Thumbnail

7 მარტს, ბათუმში, საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის ინტერის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და უკვე ცნობილია, რომ GEO11-ში ითამაშებენ შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი, ხოლო ინტერის ლეგენდებიდან კი ბათუმში მოედანზე ვნახავთ ხავიერ ძანეტის, ლუიშ ფიგუს, ესტებან კამბიასოს, მარკო მატერაცის, ხუან ვერონს და დიეგო მილიტოს. ეს ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და "ევროპაბეთის" მხარდაჭერით გაიმართება. საქართველოში ინტერს ბევრი ფანი ჰყავს - განსაკუთრებით იმ გუნდის გამო, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გვექნება საუბარი.


როცა იტალიაში მოგზაურობთ და ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ საგანძურს ეცნობით, აი, იმას, რასაც მუზეუმში ხედავთ ხოლმე, ერთი რამ არ უნდა დაგავიწყდეთ: ამ საგანძურების მნიშვნელოვანი, დიდი ნაწილი კლანურ-ოჯახურ-გვაროვნულ სისტემაშია შექმნილი.

იტალიას, რომის იმპერიის შემდეგ ერთიანი, იტალიური სახელმწიფო XIX საუკუნემდე არ ჰქონია. არადა, იტალიური საზღვაო ქალაქები მთელი ევროპის ვაჭრობას განკარგავდნენ. იტალიას არ ჰქონდა ერთიანი სახელმწიფო, მაგრამ, სამაგიეროდ, იმდროინდელი გავლენიანი იტალიელი ოჯახების საყვარელი საქმიანობა კულტურის შედევრების შექმნა და შეგროვება იყო. ესთეტიკის დამფასებელი, ხელოვნების თაყვანისმცემელი და შემგროვებელი ხალხი იყო.

ჩემი წარმოდგენით, ეს ფსიქოტიპი და ეს კაცი იყო მასიმო მორატი. ერთი განსხვავებით: თანამედროვე სამყაროში ეს კაცი ბოტიჩელის და რაფაელის შედევრებს კი არა, თავის კლუბში ფეხბურთის ჯადოქრებს აგროვებდა.

მორატის გუნდში რონალდოს და ვიერის სახით მსოფლიოში საუკეთესო გოლეადორები ერთად ჰყავდა

ინტერის ისტორია განსხვავებული და ცოტა წინააღმდეგობრივია. ეს კლუბი იტალიაში ასოცირდება არისტოკრატიულობასთან, ლიბერალური, ხელოვნების და კულტურების ელიტების გუნდიც არის. თავისი არსით ის უპირისპირდება უფრო ხალხურ და უბრალო მილანს და უფრო ცივ, პროზაულ, კაპიტალისტურ და იმპერიალისტურ იუვენტუსს. სწორედ ამიტომ, ინტერისთვის ყოველთვის ორგანული იყო გარე სამყაროზე ორიენტირება, ინტერნაციონალურობა, ლიბერალურობა.

არის ერთი ძალიან კარგი ფილმი, პაოლო სორენტინოს გადაღებული, რომელიც ბერლუსკონის აჩვენებს. თავისი არსით პატარა და ცუდი გაგებით ვაჭარი კაცი ჩანს, მთელი მისი წარმატებების და გავლენების მიუხედავად, ცოტა შურს კიდეც ანიელების გვაროვნული, ასწლიანი ელიტურობის.

მორატი სხვა ამბავი იყო - ხელოვანი, არისტოკრატი, დახვეწილი. ინტერის ისტორია წინააღმდეგობრივია, რადგან ისტორიულად, ეს კლუბი წარმატებული მაშინ არის ხოლმე, როცა იქ მათთვის ცოტა უცხო, მკაცრი, პრაგმატული, დისციპლინირებული და ორგანიზებული ხელი მიდის. ასეთები იყვნენ ლეგენდარული ელენიო ერერა და ჟოზე მოურინიო. ასეთები იყვნენ ჯოვანი ტრაპატონი და ანტონიო კონტე, ორი იუვენტინო, ინტერის კულტურისთვის სრულიად უცხო ელემენტები, რომელთაც ერერას და მოურინიოს მასშტაბის დიდება ვერა, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებები კი მოუტანეს კლუბს.

ინტერის ისტორია წინააღმდეგობრივია, რადგან აი, ეს რომანტიული (იტალიური სტანდარტით მაინც), არისტოკრატიული ინტერი, რომელსაც მათი ჰიმნი „შეშლილ ინტერს“ უწოდებს, ისტორიაში წარმატებული იშვიათად თუ ყოფილა.

ამ კონცეფციის და ხასიათის ინტერი მორატიმ 90-იანებში ააწყო. ეს იყო გალაქტიკოსების გუნდი იქამდე, სანამ ფლორენტინო პერესი რეალის გალაქტიკოსებს შექმნიდა. მორატი არ ითვლიდა ფულს, ყიდულობდა ყველაზე დიდ ვარსკვლავებს და უბრალოდ ტკბებოდა, რომ მის გუნდში ჯადოქრები და ხელოვანები იკრიბებოდნენ. სტრატეგია, ტაქტიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი - საერთოდ არ მგონია, რომ მორატის ლექსიკაში ასეთი სიტყვები არსებობდა.

ბაჯო და რონალდო - მორატის ინტერის ჯადოქრები

მისი გუნდის თავდასხმაში ერთდროულად თამაშობდნენ რონალდო, ვიერი, ბაჯო, სამორანო, რეკობა და პარალელურად, შეიძლება, დაცვის ცენტრში, სადმე, რომელიმე ტარიბო ვესტი დაგენახა. ბალანსს, ტაქტიკას და ასეთ რამეებს აქ ნუ ეძებთ - მორატის უბრალოდ უნდოდა, მსოფლიოში საუკეთესოებს მასთან ეთამაშათ. ამიტომ ჰყავდა რონალდო 1998 წლამდე მსოფლიოს ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო მოთამაშე, ბაჯო - იმ ათწლეულის საუკეთესო იტალიელი მოთამაშე და კრისტიან ვიერი - ინტერის და იტალიური ფეხბურთის ბოლო 30 წლის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ბომბარდირი, მართლა ტანკივით შეუჩერებელი ფორვარდი.

ამ გუნდის ხასიათს ალბათ ყველაზე უკეთ ივან სამორანო და მისი სიტუაცია აღწერს. სამორანო დიდი ფორვარდი იყო, ძალიან მაგარი მეგოლე, „კლასიკოში“ სამი გოლი აქვს გატანილი - ასეთ რამეს შემთხვევით ვერ იზამ. მას შემდეგ, რაც რობი ბაჯო ინტერში გადავიდა, რონალდომ ბაჯოს მისი საყვარელი ათნომრიანი მაისური დაუთმო. არ შეიძლებოდა, ბაჯოს ათიანის გარდა რომელიმე სხვა ნომერი ჰქონოდა. რონალდომ სანაცვლოდ ცხრა ნომერი აიღო. პრობლემა ის იყო, რომ ეს მაისური, ცხრა ნომერი, ივან სამორანოს ეკუთვნოდა. სამორანო დაბადებული ბომბარდირი იყო და 9 ნომერი მასაც ეკუთვნოდა. რონალდოსთან ჩხუბი არ გამოდიოდა, ბოლომდე დათმობაც არ უნდოდა და ამიტომ, ჩილელმა და ინტერმა ასეთ გამოსავალს მიაგნეს: სამორანო ოფიციალურად 18 ნომრად იყო დარეგისტრირებული, თუმცა მაისურზე 1+8 ეწერა და ცოტაოდენ ელემენტარულ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ, ისიც 9 ნომერი იყო. ასე ჰყავდა იმ ინტერს ორი 9 ნომერი - ორი სამხრეთამერიკელი ბომბარდირი. ახლა რომ ვფიქრობ, მაგარი დრო იყო...

ივან სამორანო და მისი საკულტო 1+8 ნომრიანი მაისური

ამ თანავარსკვლავედს შემდეგ ალვარო რეკობა შეემატა, რომელიც მორატის საყვარელი მოთამაშე იყო. რეკობა იყო მართლა ჯადოქარი, თითქოს ზარმაცი, ნელი და ხასიათის მოთამაშე, მაგრამ ჯადოსნური ცაცია ჰქონდა და შედევრალური გოლები აქვს გატანილი. შორიდან სასწაულად ურტყამდა. თანამედროვე ფეხბურთში ვერც ვერავის შევადარებ. რეკობას ინტერში ჯამში თითქმის 10 წელი აქვს გატარებული. ბევრ სხვა გუნდში ლიდერი და სიმბოლო იქნებოდა, ინტერში უფრო ხშირად სკამზე იჯდა და შეცვლიდან თამაშობდა. იდეაში, რეკობას ყოფნა კლუბში ცუდი ბიზნესი იყო, ინტერი მის პოტენციალს სრულად ვერ იყენებდა. ამის მიუხედავად, მორატის მისი გაყიდვა ერთხელაც არ უფიქრია, უნდოდა, მისი საყვარელი მოთამაშე, ურუგვაელი ჯადოქარი გუნდში ჰყოლოდა. ასე შემორჩა „ელ ჩინო“ ინტერში თითქმის 10 წელი.

ზემოთ ინტერში ბალანსის და მენეჯმენტის პრობლემა ვახსენე. მაგალითად, ასეთ გუნდს მწვრთნელად შეიძლება მირჩა ლუჩესკუ ჰყოლოდა, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ტოპ-კლასის მწვრთნელია. პრინციპში ამას ვერც ჯიჯი სიმონიზე იტყვი.

რეკობა ინტერის იმდროინდელი გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია

ამათ გარდა, ინტერში უამრავი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობდა. მგონი, პრობლემა ის იყო, რომ მათი რაოდენობა ზედმეტად ბევრი იყო - ინტერის შემადგენლობა მუდამ იცვლებოდა, მუდამ ახალი ვარსკვლავები ჩნდებოდნენ, გუნდი ძალიან ინტერნაციონალური იყო და შეკვრის, გამართვის, დალაგების, ორგანიზების პრობლემა ჰქონდა.

მორატის ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ინტერი არაფრით ჩამორჩენოდა მილანს და იუვენტუსს. ამ წლებში სერია A ჰანდიკაპით მსოფლიოში საუკეთესო ლიგა იყო. სულ რამდენიმე წლით ადრე სილვიო ბერლუსკონიმ თანაქალაქელი მილანი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია. კვლავ სერიული გამარჯვებული იყო იუვენტუსი. ორივე მათგანმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, 90-იანებში მათ ანგარიშზე საერთო ჯამში 8 ჩემპიონთა ლიგის ფინალი და 8 სკუდეტო ჰქონდათ. მორატის, რა თქმა უნდა, ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ინტერი მილანს და იუვეს არაფრით ჩამორჩენოდა. შემადგენლობა ინტერს უძლიერესი ჰყავდა. მთლიანად მწვრთნელსაც ვერ დააბრალებ იმ ამბავს, რომ ინტერმა ამ პერიოდში ვერც სკუდეტო მოიგო და ვერც ჩემპიონთა ლიგა. ლუჩესკუს და სიმონის გარდა, ინტერში სამწვრთნელო კარიერის აწყობა თვით მარჩელო ლიპიმ და იმ პერიოდის ერთ-ერთმა საუკეთესო ტაქტიკოსმა, ექტორ რაულ კუპერმაც სცადეს. ლიპიმ სრული კატასტროფით დაასრულა და მის კარიერაში ეს ალბათ ერთადერთი სერიოზული მარცხი იყო. წარმოიდგინეთ, აი, ეს ვარსკვლავური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ ჰელსინგბორგთან გავარდა - ჩემს მახსოვრობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია იყო.

კუპერს ორჯერ სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა. ჩემპიონთა ლიგაზე, ნახევარფინალში მილანთან ორი ფრის შემდეგ, გასვლითი გოლის წესის გამო ვერ გავიდნენ, 2002 წელს კი სკუდეტო სულაც ბოლო ტურში, ძალიან ტრაგიკულად დაკარგეს. ამ დროს ინტერი თითქოს დაწყევლილი იყო, გარედან ასე ჩანდა. ყოველთვის ერთი ნაბიჯი აკლდებოდა.

ტრავმების პრობლემაც ჰქონდათ. მაგალითად, რონალდო მართლა ფენომენი იყო, ისე თამაშობდა, როგორც არასოდეს არაფერი გვინახავს. ჯანის, სისწრაფის, სიმსუბუქის და ტექნიკის ასეთი კომბინაცია ფეხბურთში იქამდე არ ყოფილა და შეიძლება, ვერც მომავალში ვნახოთ. თუმცა, ინტერის პერიოდში რონალდოს მუდმივად ტრავმები ჰქონდა. თავისი დიდი ტრავმა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა და წლობით დატოვა ფეხბურთის მიღმა, სწორედ ინტერის შემადგენლობაში მიიღო. ტრავმები აწუხებდა ბაჯოსაც. ერთადერთი კრისტიან ვიერი იყო წლიდან წლამდე შეუჩერებელი, თუმცა იდეალური ჯანმრთელობა არც მას ჰქონია.

კრისტიან ვიერი ბევრი წელი ინტერის საუკეთესო ბომბარდირი იყო

ეს ინტერი თავისებურად უცნაური გუნდიც იყო. ბევრმა ვერ ითამაშა თუ პირიქით, ინტერმა ბევრის რესურსი ვერ გამოიყენა. მაგალითად, ინტერისტა იყო ანდრეა პირლო, რომელიც ინტერის თანავარსკვლავედში ისე ჩაიკარგა, რომ მისი პოტენციალი საერთოდ ვერ გამოიყენეს. მეტიც, პირლო ანდრეს გუგლიენმინპიეტროში გაცვალეს და მერე პირლო მილანის და იუვენტუსის ლეგენდად იქცა. ცუდად გამოიყურებოდა ინტერში ლეგენდარული ფაბიო კანავარო, თავისი პირადი პრობლემების და ხასიათის გამო მხოლოდ ინტერმა კი არა, სრულიად ფეხბურთმა დაკარგა და ვერ გამოიყენა ადრიანოს ნიჭი და პოტენციალი.

ყველაზე მეტი ალბათ ამ ინტერს მენეჯმენტის პრობლემა ჰქონდა. მორატის ფეხბურთელები აღწერენ, როგორც მამას, რბილი ხასიათის ადამიანს, რომელიც მოთამაშეებს თავისი ოჯახის წევრებივით ექცეოდა. ლეგენდები დადის, თუ როგორ ერთობოდნენ ვიერი და რონალდო ერთად, ღამის თავგადასავლების დროს. არც ის ჩანს, რომ ვინმეს მათი გაკონტროლება, ან კლუბში დისციპლინის დამყარება შეიძლება ეცადა. ზოგადად, ეს სხვა დრო და ეპოქა იყო. სუპერვარსკვლავებს ასეთი ამბები გასდიოდათ. რონალდოს მუდმივი ტრავმებიც არგამართლების გარდა, ალბათ არასპორტული ცხოვრების წესის შედეგიც იყო. მარტივი ამბავია, რომ როცა ზედმეტად დიდი წონით სისტემატიურად თამაშობ, შენს მუხლებზე დაწოლა და ტრავმის ალბათობაც იზრდება.

იბრას ცოტა გვიანდელ პერიოდში ასეთი ამბავიც აქვს, რომ ჯარიმის გადახდა უწევდა დისციპლინის დარღვევის გამო და მორატიმ ღიმილით აპატია: „არ გინდა, ჩვენ ხომ იუვენტუსი არ ვართ“.

მეორე მხრივ, ეს ინტერი ყველასთვის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა და ინტრიგა იყო. ეს იყო მართლა შეშლილი ინტერი, არაპროგნოზირებადი, მომენტებში გენიალური, მომენტებში კი - ჰელსინგბორგზე სუსტი.

სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა არ გამოვიდა, მაგრამ 1998 წელს მორატის გუნდმა მაშინდელი უეფას თასი მოიგო, რომელიც საერთოდ არ იყო იმ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ბევრით ნაკლები და მნიშვნელოვნად სუსტი ტურნირი. ლაციოსთან რონალდოს გოლი ერთ-ერთი შედევრალური ამბავია. ეს 90-იანებში ინტერის მესამე მოგებული უეფას თასი იყო, ერთი ძალიან დასანანი ფინალიც მილანელებმა შალკესთან წააგეს პენალტებით. ანუ, მთლად ისეც არ იყო, რომ ამ ინტერმა საერთოდ ვერაფერი მოიგო.


იმ წელს ერთი სხვა დიდი ამბავიც მოხდა, რომლის არგახსენებაც არ გამოვა. იუვენტუსთან, ტურინის სკანდალური შეხვედრა, როცა რონალდოს წაქცევისთვის უეჭველი პენალტი არ მისცეს ინტერს საჩემპიონო შეხვედრაში. ინტერში დღემდე სჯერათ, რომ მათ სკუდეტო მსაჯმა მოპარა. რეალურად, ეგ ამბავი უფრო კომპლექსურია - პენალტი უეჭველი იყო, მსაჯის შეცდომა სკანდალური, მაგრამ მთლად „სკუდეტო მოგვპარეს“ ისტორია ცოტა გადაჭარბებულია იმის გათვალისწინებით, რომ იუვე მაგ მომენტში ქულებითაც წინ იყო, იმ თამაშსაც იგებდა და პოტენციური ფრეც უფრო მეტად აწყობდა.

იმ ინტერს თუ რამე დააკლდა, უფრო თავის თავს დააკლო. ამის მიუხედავად, იმ გუნდს, რომელიც ინტერის შეშლილობას, რომანტიულობას თუ არაპროგნოზირებულობას ყველაზე უკეთ განასახიერებდა, მაინც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, თუნდაც იტალიის ფარგლებს მიღმა. დიდი სანახაობა იყო, დიდი ოცნებებით გაკეთებული გუნდი, რომელიც დიდ მოლოდინებს ქმნიდა. ჩემს გარშემო, ვისაც ინტერი უყვარს, ძირითადად ამ შეშლილი ინტერის დამსახურებით. ისეთი გუნდი იყო, უფრო ემოციებით და შთაბეჭდილებებით იზომებოდა, ვიდრე რიცხვებით და შედეგებით...

კომენტარები

ბოლო ამბები