Thumbnail
  • ისრაელ ადესანიას და იუჯინ ბეარმენის შემდეგ She Loves The Gloves დენ ჰუკერს ესაუბრა
  • 'ჰენგმენმა' სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად ილია თოფურიაზეც ილაპარაკა
  • ექსკლუზიური ინტერვიუ UFC-ს ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლთან 

შერეული ორთაბრძოლები საოცარი ადამიანებით სავსე სპორტია. არა მგონია, ამდენი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული პიროვნება ერთდროულად სადმე სხვაგან შეგხვდეთ. ზოგი სტოიკურად ჩუმია, ზოგს პირიქით - ხმამაღალი თრეშთოქი უყვარს. იგივე ხდება ოქტაგონშიც: ზოგისთვის MMA ბრძოლა უბრალოდ სპორტული შეჯიბრია და მას შესაბამისი სიმშვიდითა და სნაიპერული სიფრთხილით უდგება. თუმცა, არსებობს მეორე კატეგორია - აბსოლუტური მანიაკები (ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით), რომლებსაც ნებისმიერი მატჩის ნამდვილ სისხლიან ომად გადაქცევის საოცარი ნიჭი აქვთ. 

ახალ ზელანდიაში მდებარე City Kickboxing-ის დარბაზში ჩემს პირდაპირ მჯდომი დენ “The Hangman” ჰუკერი სწორედ ასეთი მებრძოლია. მისი ნებისმიერი მატჩი აუცილებლად საყურებელია, თავად ჰუკერი კი არაადამიანური გამძლეობის და ბრძოლისუნარიანობის უნიკალური მაგალითია. მებრძოლი, რომელმაც არაერთი დაუვიწყარი ბატალია გვაჩუქა და რომელიც მოტეხილ ხელს “უბრალო ნაკაწრს” უწოდებს, ახლა სწორედ ამ ხელის რეაბილიტაციითა დაკავებული. ჰუკერის ოქტაგონზე ბოლო გამოსვლა სწორედ ამ ტრავმის გამო გადაიდო - ხელახლა მოტეხილი კიდური ოპერაციას მოითხოვდა.

დენის ცხოვრებაში დამყარებული იშვიათი სიმშვიდით ვისარგებლე და პატარა ინტერვიუზე დავითანხმე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კომუნიკაციაშიც ჰუკერი ისეთივე ლაღი, უდარდელი და პოზიტიური აღმოჩნდა, როგორიც ეკრანზე ჩანს ხოლმე, ჩვენი საუბარი ბევრად უფრო ღრმა და საფუძვლიანი გამოვიდა. 

She Loves The Gloves: დენ, დავიწყოთ იმით, რომ შენი დიდი ფანი ვარ. რა თქმა უნდა, პირველი, რაც მინდა გკითხო, ჯანმრთელობას ეხება. როგორ მიდის ხელის რეაბილიტაცია და შენს ოქტაგონში ნახვას როდის შევძლებთ?

ჰუკერი: ყველაფერი კარგად მიდის. ახლა მესმის, წინაზე შეცდომა სად დავუშვი და ამჯერად, ყველაფერს სწორად ვაკეთებ. რაც შეეხება ოქტაგონზე დაბრუნებას - ივნისში, ივნისის ბოლოს. (29 ივნისის) მაკგრეგორის და ჩენდლერის ქარდს შევუერთდებოდი (იცინის). ალბათ, სადღაც მაისის ბოლოს მზად ვიქნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოდინი მიღირს. რა იცი რა ხდება: ვინმემ ბოლო წამს ტრავმა თუ მიიღო, ორივეს დიდი სიამოვნებით დავუპირისპირდებოდი

She Loves The Gloves: თან, მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლის გამოცდილება უკვე გაქვს… 

ჰუკერი: კი და პირველ ბრძოლაზე უარესი გამოსვლა მაინც ვეღარ მექნება (იცინის). მაშინ ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდა - ამის მერე საქმე მხოლოდ უკეთესად შეიძლება წავიდეს.

She Loves The Gloves: კაი, სანამ სერიოზულ საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გკითხო: ტატუებით ბოლოდროინდელი გატაცება საიდან მოვიდა? რამე პიროვნული “გადატვირთვის” მანიშნებელია, თუ უბრალოდ ახლა მოიცალე და მაგიტომ იხატავ? ახალი გაკეთებული ტატუებით ვარჯიში მთლად სასიამოვნო, ალბათ, ვერ იქნება.

ჰუკერი: ნამდვილად არ იყო. [ახალი გაკეთებული ტატუებით] ადრე მაინც კი ვვარჯიშობდი, თუმცა, ახლა უფრო ადვილია. სიმართლე გითხრა, ტატუები აქამდე ასე ძალიან არ მაინტერესებდა. დიდად არც დავფიქრებულვარ ამ თემაზე. მერე დრო გამომიჩნდა და დავიწყე. ყველას ჩვენი სხეული და გემოვნება გვაქვს. ისე მოხდა, რომ დიდი ტატუები მომწონს, რომლებიც ბევრ დროს და გრძელ სეანსებს ითხოვენ. ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ. საკმაოდ დიდი დრო და ფული კი სჭირდება, მტკივნეულიც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ცდილობ შენი სხეული ისეთი გახადო, როგორიც გინდა, რომ იყოს. კი ამბობენ, ჩათრევა იცისო. ჩემ შემთხვევაში, ჯერ მკერდზე ტატუ დავიხატე, მერე მომეჩვენა, რომ რაღაცები აკლდა. ჰოდა შევყევი და შევყევი.

She Loves The Gloves: ფეხების გაკეთება, ალბათ, განსაკუთრებულად მტკივნეული იყო?

ჰუკერი: კი, თუმცა ეგეც თავისებური მენტალური გამოცდაა. [ოპერაციის გამო] მაინც ვერ ვვარჯიშობდი, ვერ ვჩხუბობდი, ჰოდა ახალი გამოწვევა ვიპოვე: 8-10 საათიანი ტატუ სეანსები. მაგრამ ამისგანაც სიამოვნების მიღება ვისწავლე.

ზოგადად, სხვისი აზრი დიდად არასდროს მაინტერესებდა. მე ჩემი ტატუები ძალიან მომწონს. კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ სხვებს უთქვამთ, ბევრი აკრიტიკებსო..

She Loves The Gloves: რა? ხუმრობ?

ჰუკერი: არა, მართლა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უამრავ კომპლიმენტებსაც ვიღებ.

She Loves The Gloves: რა ვიცი, რა გითხრა. მეც უმაგრესი მგონია, თან მართლა უნიკალური სტილი გაქვს შერჩეული. მოკლედ, დაიკიდე ჰეითერები.

ჰუკერი: ყოველთვის - დავიკიდოთ ჰეითერები!

She Loves The Gloves: კარგი, სანამ მკითხველი აგვიჯანყდა, მოდი, ბრძოლებზე ვისაუბროთ. ვეცდები, განსხვავებული კითხვები დაგისვა, თუმცა, აქედან რამე უკვე თუ გკითხეს - არ მიწყინო. პირველი: რომ შეგეძლოს, შენი წარსული ბრძოლებიდან რომელს გამოსცდიდი თავიდან?

ჰუკერი: ჩვენი სპორტის ყველაზე მშვენიერი ნაწილი ხომ სწორედ ესაა - მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა. ყველა ბრძოლა რაღაცას გასწავლის, ყოველი მომენტი განსაკუთრებულია. მისი ხელახლა გამოცდის მცდელობა არ იქნებოდა სწორი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბრძოლაზე გვაქვს საუბარი - მოგებულზე თუ წაგებულზე - ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცების უკეთესად გაკეთება შემეძლო. ასე რომ, დროის უკან დაბრუნება და რაღაცის ხელახლა შექმნა... არა, არაფერს შევცვლიდი.

She Loves The Gloves: გაუმჯობესებას თავი დავანებოთ და იმავე ემოციებს არ გამოსცდიდი?

ჰუკერი: არა - უკეთესი მინდა! კი, ჩემი UFC დებიუტი, ჩემივე ქალაქში ძალიან განსაკუთრებული იყო. თუმცა, იმ საღამოს ახლა რომ დავუბრუნდე, იგივე ემოციები უბრალოდ ვერ მექნება - ახლა, “უფრო მაღალ ფსონებზე თამაში” მჭირდება. ჯერ მეინ ქარდზე იბრძვი, შემდეგ მეინ ივენთი ხარ, მერე იღებ ბრძოლას ტიტულის პრეტენდენტის სტატუსზე - ყოველ ნაბიჯზე მეტი და მეტი. ესეც ნარკოტიკივითაა.

She Loves The Gloves: კარგი, მაშინ სხვა მიმართულებით წავიდეთ. წაგებული ბრძოლებიდან, რომლის “გამოსწორებას” ისურვებდი? თავიდან ვის დაუპირისპირდებოდი?

ჰუკერი: ჩენდლერს. უეჭველი. ისევ და ისევ იმიტომ, რომ იმაზე უარეს პერფორმანსს, რაც მქონდა, ფიზიკურად ვეღარ დავდებ (იცინის). უარესი უბრალოდ არ არსებობს. 

She Loves The Gloves: …თუ ოქტაგონზე გამოსვლისას არ დაეცი?

ჰუკერი: ჰო, კიბეებზე ამოსვლისას თუ არ დაეცი და ხელი არ მოიტეხე (იცინის).

She Loves The Gloves: ხუმრობები იქით იყოს და იმ ბრძოლის მერე ძალიან იმედგაცრუებული კი ჩანდი.

ჰუკერი: ვიყავი კიდეც. მაგრამ ეს სპორტია. თავმდაბლობას გასწავლის. სამყარომ ზუსტად იცის, რომელი ცხოვრებისეული გაკვეთილი როდის უნდა ჩაგიტაროს. იმ მომენტში მჭირდებოდა, ვინმეს ჩემთვის ეთქვა “გაჩუმდი და თავმდაბლობა იქონიე!”. და ეს გაკვეთილი მივიღე.

ამიტომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ამას შევცვლიდი. იმ სიტუაციის მიმართ არანაირი უარყოფითი გრძნობები არ მაქვს. წაგებული ბრძოლების გარეშე, ვერასდროს გავხდებოდი ის მებრძოლი, რომელიც დღეს ვარ. სამყარო სხვანაირად არ მუშაობს - ხასიათის საუკეთესო თვისებებს ყველაზე მკაცრი გამოცდებისა და მძიმე ბრძოლების დროს ავითარებ. რომელიმე მათგანის შეცვლა სწავლის და გამოცდილების დაკარგვას ნიშნავს.

წაიკითხე'ჩემი ისტორია ჯერ არ დასრულებულა' - ექსკლუზიური ინტერვიუ ადესანიასთან

She Loves The Gloves: და რა იყო ის გამოცდილება, რაც იმ წაგებამ გასწავლა? რა შეგეშალა? არ ელოდი, რომ ჩენდლერი ასე აგრესიულად დაიწყებდა ბრძოლას?

ჰუკერი: არა, ყველაზე დიდი გაკვეთილი სულ სხვა იყო. ჩემი გუნდიც, ჩემი მწვრთნელები - ყველა მეუბნებოდა, ამ ბრძოლაზე არ დათანხმდეო. Covid-ის პერიოდი იყო, დუბაიში 5 კვირა უნდა გამეტარებინა, მერე ახალ ზელანდიაში ორკვირიანი კარანტინი მიწევდა. სულ 7 კვირა. მაგრამ მე ხომ ახალგაზრდა ვიყავი! ეგომ მიმტყუნა. მეგონა, რომ წესიერი მომზადების გარეშეც შემეძლო მოგება. მეგონა, იმდენად კარგი ვიყავი, ჩემი გუნდის გარეშეც გავიმარჯვებდი და სამყარომ დამიმტკიცა: იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, მჭირდება ეს “სწორი ხალხი”, თავიანთ “სწორ ადგილებში”. 

ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იყო და, სწორედ მაგიტომ, ამას არასდროს შევცვლიდი. ამ ბრძოლის შემდეგ უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ! მადლიერი ვარ იმ გუნდის, რომელიც გარშემო მყავს, მადლიერი ვარ იმ რთული ვარჯიშების, რომლებსაც გავდივართ. მადლიერი ვარ ჩემი სპარინგ პარტნიორების და იმ ცოდნის, რომელსაც ჩემი მწვრთნელები მიზიარებენ. რომ იმ დროს, რომლის ოჯახებთან გატარება შეეძლოთ, ჩემთან ბრძოლებისთვის მომზადებასა და მოგზაურობაში ატარებენ. არა, არაფერს შევცვლიდი.

She Loves The Gloves: საოცარი მიდგომაა! მაშინ, ვინ იყო შენთვის ყველაზე რთული მეტოქე?

ჰუკერი: მე (იცინის). შენი ყველაზე რთული ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ შენში საუკეთესო გამოავლინოს. არ არსებობს არავინ, ვისი ოქტაგონზე დამარცხება არ შემეძლო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევა აქამდე ვერ მოვახერხე ისევ და ისევ მე ვარ - ჩემი შეცდომები, საკუთარ თავში ეჭვები. ვარჯიშთან არასწორი მიდგომა, ეგო, ის, რომ სწორ დროს სწორ ხალხს არ დავუჯერე. დამნაშავე ყოველთვის თავად მე ვარ.

ამ სპორტში საკმარის დროს თუ გაატარებ, საკმარისი რაოდენობის ადამიანს დაანოკაუტებ და ხვდები: ჭრილობისას, სისხლი ყველას მოგვდის. ახალგაზრდა რომ ხარ, ზოგჯერ ოქტაგონზე ისეთ ადამიანთან გამოდიხარ, ვისაც გგონია, ვერასდროს დაამარცხებ. დარბაზში კი კარგად ჩანს ხოლმე, რომ ყველანი უბრალო ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ცუდი დღეები. არ არსებობს სუპერ-მებრძოლები ან მისტიკური ძალების მქონე მეტოქეები. ნებისმიერი ადამიანის დანოკაუტება შესაძლებელია.

She Loves The Gloves: მშვენიერი პასუხია. ვისაუბროთ იმათზე, ვინც დაამარცხე - რომელია შენი საყვარელი გამარჯვება UFC-ში?

ჰუკერი: ალბათ, ისევ და ისევ UFC Auckland-ზე პოლ ფელდერთან გამარჯვება. მართლა განსაკუთრებული მომენტი იყო. თავად გამარჯვებაც, ბრძოლაც, ის, როგორი დაძაბული დაპირისპირება იყო, ისიც, რომ გაყოფილი გადაწყვეტილებით მოვუგე. დგახარ ხალხით სავსე არენაზე, მშობლიურ ქალაქში…და იგებ, რომ გაიმარჯვე. მეორე ასეთი გრძნობა უბრალოდ არ არსებობს.

ადამიანებს ჰგონიათ, როდესაც იმარჯვებ, ბედნიერებას ან აღფრთოვანებას გრძნობ. არადა მთავარი ემოცია შვებაა. წარმოიდგინე, ამხელა მომზადების მერე, რომ დაგანოკაუტონ… 10,000 ნაცნობის წინაშე. ეს ჩემი სახლია, აქ ვცხოვრობ. ამ ადამიანების დიდ ნაწილთან, ასე თუ ისე, რაღაც მინიმალური შეხება მაინც მქონია... ამიტომ, იმ ბრძოლაში გამარჯვება განსაკუთრებული იყო.

She Loves The Gloves: სხვათა შორის, ჩეილ სონენი ამაზე ხშირად საუბრობს: ყველა სპორტში სახლში თამაში უპირატესობას გაძლევს, MMA-ში კი პირიქით - საქმეს მხოლოდ გირთულებსო.

ჰუკერი: შეიძლება. თუმცა, ამაშიც რაღაც თავისებური ბალანსი არსებობს. როდესაც სახლიდან შორს იბრძვი, კი ბატონო, ნაკლებ ზეწოლას გრძნობ. თუმცა, აუდიტორიისგანაც იმავე ენერგიით ვერ იმუხტები. ამიტომ, ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსიც აქვს. უბრალოდ, სხვადასხვა გამოცდილებებია და შენც ამათთან გამკლავებას სწავლობ.

She Loves The Gloves: ბლიც-კითხვა: MMA-ში G.O.A.T-ებზე მუდმივად ვდავობთ. შენი ვინაა?

ჰუკერი: ანდერსონ სილვა!

She Loves The Gloves: არის ვინმე ისეთი, ვისთანაც ბრძოლა აუცილებლად გინდა, სანამ კარიერას დაასრულებ?

ჰუკერი: დივიზიონი ისე სწრაფად იცვლება, ბევრი პოტენციურად კარგი ბრძოლა არსებობს. ისეთი არავინაა, ვისთანაც დაპირისპირებას იმიტომ ვისურვებდი, რომ მის მიმართ უარყოფითი ემოციები მაქვს. მაგარ ბრძოლებს რაც შეეხება… ალბათ, გეიჯი? ერთ დღეს უნდა შევხდეთ ერთმანეთს!

She Loves The Gloves: ღმერთო… უკვე ვხედავ ბრძოლის შემდგომ სურათებს საავადმყოფოდან, სელფებს რომ იღებთ ერთად.

ჰუკერი: კი, კი, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს (იცინის). ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს.

She Loves The Gloves: სასწაული ბრძოლა იქნებოდა! ისე, პროფესიონალურ მებრძოლად ყოფნის ყველაზე რთული ასპექტი რა არის?

ჰუკერი: გულწრფელად, არც კი ვიცი, რა გიპასუხო. შეიძლება, შეშლილი ვარ, მაგრამ ამ საქმეში ყველაფერი მომწონს - რთული ვარჯიშებიც, ტრავმებიც, წონის გდებაც თავისებური გამოწვევაა. ეს ყველაფერი მთელი გულით მიყვარს. ის შეგრძნება, რასაც ბრძოლისგან იღებ, ასეთი სხვა არაფერი არსებობს. სხვა ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა რომ არ მიწევდეს, ასეთ ფორმაში რატომ ვიქნებოდი? ვინმე უკან თუ არ მომდევს, რატომ უნდა ვირბინო? დღის ბოლოს სახლში დაღლილი რომ მოვდივარ, ამასაც განსაკუთრებით ვაფასებ. იმიტომ რომ ვიცი: ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება.

She Loves The Gloves: არ ვიცი, გჯერა თუ არა, მაგრამ კარგად მესმის, რასაც ამბობ. თუმცა, მოვიდა დრო, ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ… შენი კარგი მეგობარი, ალექს ვოლკანოვსკი, ახლა ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის ემზადება. როგორც იცი, მე და ილია ერთ ქვეყანას წარმოვადგენთ და თოფურიას აქვს შანსი, რომ UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდეს. როგორ ხედავ ამ ბრძოლას? რამდენად სახიფათო მეტოქეა ილია ალექსისთვის?

ჰუკერი: რა თქმა უნდა, სახიფათო მეტოქეა. ილია უამრავ რამეს ბრწყინვალედ აკეთებს. მაგრამ, გულწრფელად, მგონია, რომ ვოლკანოვსკის იარაღის უფრო დიდი არსენალი აქვს. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ გამოცდილებას შეხედე. რამდენი ბრძოლა ჰქონდა, მსოფლიოში ყველაზე დიდ სცენაზე, რამდენი სხვადასხვა იარაღის გამოყენება მოუწია. მართლა მგონია, რომ ყველაზე სრულყოფილი მებრძოლია, ვისთანაც ოდესმე მივარჯიშია. გრეპლინგის დონე, სტრაიკინგის დონე… ილია ძალიან კარგი მებრძოლია, თუმცა, ასეთი არსენალი უბრალოდ არ აქვს. როცა ვოლკანოვსკი საკუთარ მოძრაობებს და ფეხებით დარტყმების იწყებს - ყველაფერი სხვანაირი ხდება.

She Loves The Gloves: ძალიან მიყვარს ვოლკანოვსკის ბრძოლის სტილი. არც კი ვიცი, ისლამთან მის პირველ ბრძოლას რამდენჯერ ვუყურე, იმდენად შთამაგონებელია ჩემთვის. თუმცა, ნაკლებად შთამაგონებელი ბრძოლები არც შენ გქონია. მაგალითად, მატჩი დასტინ პორიესთან. რა გახსოვს იმ ბრძოლაზე?

ჰუკერი: იმ ბრძოლამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ვიტყოდი, რომ ის გაკვეთილი, რაც მაშინ მივიღე, ჩემი ბოლო ორი ბრძოლის მოგებაში დამეხმარა. ის სიმშვიდე, რაც დასტინისგან მაშინ ვნახე - როდესაც ბევრი რამ არ გამოსდიოდა და რაუნდებს აგებდა. ისეთი მშვიდი იყო, მახსოვს, ვფიქრობდი: “რატომ ხარ ასეთი მშვიდი? რა იცი ისეთი, რაც მე არ ვიცი?”. 

ბოლო ორ ბრძოლაში, როდესაც ჩემი ოპონენტები ჩემზე წინ იყვნენ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ისინი იმავენაირად მიყურებდნენ, როგორც მე დასტინს მაშინ და მათ თვალებში იგივე პანიკა შევატყვე - რომ ვერ ხვდებოდნენ, რა ვიცოდი ისეთი, რაც მათ არ იცოდნენ. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი, რაც სხვებმა არ იციან. ზოგადადაც, დასტინთან მატჩი კარგი იყო. ახლაც თავიდან რომ ვნახულობ ხოლმე, სულ ვფიქრობ - “მაგარი ბრძოლაა!”

She Loves The Gloves: ალბათ, მაგარი შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ ფანებს ასეთი საოცარი სანახაობა აჩუქე.

ჰუკერი: ვერც კი გავიაზრე. ბრძოლების მერე ძალიან ცოტა ადამიანს ველაპარაკები ხოლმე. ვისაც ველაპარაკები, ისინიც ახლო მეგობრები არიან და, ხომ ხვდები, ნებისმიერ შემთხვევაში შემაქებენ და მხარს დამიჭერენ. თუმცა მერე სხვებმაც დაიწყეს იმის აღნიშვნა, თუ რამდენად მოეწონათ ის ბრძოლა და რამდენად ისიამოვნეს მისი ყურებით.

She Loves The Gloves: დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი მაგარი ბრძოლა გელის.

ჰუკერი: მეც დარწმუნებული ვარ. ზოგადად, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო წელიწად-წელიწადნახევარში ყველაფერი თითქოს დალაგდა. პაზლივით აეწყო და როგორც ზემოთ ვთქვი, ახლა მართლა რაღაც ისეთი ვიცი, რაც სხვებმა არ იციან. არც იმის ზეწოლას ვგრძნობ, რომ ეს მაინც და მაინც მალევე უნდა დავამტკიცო - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს გარდაუვალია და თავისით მოხდება. 

She Loves The Gloves: რამე კონკრეტული მომენტი იყო, როდესაც “დალაგდა”?

ჰუკერი: არა, მომენტს ვერ გამოვარჩევდი. უფრო პროცესს დავარქმევდი. ერთი რამის შედეგი კი არა, არამედ იმ რაღაცების დამსახურებაა, რასაც რეგულარულად ვაკეთებდი. ყველაფერი, რაც კარიერაში გამიკეთებია, წაგებების ჩათვლით. იმიტომ, რომ როდესაც წააგებ, გიწევს სარკეში ჩაიხედო და საკუთარ თავს ჰკითხო - “რა არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც წავაგე?”. და მერე იმავე კითხვაზე გულწრფელი პასუხი გასცე, რაც, მგონია, ბევრ სხვა მებრძოლს არ შეუძლია. მარცხებს ხან საკუთარ გუნდს, ხან რამე სხვა გარემოებებს აბრალებენ. არადა, უნდა შეგეძლოს იმის თქმა, რომ “წავაგე იმიტომ, რომ რაღაც არ გავაკეთე, რაღაცასთან არასწორი მიდგომა მქონდა”.

პროცესია, ამ მომენტების მთელი კატალოგი გიგროვდება. ეს გამოცდილებები ეგოსთვის ყველაზე კარგი შემოწმებაა. კარიერის დასაწყისში ყველა დაუმარცხებელია. ყველა “მაგარი ტიპია”. მაგრამ თუ წააგე, მერე რა ხდება? ის “მაგარი ტიპი” კვლავაც იქნები? შეგიძლია ისევ ოქტაგონზე შემოაბიჯო და ისევ გჯეროდეს, რომ შენი დამარცხება არავის შეუძლია? როდესაც მშვენივრად იცი, რომ შეუძლიათ - წინაზე ხომ დაგამარცხეს, დაგანოკაუტეს. შეძლებ კვლავაც იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და იბრძოლო ისე, თითქოს ვერავინ მოგერევა? ესაა მთავარი კითხვა და ყველაზე დიდი საიდუმლოც.

წაიკითხე'ილიას დროც მოვა' - ექსკლუზიური ინტერვიუ ვოლკანოვსკის მწვრთნელთან

She Loves The Gloves: არც კი ვიცი, რა დავამატო. ასეთ სიღრმისეულ საუბარსაც არ ველოდი. მადლობა. სამწუხაროდ, მალე უნდა გაგიშვა. მანამდე კი, მოდი, მომავალ ბრძოლებზე შენი პროგნოზები გამიზიარე. დავუბრუნდეთ დასტინ პორიეს. ბევრს გაუკვირდა, რომ ბენუა სენ დენისთან ბრძოლაზე დათანხმდა. ბოლო-ბოლო, დივიზიონის #3 და #12 მებრძოლთა დაპირისპირება ხშირად არ ხდება. 

ჰუკერი: დროის ამბავი მგონია. დასტინი იბრძვის მაშინ, როდესაც თავად სურს. ეტყობა, ბრძოლა უნდოდა და ეს საუკეთესო ვარიანტი იყო, რაც შეეძლო მისთვის შეეთავაზებინათ. ალბათ, მართლა ძალიან მოენატრა შეჯიბრი. ამ დროს ვეღარ ისვენებ, ხომ გესმის.

She Loves The Gloves: ჰაჰა, მესმის, კი. შენც წუხდები ხოლმე? რამდენი დრო უნდა ხოლმე, სანამ შენც მოუსვენარი ხდები?

ჰუკერი: თავს რომ ვეღარ ვაკონტროლებ? კიდევ კაი, ისეთი ხალხი მყავს გარშემო, ვინც მაჩერებს ხოლმე. და სულელური ნაბიჯების გადადგომის უფლებას არ მაძლევენ. 

She Loves The Gloves: მადლობა ამ კარგ ადამიანებს. კიდევ ერთი მატჩი დაანონსდა - ოლივეირა vs. ცარუკიანი. ამ ბრძოლაში ვის აძლევ უპირატესობას?

ჰუკერი: რამდენი რაუნდია? ეს ხომ UFC 300-ზე იქნება? გააჩნია, რამდენ რაუნდს იჩხუბებენ. სამრაუნდიანი ცარუკიანს უფრო აწყობს. თუ ჩარლზის გამოჭერა ადრე მოახერხა… მეორე რაუნდს თუ გადასცდა, მგონია, რომ ჩარლზი მოუგებს. თუმცა, სინამდვილეში, 50/50 ბრძოლაა.

She Loves The Gloves: კარგი. ბოლო კითხვაა და გიშვებ. MMA-ში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

ჰუკერი: ჰმ. ალბათ, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის კვლევებში უფრო მეტ რესურსს ჩავდებდი. ტვინზე ეფექტების და ტრავმების გამოკვლევებში. ჩემი აზრით, ადამიანები უნდა ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, სანამ ამ სპორტში მოღვაწეობას გადაწყვეტენ. იმიტომ კი არა, რომ აზრი შეცვალონ - არა მგონია, ვინმემ ამის გამო MMA-ში ასპარეზობა გადაიფიქროს. 

She Loves The Gloves: გეთანხმები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, ვინც არასაჭიროდ ძლიერად სპარინგობს და ჯანმრთელობაზე გრძელვადიან ჭრილში არ ზრუნავს. 

ჰუკერი: ამიტომაც კარგად მინდა, ესმოდეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. შესაბამისად რომ იმოქმედონ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. სულ მეფიქრება: ცხოვრება გრძელია, შვილო, ტვინი მომავალში კიდევ გამოგადგება. ზოგი ადამიანი მის გარეშე კი ცხოვრობს, თუმცა, როცა ტვინი გაქვს - გაცილებით უფრო მარტივია (იცინის). 

She Loves The Gloves: ამაზე უფრო მშვენიერ ნოტაზე ამ ინტერვიუს ვერ დავასრულებდი! მეც, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას და ჩქარ რეაბილიტაციას გისურვებ. კიდევ ერთხელ - უღრმესი მადლობა ამ უმაგრესი საუბრისთვის და მოუთმენლად ველით შენს დაბრუნებას ოქტაგონზე!

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები