Thumbnail

"არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობენ შენზე, როცა გუნდში მიდიხარ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ, როცა გუნდს ტოვებ", - ეს სიტყვები გერმანელ სპეციალისტს და დღეს უკვე, ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, იურგენ კლოპს ეკუთვნის, რომელმაც უიღბლობით, სევდითა და გამარჯვების წყურვილით სავსე "სქაუზერებს" პირველივე პრესკონფერენციაზე ის მისცა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.


სწორედ ამის შემდეგ, კლოპი ლივერპულში იმედის სიმბოლოდ იქცა, იმ იმედის, რომელიც ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში გამოსავალს მოძებნიდა და ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბს დიდების მწვერვალზე ისევ დააბრუნებდა. კლოპის მისვლამდე, ბოლო 6 სეზონში ლივერპული ერთადერთხელ იყო გასული საუკეთესო ოთხეულში. თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ მერსისაიდელებს პრემიერლიგა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, მათ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ, გერმანელი სპეციალისტი კი, ამ პროექტის "ბილი ბინი" უნდა ყოფილიყო. ბრენდან როჯერსის წასვლის შემდეგ, ამას ყველა ხედავდა და საბოლოო ჯამში, ასეც აღმოჩნდა - ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ კლოპი მომაკვდინებელ მანქანას ქმნიდა, რომელიც უთანასწორო ბრძოლაშიც კი, ფინანსურად მასზე ბევრად ძლიერ კლუბებს კონკურენციას გაუწევდა და მეტიც, დიდი ხნის ოცნებას აისრულებდა.

თავისი ფილოსოფიით მან გერმანიაში მიუნხენის ბაიერნის ჰეგემონიას ცოტა ხნით ბოლო მოუღო და ხალხის თვალში ყოვლისშემძლე მწვრთნელად იქცა. ბევრი წინადადების მიუხედავად, მან ლივერპულში წასვლა გადაწყვიტა, რადგან თვითონაც ხვდებოდა, რომ მისი სტილი "ენფილდის" მაგიურ გარემოსა და თვალებანთებულ გულშემატკივრებს იდეალურად მოერგებოდა. გარდა თავისი გიჟური ხასიათისა, კლოპი ისეთი საფეხბურთო კულტურის მიმდევარი იყო, რომელიც გულშემატკივრებში დადებით ემოციებს იწვევდა - ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთი ბრიტანული სულისკვეთების ელემენტებით, მეტოქის შეცდომებზე აგებული გეგენპრესინგი, დაცვის აწეული ხაზი, რომელიც თითოეულ მათ თამაშს უფრო დინამიურს და საინტერესოს ხდიდა…

ამ ყველაფერმა ახალი იდენტობის შექმნა განაპირობა და როგორც დაგეგმილი იყო, კლოპმა ახალი გვერდის და თავის ნაცვლად, ლივერპულის ისტორიის სულ ახალი წიგნის წერა დაიწყო. კლოპის გუნდის ყურების დროს ყოველთვის ერთი ცნობილი და გაცვეთილი ფრაზა მახსენდებოდა - “საუკეთესო დაცვა შეტევაა”. გერმანელი სპეციალისტის გუნდმა 900 გოლის გატანა 440 შეხვედრაში მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში - ამ შედეგის მისაღწევად ბილ შენკლის 55 მატჩით მეტი დასჭირდა.

კლოპის ლივერპულში ფირმინოს ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, სალაჰი კი გოლებით ლიდერობს

თუკი ეს შესაძლებელია, “You'll Never Walk Alone”-ის სიმღერა კლოპის დროს ფანემა უფრო ხმამაღლა დაიწყეს, ამ დამატებით ძალებს ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთმანეთს აწვდიდნენ, კლოპი კი შესაბამისი ატმოსფეროს შესაქმნელად ყველაფერს აკეთებდა. ერთი სიტყვით, 2015 წლის 8 ოქტომბერს ისეთი ლეგენდა დაიწყო, რომელსაც მშობლები ძილის წინ შვილებს უყვებიან ხოლმე, 2024 წელს კი, ეს ყველაფერი დასრულდება და "უკანაკსნელი ცეკვაც" ისეთი უნდა იყოს, როგორც ამ გუნდის ისტორიას შეეფერება.

ფურცელზე ლივერპულის მიღწევები მანჩესტერ სიტის მიღწევებთან შედარების დროს იფარება. მაგრამ როგორც იანისი იტყოდა, - “სპორტში წარუმატებლობა არ არსეობს”, - შესაბამისად, კლოპის თითოეული ნაბიჯი წარმატებისკენ სწრაფვად უნდა აღვიქვათ და ეს ასეც იყო. ცალკე საკითხია ის, რომ ლივერპულს ბრძოლა უთანასწორო პირობებში უწევდა, შედარებით უფრო მცირე რესურსებით კი გერმანელმა სპეციალისტმა “მენტალური მონსტრი” შექმნა, რომელიც, როგორც პეპ გვარდიოლა ამბობს, მას ღამე მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევდა. კლოპის ლივერპული ამ პერიოდში ესპანელი მწვრთნელის გუნდს 29-ჯერ შეხვდა. აქედან 12-ჯერ “წითლებმა” მოახერხეს გამარჯვება, 11-ჯერ კი “ქალაქელებმა”.

ზოგადად, მანჩესტერ სიტის ასეთ გუნდად ქცევა მეტწილად იურგენ კლოპის და ლივერპულის დამსახურებაცაა. 2018/19 და 2021/22 სეზონში მერსისაიდელებს მხოლოდ ქულა დააკლდათ ჩემპიონობამდე. შესაბამისად, გვარდიოლამ იცოდა, რომ ფეხის ერთი ნებისმიერი დაცდენა ყოველთვის ძვირად დაუჯდებოდა და დღითი დღე გაუმჯობესებას ცდილობდა. ლივერპული-სიტის მატჩების შემდეგ კლოპისა და პეპის ხელის ჩამორთმევას ცალკე კულტურული მემკვიდრეობა უნდა მიენიჭოს. ამ ხელის ჩამორთმევაში იგრძნობოდა პატივისცემა, სიყვარული, მტრობა… მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მადლიერები იყვნენ, რადგან ერთმანეთი დიდების იმ მწვერვალამდე მიიყვანეს, რომელზე მოხვედრასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ.

იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა

"ენფილდი" მის ხელში კიდევ უფრო აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ამ პერიოდში კლოპის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ გავიდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ბარსელონასთან 4:0 მოგებული შეხვედრა იყო, რომელშიც სალაჰისა და ფირმინოს გარეშე დარჩენილმა ლივერპულმა YNWA მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონა და კლოპის “მძიმე მეტალი” კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. შეხვედრის შემდეგ უმეტესობა ამ მოვლენას ფეხბურთელებს მიაწერდა, მაგრამ ის, რაც იურგენმა მოახერხა, წიგნებში არის შესატანი და დიდი ხნის შემდეგ, როცა ვინმეს მწვრთნელობა მოუნდება, გზამკვლევად უნდა გამოიყენოს. ეს არ იყო ერთი კონკრეტული შეხვედრისთვის შემუშავებული ტაქტიკა, ეს იყო პროცესის კულმინაცია, რომელიც მეტოქეებზე ბევრად უფრო გამოუცდელ მოთამაშეებს გამბედაობასთან ერთად, ყველა იმ საჭირო იარაღს აძლევდა, რაც წარმატების მისაღწევად საჭირო იყო.

21 წლის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კუთხურის მომენტიც კი ყველაფერზე მეტყველებს - კლოპი თავის ფეხბურთელებს მეგობრულ და დადებით გარემოში ამყოფებდა, პასუხისმგებლობის შიშთან ბრძოლას ასწავლიდა და მძიმე ტვირთის მარტივად ტარების უნარით მათ ყველაფერი გამოსდიოდათ. ზუსტად ამ ყველაფრის წყალობით, ლივერპულში თავის თამაშს უმეტესობა ფეხბურთელი პოულობდა - კლოპის პერიოდში 55-მა მოთამაშემ მოახერხა მერსისაიდელების მაისურით მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კლოპმა ლივერპულის აღამსრულებელ დირექტორთან, ბილი ჰოგანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. ყველაზე მეტად კი ჰოგანის სიტყვები დამამახსოვრდა - “ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ფიქრობდა, კლოპი ლივერპულის მწვრთნელი სამუდამოდ იქნებოდა.” - დიდი ალბათობით, ასე ფიქრობდა ლივერპულის ყველა გულშემატკივარი, ყოველ შემთხვევაში, ოცნებობდა მაინც და იმის აღიარება უჭირდა, რომ ოდესღაც ეს დროც დადგებოდა. კლოპის წასვლა არ ნიშნავს უბრალოდ მწვრთნელის ცვლილებას. ის არ იყო სისტემის ნაწილი, რადგან თავად ქმნიდა მას, შესაბამისად, ლივერპულში შემდეგი სეზონიდან ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, თუმცა, ამაზე ცალკე ვისაუბროთ.

და მაინც - რატომ იყო კლოპის ლივერპული ასეთი განსაკუთრებული? ნახევარი საუკუნის მერე, ვინც ამ ეპოქის წლებს გადახედავს და შეამჩნევს, რომ 9 წლის განმავლობაში მერსისაიდელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს პრემიერლიგის მოგება, გარკვეულწილად, ეს კითხვა გაუჩნდება. ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები ახსოვს, თუმცა, კლოპმა ამ დროის განმავლობაში ისეთი გუნდი შექმნა, რომ მომავალში მეტოქეთა ფანებსაც კი გაუჭირდებათ ცუდის თქმა - წარმოიდგინეთ, ამ პერიოდში ლივერპულს თავისი 5 მთავარი მეტოქის (სიტი, იუნაიტედი, ტოტენჰემი, არსენალი, ჩელსი) წინააღმდეგ უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე მარცხი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი - იურგენი საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მიუდგა და ლივერპული ისეთი გუნდი გახადა, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველას ყველაზე მეტად შეეშინდება.

ენფილდზე ბოლო მატჩი განსაკუთრებული იქნება

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გერმანელი სპეციალისტის "უკანაკსნელი ცეკვა" განსაკუთრებული უნდა იყოს და ამას თავად კლოპი იმსახურებს. ლივერპული ემოციებით სავსე ქალაქი და კლუბია, სადაც საკმარისზე მეტი ღირებულებები აქვთ, ამიტომ, ამ ვალდებულებას ყველა გულშემატკივარი და ფეხბურთელი გრძნობს. კლოპის სიტყვებიც სიმბოლური იყო, თითქოს, მის უკან ბოლო სეზონისთვის საჭირო მოტივაცია იმალებოდა. როცა ლივერპულს უკან დასახევი გზა არ აქვს სწორედ მაშინაა ყველაზე ძლიერი, ეს ადრეც არაერთხელ დამტკიცდა და კლოპმაც ზუსტად ასეთი სიტუაცია შექმნა.

ნორვიჩთან სათასო შეხვედრაში “ენფილდზე” გულშემატკივრებმა იურგენ კლოპს საოცარი ატმოსფერო დაახვედრეს. ფანები თავიანთ ცრემლებსა და ემოციებს სიმღერის ფონზე მალავდნენ, ამ სპექტაკლის მთავარი გმირი კი თავჩაღუნული სათადარიგო სკამზე იჯდა. წელს ამ სანახაობას, შედეგის მიუხედავად, არაერთხელ ვნახავთ. ბოლო მატჩის მოლოდინში კი, ერთი კადრი მახსენდება პიტერ უირის ეპოქალური ფილმიდან “მკვდარი პოეტების საზოგადოება”, რომელშიც მერხებზე ასული სტუდენტები თავიანთ ლექტორსა და წინამძღოლს ემშვიდობებიან.

ასე მოხდება “ენფილდზეც”, უბრალოდ, სტუდენტების ნაცვლად, იქ “სქაუზერები” იდგებიან, უოლტ უიტმენის ცნობილი ლექსის ფრაზას “O Captain! My Captain!” კი “You'll Never Walk Alone” შეცვლის...

კომენტარები

ბოლო ამბები