Thumbnail

'გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია' - ბორჯღალოსნების მწვრთნელები მზადებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის "შევარდენის" ბაზაზე ემზადება. "ბორჯღალოსნები", როლის გაფართოებულ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია, ახალი მთავარი მწვრთნელის, ინგლისელი რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. 

საქართველოს ნაკრებში კოკერილის, მისი ასისტენტების - ირლანდიელი კონორ მაკფილიპსისა და სამხრეთაფრიკელი შონ სოვერბის დებიუტი 4 თებერვალს, დესაუში, გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგება, რომელიც თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.
 
"ბორჯღალოსნების" ახალმა მწვრთნელებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან მზადების პროცესსა და მიზნებზე ისაუბრეს:

რიჩარდ კოკერილი (მთავარი მწვრთნელი): "ვემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის. ამ პროცესში ბევრი რამ ხდება ახალი - ახალ მწვრთნელებსა და მოთამაშეებთან ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ მნიშნელოვანია. გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ, თუმცა ამავდროულად, უნდა დავიჭიროთ ბალანსი - მომზადების პროცესი და ახალი მოთამაშეების გამოცდაც მნიშვნელოვანია".

კონორ მაკფილიპსი (შეტევის მწვრთნელი): "ვგრძნობ, რომ გუნდმა კარგად მიმიღო - როგორც სტაფმა, ისე მოთამაშეებმა. ვხედავ, რომ სწავლის დიდი სურვილი აქვთ. აქ დამხვდა ლევანის (მაისაშვილი) და ქორის (ბრაუნი) მიერ შექმნილი კარგი ბაზა. მოთამაშეებს აქვთ სასურველი სარაგბო უნარები და ესმით თამაში, თუმცა, ისინი ყოველთვის ეძებენ გზებს, გახდნენ უკეთესი. ჩემი საქმე და გამოწვევა მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაა. საბოლოო მიზანს კი ისეთი თამაშის ჩვენება წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ დონეზე მოგებაში დაგვეხმარება - არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია, ან როგორი მოწინააღმდეგე გვყავს. მოთამაშეებმა უნდა გაათვითცნობიერონ ამოცანა და შემდეგ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები წნეხის ქვეშ".

შონ სოვერბი (დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი): "ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ამ გუნდში დიდი ნიჭი და პოტენციალია. ჩვენი სამუშაო იქნება ის, თუ რამდენად კარგად განვავითარებთ ამ პოტენციალს, რათა საქართველო მომავალ წლებში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ისტორიულად, შერკინება და მოლი ქართული რაგბის ძლიერი მხარეებია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ძალა და პარალელურად, განვვითარდეთ სხვა მიმართულებითაც. უნდა შევძლოთ ქართული ფიზიკურობის დომინაცია მოწინააღმდეგეებზე და თუ ჩვენ ამაზე მუდმივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ტოპათეულში შესვლას".

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები მთავარი ფავორიტები არიან

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი სტარტს თებერვლის დასაწყისში აიღებს, მონაწილე ნაკრებები კი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: A-ში – საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი, B-ში – ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ. მესამე-მეოთხე ადგილოსნები მსგავსი პრინციპით იმ გუნდებს გამოავლენენ, რომლებიც მოგვიანებით მე-5 და მე-7 პოზიციებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტიტული 15-ჯერ აქვს მოგებული, წლევანდელ შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან საგარეო მატჩით ჩაებმება, შემდეგი ორი თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი: 10 თებერვალს - ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს - ესპანეთთან. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები