Thumbnail

პორტუგალიის სარაგბო ნაკრების კაპიტანი თომას ეპლტონი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოახლოებულ სეზონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის გუნდს მხოლოდ ჩემპიონობა დააკმაყოფილებს.

"ჩვენი მიზანი? მხოლოდ პირველი ადგილი. ეს არ ნიშნავს, რომ კონკურენტებს პატივს არ ვცემთ. იგივე ჩვენს ჯგუფში ბელგია და პოლონეთიც ყურადღებას იმსახურებენ, მთავარი მეტოქე კი რუმინეთი იქნება. ყველასთვის ნათელია, რომ ძირითადი ბრძოლა საქართველოსთან მოგვიწევს, თუმცა, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ სეზონში საქმე ბოლომდე მივიყვანოთ".

პორტუგალიელთა ამბიციები რომ გაზრდილია, ეს გასაკვირი არაა. შეგახსენებთ, რომ "ლობუშმა" გასულ მსოფლიო თასზე საქართველოსთან ფრედ (18:18) ითამაშა, შემდეგ კი ფიჯის სენსაციურად დამარცხება (24:23) მოახერხა.

შედეგად, პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფში 6 ქულა მოაგროვა და საქართველო (3) ბოლო ადგილზე დატოვა, ამას გარდა კი, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბის რეიტინგშიც გაასწრო. ამ დროისთვის, პორტუგალია 72.78 ქულით მეცამეტეა, ხოლო საქართველოს 72.68 ქულით მე-14 პოზიცია უკავია.

კაპიტნები მერაბ შარიქაძე და თომას ეპლტონი გასული მსოფლიო თასის მატჩის წინ

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი სტარტს თებერვლის დასაწყისში აიღებს, მონაწილე ნაკრებები კი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: A-ში – საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი, B-ში – ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი.

ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ. მესამე-მეოთხე ადგილოსნები მსგავსი პრინციპით იმ გუნდებს გამოავლენენ, რომლებიც მოგვიანებით მე-5 და მე-7 პოზიციებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან საგარეო მატჩით ჩაებმება, შემდეგი 2 თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი: 10 თებერვალს – ნიდერლანდებთანა და 17 თებერვალს – ესპანეთთან. პორტუგალიას სასტარტო თამაში 3 თებერვალს ბელგიაში ელის. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზშია დაგეგმილი.

ბორჯღალოსნებს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული და აშკარა დომინანტები არიან. საქართველოს ნაკრებმა 2010 წლიდან მოყოლებული ტიტული ერთადერთხელ დათმო: 2016-17 წლების სეზონში გამარჯვებული რუმინეთი გახდა. ამ ნაკრებების გარდა, შეჯიბრის გამარჯვებული მხოლოდ სწორედ ხსენებული პორტუგალია ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები