Thumbnail

მარტის სანაკრებო ციებ-ცხელება და ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიული შანსის გამოყენების დრო ახლოვდება და რა მაგარია, რომ ბუდუ ზივზივაძე ასეთ ფორმაშია!

კვირას ბუდუმ კარლსრუეს ფორმით ჰამბურგს ძალიან მაგარი გოლი გაუტანა - ისეთი, უმაღლესი დონის ცენტრფორვარდები რომ ასრულებენ ხოლმე. ფორმაში შედის საბა საზონოვიც, რომელსაც ახლა ტორინოში მეტი დრო უნდა მიეცეს. ამასობაში, გიორგი შერმადინმა ესპანეთში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. გასული უიკენდის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში:


ბუდუ | ზივზივაძის კიდევ ერთი მაგარი გოლი

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-19 ტურში კარლსრუემ სტუმრად ბუნდესლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი ჰამბურგი დრამატულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მნიშვნელოვან მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომელმაც 84-ე წუთამდე ითამაშა, თავი კი, მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც კარიდან ზურგით მყოფმა, პოზიციისა და ბურთისთვის ბრძოლა ორ მცველს მოუგო, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. მართლაც რომ კლასიკური "ცხრიანის" გოლი იყო. კარლსრუე სოციალურ ქსელში ბუდუს გოლს ასე გამოეხმაურა: "ეს ბიჭი ფენომენია".

სერია A | საზონოვის კარგი თამაში და შანსი

დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში, იტალიის სერია A-ში კარგი თამაში ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველ საბა საზონოვს. მან კალიარისთან ძალიან კარგად ითამაშა და იტალიური მედიისგან არაერთი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა ტორინოს მაისურით 6-ჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ. ტორინოს მომდევნო ტურში, სალერნიტანასთან, დისკვალიფიკაციის გამო გუნდის ლიდერი ალესანდრო ბონჯორნო დააკლდება, რომელიც საზონოვის უშუალო კონკურენტია. შესაბამისად, სალერნოელთა წინააღმდეგ საბა უდიდესი ალბათობით შანსს მიიღებს და მოედანზე პირველივე წუთიდან გავა (ტურინულ კარიერაში მეორედ). თუმცა, ბონჯორნომ კალიარისთან შეხვედრის მიწურულს მხრის ტრავმაც მიიღო, რომელიც სერიოზულია. ტურინული გამოცემების ცნობით, ბონჯორნოს მინიმუმ 1-თვიანი იძულებითი პაუზა ელის, რაც საბას შანსია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტორინოს კიდევ ერთი მცველი, პეერ სხურსიც ლაზარეთში დიდი ხნით ჰყავს.

📋 | როგორ შეაფასეს საზონოვის თამაში, წაიკითხეთ აქ.

ბარსა | ვინ შეიძლება შეცვალოს ჩავი?

ვილიარეალთან მარცხის შემდეგ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. “არ მინდა გუნდისთვის პრობლემა გავხდე” - თქვა ჩავიმ, რომელიც კატალონიურ გრანდში 2021 წლიდან მუშაობს. ამ ამბის შემდეგ მედიაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი. The Athletic 4 სავარაუდო კანდიდატს ასახელებს.

📋 | ვინ შეიძლება ჩაიბაროს ბარსა - დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კალათბურთი | შერმადინმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

ლენოვო ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში (ლიგა ენდესა) იანვრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. MVP-ის ტიტული ქართველმა კალათბურთელმა დამსახურებულად მიიღო, მის მიერ ჩატარებული შესანიშნავი მატჩებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ შერმადინი რეკორდსმენია ლიგა ენდესაში თვის MVP-ის ჯილდოებით, ახლა კი თავისივე შედეგი უბრალოდ გააუმჯობესა.

📋 | რას წერენ ესპანეთში შერმადინზე - წაიკითხეთ აქ.

ჩოგბურთი | იანიკ სინერის ტრიუმფი ავსტრალიაში

იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ახალი ჩემპიონია. იტალიელმა ჩოგბურთელმა 5-სეტიან მარათონში საოცარი ქამბექი შეასრულა და კარიერაში დიდი სლემის პირველი ტურნირი მოიგო. არაპროგნოზირებადი, დაძაბული და ძალიან ლამაზი გათამაშებებით დახუნძლული ფინალი ვიხილეთ. დანიილ მედვედევის მიერ დამაჯერებლად მოგებული ორი სეტის შემდეგ იანიკ სინერი თამაშში დაბრუნდა და იმ ჩოგბურთის დემონსტრირება დაიწყო, რომლითაც მთლიანი ტურნირი ჩაატარა.

📋 | როგორ მოიგო და რა თქვა ფინალის შემდეგ სინერმა - ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები