სანამ ამაზე ვსაუბრობთ, მოდი ამასაც გკითხავ: რა იგრძენი, როცა ალექსი დაანოკაუტე?

ადესანია: როგორც იქნა, დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც სულ ვიცოდი - რომ ეს შემეძლო. მეგონა, რომ კიკბოქსინგში პირველი ბრძოლა მე მოვიგე, თუმცა, მსაჯებმა გამარჯვება პერეირას მისცეს. ეს გადაწყვეტილება გამიკვირდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. რევანშშიც ვიგებდი, სანამ არ დამანოკაუტა. MMA-ს პირველ ბრძოლაშიც ბოლომდე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს: დასაწყისში ძალიან ცუდი დარტყმა გაუშვა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა, გაუძლო. თეიქდაუნიც გამომივიდა… და უცებ, ბოლო რაუნდში, კვლავ დამანოკაუტა

რა თქმა უნდა, ფრუსტრაციას ვგრძნობდი: ვიცი, რომ შემიძლია მოვუგო, ყოველ ჯერზე ამას თითქმის ვახერხებ, მაგრამ ბოლო წამებში სულ რაღაც არასწორად მიდის. ამიტომ, MMA-ის მეორე ბრძოლაში იმ მიდგომით მივდიოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, იმ გალიიდან ან გამარჯვებული გამოვიდოდი, ან არ გამოვიდოდი. 

She Loves The Gloves: ეს იცი რას მაგონებს? კომპიუტერულ თამაშებში ერთსა და იმავე მეტოქესთან რომ კვდები. ბოლოს “სიცოცხლე” რომ თითქმის აღარ აქვს დარჩენილი, გგონია, გაიმარჯვე და უცებ მაინც რომ გკლავს. 

ადესანია: კი, ზუსტად! მაგრამ, როგორც იქნა ჩემი პირადი თამაშის “final boss”-ი დავამარცხე და ახალ ლეველზე გადავედი. აღნიშვნაც სათანადო მქონდა.

She Loves The Gloves: სხვათა შორის, საქართველოში გვყავს ბრწყინვალე და ძალიან ცნობილი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია - რომელიც შენმა გამარჯვებამ ისე შთააგონა, გატანილი გოლები რამდენჯერმე ასევე “ისრების სროლით” აღნიშნა.

ადესანია: რა მაგარია! რამდენჯერმე მინახავს, რომ NFL-ში სხვადასხვა მოთამაშეებიც იმავენაირად აღნიშნავენ გოლებს. თქვენი ფეხბურთელის ვიდეო თუ გაქვს, ინტერვიუს მერე ჩემს მწვრთნელს ჩაუგდე და აუცილებლად ვნახავ.

She Loves The Gloves: ჩაგიგდებთ, რა თქმა უნდა. კარგი, ალექსზე ბევრი ვისაუბრეთ. მაგრამ UFC-ს კარიერაში კიდევ ორი არანაკლებ საოცარი ბრძოლა გქონდა: კელვინ გასტელუმთან და ანდერსონ სილვასთან. ეს სამი გამარჯვება რომ ავიღოთ - პერეირა, კელვინი და სილვა - რომ შეგეძლოს, ხელახლა რომელს გამოსცდიდი?

ადესანია: სილვას, უეჭველი სილვას. ძალიან სახალისო ბრძოლა იყო. მაქსიმალურად ვეცადე, შემერგო და თითოეული მომენტით მესიამოვნა, რაც გამომივიდა კიდეც. მაგრამ იმავეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავივლიდი და კიდევ უფრო კარგად შევირგებდი

She Loves The Gloves: ცოტა არარეალური შეგრძნება არ იყო? 

ადესანია: კი, მესამე რაუნდში ერთი მომენტი იყო, როდესაც უცებ “დამარტყა”: ანდერსონ სილვას ვებრძვი! თუმცა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს დროც, ოქტაგონიც და მთლიანად ეს მომენტი მე მეკუთვნოდა. ამან ეგრევე აზრზე მომიყვანა და ბრძოლის “დინებას” დავუბრუნდი. 

She Loves The Gloves: პირადად ჩემთვის, კელვინთან მეხუთე რაუნდის დაწყებამდე შენ მიერ ნათქვამი ფრაზა “მზად ვარ, აქ მოკვდე” რაღაც არაამქვეყნიურად ეპიკური იყო! 

ადესანია: ესეც ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. თუმცა, ასეთ ბრძოლას მეორედ არ გავივლიდი. ძალიან ძვირი ჯდება ასეთი “ომები” ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ზუსტად ვიცი, რომ დიდი ფასი გადავიხადე იმ გამარჯვებისთვის. 

She Loves The Gloves: მე ვიტყოდი, რომ ეს ორივემ ქენით. იმ მატჩმა კელვინიც შეცვალა. 

ადესანია: კი, თუმცა, ამ ბრძოლამ ბევრი რამ მასწავლა. ზოგადად, ყველა ბრძოლაში რაღაცას სწავლობ. მაგრამ კელვინთან მატჩმა კარგად დამანახა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ სახიფათო ბრძოლებს და ეს კარგად დავიმახსოვრე. 

She Loves The Gloves: კარგი, წარსულს შევეშვათ და მომავალზე ვილაპარაკოთ. 17 თებერვალი, თოფურია-ვოლკანოვსკი. რას ფიქრობ?

ადესანია: თოფურია მართლაც მატადორია - ოქტაგონზე გენერალივით იბრძვის, მის ბრძოლას რაღაცნაირი უხეში გრაცია ახასიათებს. კრივის საოცარი ტექნიკა აქვს! ტიპაჟურადაც ისეთია, ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავი გახდეს. ქამრით და ქამრის გარეშეც. 

მაგრამ, ამავდროულად, ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ალექსანდრ ვოლკანოვსკი. ვოლკს რომ ვუყურებ, ვხვდები, რას ნიშნავს სიდიადე. თუნდაც, მისი ბოლო fight camp-ი ავიღოთ, ისლამთან ბრძოლისთვის ერთ კვირაში რომ ემზადებოდა. იმ ვიდეოებს სპეციალურად ვუყურებ, რომ მისი ენერგიით დავიმუხტო და ის განსაკუთრებული რამ ვიგრძნო.

'მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც ისრაელ ადესანია: ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ისტორიაში'.

She Loves The Gloves: ვიცი, რომ ბრძოლებს და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებს კონკრეტულ თემატიკას ან პერსონაჟებს უკავშირებ. უიტეკერთან ოქტაგონზე “სიკვდილის დღიურით” გამოხვედი, კანონიერთან - Undertaker-ის ქუდით. პერეირასთან რევანშამდე საყელო მოხსენი და “შინაგანი ძაღლი” გაათავისუფლე. ცხოვრების ამ ეტაპს რამე კონკრეტული თემა აქვს? 

ადესანია: სიმართლე გითხრა, ჯერ არა. ეს თემები რაღაც მომენტში თავისით მოდის და თუ მათთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობ, შთაგონებისთვის ვიყენებ. ბოლო დროს ასეთი გრძნობა არც პერსონაჟის, არ ციტატის და არც ზოგადად რამე თემის მიმართ მქონია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სწორ დროს ის თავისით მიპოვის.

ამ ეტაპზე უფრო საკუთარ თავზე ვკონცენტრირდები, საკუთარ ისტორიაზე. Rewriting history, because we write history - ერთხელ უკვე დაწერილ ამბავს ხელახლა ვწერ.

She Loves The Gloves: ველით ამ ხელახლა დაწერილ ისტორიას. რამდენიმე კვირის წინ ტედი ატლასთან ინტერვიუ ჩაწერე. ამ ინტერვიუში ერთი მომენტია, როდესაც ტედის მოყოლილმა ამბავმა და ფრაზამ შენზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. თუ რამე პირადულს არ ვეხები, იქნებ მითხრა, რას ნიშნავდა ეს ფრაზა შენთვის?

ადესანია: კი, ნამდვილად, მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ ინფორმაციას, თუ შენს მკითხველს არ ეწყინება, ჯერჯერობით, მარტო ჩემთვის დავიტოვებ. 

She Loves The Gloves: რა თქმა უნდა, არ გვეწყინება. მგონი, ასეთი ციტატები და მომენტები ყველას გვაქვს და ბევრისთვის ნაცნობი იქნება. 

ადესანია: შემჩნეული მაქვს, კარიერაში სულ მაქვს ისეთი მომენტები, როდესაც მოგების შემდეგაც კი, ჩემი გონება ამ განსაკუთრებულ ემოციებს და ფიქრებს “მიპარავს” და ბოლო დროს ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდები.

She Loves The Gloves: სწორსაც შვები! კარგი, მაშინ, შთაგონებას რისგან იღებ?

ადესანია: იმისგან, რაც ჩემზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანია - ჩემი ოჯახი, გუნდი, მეგობრები, ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ. გარშემო ბევრი სიყვარული მაქვს. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, ათას კარგ ამბავში კონცენტრირება მაინც და მაინც ერთ პატარა უარყოფით მომენტზე გააკეთოს. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ ამას გადავეჩვიო. 

სიტყვაზე, ზოგჯერ ჟურნალისტები ან MMA-ს ფანები რაღაც სულელურ ნეგატიურ პოსტებზე მნიშნავენ. ამ პოსტს რომ ვხსნი, ვხედავ, რომ 600 კომენტარი აქვს. ბუნებრივი ინსტინქტია, ამ კომენტარების კითხვა დაიწყო, მაგრამ საკუთარ თავს ვაჩერებ. რატომ უნდა გავიფუჭო ხასიათი - ხომ ვიცი, რომ კარგს არაფერს მომიტანს?

ერთადერთი, როდესაც ამ წესს ვარღვევ, ბრძოლის წინ, ანუ ე.წ. fight week-ის დროსაა. დამატებით სტიმულს მაძლევს, რაც ზოგჯერ სასარგებლოა.

She Loves The Gloves: იზი, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან გამიხარდა, რომ შენთან საუბრის შანსი მომეცა! სანამ შენი მწვრთნელი გამიბრაზდა, გაგიშვებ ვარჯიშზე. თუმცა, მანამდე ბოლო კითხვასაც დაგისვამ: როგორ გინდა, რომ ადამიანებმა დაგიმახსოვრონ?

ადესანია: უუუუჰ… მინდა ახსოვდეთ, რომ არავისთან ბრძოლის არ მეშინოდა. რომ ბრძოლებს ჩემთვის ხალისი მოჰქონდათ. რომ ბრძოლის ხელოვნებისგან სიამოვნებას ვიღებდი. მიყვარს შედევრების შექმნა. სტრიკლენდის და დუ პლესის ბრძოლის მე-5 რაუნდი ავიღოთ და, თუნდაც, ჩემსა და გასტელუმის მე-5 რაუნდს შევადაროთ. იმ ორისგან განსხვავებით, ხელებს უაზროდ არ ვიქნევდი - ბოლო მომენტამდე სნაიპერივით ვიყავი, ვმოძრაობდი, “ვხატავდი”. ეს მინდა, რომ ახსოვდეთ. 

მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც ისრაელ ადესანია: ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ისტორიაში. “ადესანია” ყოველთვის ძლიერი გვარი იყო - იქამდეც, სანამ ბრძოლა დავიწყე. მაგრამ ჩემს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს კიდევ უფრო ძლიერ სახელს დავუტოვებ.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები