Thumbnail
  • დოლიძეს, დვალიშვილსა და თოფურიას თებერვალში მნიშვნელოვანი ბრძოლები ელით
  • უახლოეს მომავალში, შესაძლოა, UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ვიხილოთ
  • She Loves The Gloves ქართველი მებრძოლების მომავალ დაპირისპირებებზე

თებერვალი სიყვარულის თვეა. ჩემი მოკრძალებული აზრით კი, ქართველებს არაფერი გვიყვარს ისე, როგორც სპორტი და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და MMA-ს შორის რომანი შედარებით ახალი დაწყებულია, ჩვენმა ათლეტებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტში უკვე სოლიდურ შედეგებს მიაღწიეს.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მიმდინარე თვე ქართული MMA-სთვის შეიძლება, ჭეშმარიტად ისტორიული აღმოჩნდეს. 4 თებერვალს, მსოფლიოში საშუალო წონის #8 მებრძოლი, რომან დოლიძე, UFC Fight Night 235-ის ჰედლაინერი იქნება. 18 თებერვალს კი, თვის მთავარ pay-per-view ივენთზე, მსოფლიოში 2 საუკეთესო ქართველი ათლეტი იქნება წარმოდგენილი. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის ლეგენდას, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, ხოლო ილია თოფურიას აქვს შანსი, შევიდეს სპორტის ისტორიაში, როგორც UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი. 

მოდი, პატარა ქვეყნისთვის ამ მოულოდნელი წარმატების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. 

რომან დოლიძე VS. ნასურდინ იმავოვი

დოლიძის და იმავოვის UFC Fight Night 235-ზე დაპირისპირება რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. თუმცა, სპორტული ნიუანსების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრძოლის ე.წ. ბიზნეს ასპექტი.

როდესაც საქმე მარკეტინგს ეხება, MMA ნამდვილი “ველური დასავლეთია”. PR სკანდალები არ დაილევა, ხოლო რეიტინგს და ზოგჯერ საჩემპიონო ტიტულებსაც არც ისე დიდი წონა აქვთ. თუმცა, არსებობს დაუწერელი კანონი, რომელიც სპორტის ტურბულენტურ 30-წლიან ისტორიაში კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაყენებულა. ეს კანონი ბრძოლების ქარდზე განლაგებას ეხება. 

მარტივად: UFC-ს საღამოს მთავარი გმირი ისაა, ვინც ოქტაგონზე ბოლო გამოდის. სპორტის ყველაზე დიდი ვარსკვლავიც - კონორ მაკგრეგორი - ასეთად მხოლოდ იქამდე ჩაითვლება, სანამ UFC ივენთის ჰედლაინერის ადგილი უკავია. არ აქვს მნიშვნელობა, კონორს ბოლო 10 ბრძოლიდან რამდენი ექნება წაგებული. სანამ მაკგრეგორის სახელი ქარდს აგვირგვინებს, ირლანდიელის მაგია ძალაშია.

რომან დოლიძე 4 თებერვალს ძლიერ მეტოქეს შეხვდება

4 თებერვალს რომან დოლიძე ოქტაგონზე ბოლო გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ივენთი pay-per-view კი არა, არამედ Fight Night-ია, ეს ფაქტი მის კარიერაში გარდამტეხ მომენტზე მიგვანიშნებს: დოლიძე-იმავოვის გამარჯვებული საშუალო წონის სატიტულო მატჩისგან არც ისე შორს იქნება. მოგების შემთხვევაში, ქართველის შემდეგი ბრძოლა შეიძლება ჩაინიშნოს დივიზიონის ისეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ, როგორებიც არიან შონ სტრიკლენდი, რობერტ უიტეკერი, ჯარედ კანონიერი, ან, თუნდაც, ადესანია-დუ პლესის პოტენციური დაპირისპირების წაგებული.

ბრწყინვალე პერსპექტივების მიუხედავად, მოდი, ცოტა ხნით აწმყოს დავუბრუნდეთ. დივიზიონის #11 ნასურდინ იმავოვი სერიოზული მეტოქეა. მეტიც - ბუქმეიქერების შეფასებით, საფრანგეთის წარმომადგენელი ამ ბრძოლაში ფავორიტია. თუმცა, არც დოლიძეს მოგებას უნდა გამოვრიცხავდეთ: ქართველი სრულყოფილი მებრძოლია, რომელსაც ნოკაუტის სერიოზული საფრთხის გარდა, არსენალში კარგი გრეპლინგი და სამბმიშენები აქვს. რეიტინგში დოლიძეზე უფრო დაბალი პოზიციის მიუხედავად, იმავოვის მსგავს სახიფათო მეტოქესთან ბრძოლა რომანისთვის კარგი ტესტია. თუ მან საკუთარი პოტენციალის გამოვლენა შეძლო, ქართული MMA-სთვის თებერვალი მაღალ ნოტაზე დაიწყება, ხოლო ქვეყანას საშუალო წონის ქამარზე პოტენციური პრეტენდენტი ეყოლება.

მერაბ დვალიშვილი VS. ჰენრი სეხუდო

ამ ბრძოლაზე გასული წლის ბოლო სტატიაში დეტალურად ვისაუბრეთ, ხოლო ტექნიკურ მიმოხილვასა და პროგნოზს მომავალ კვირებში შემოგთავაზებთ. მანამდე კი, განვიხილოთ თავად ამ მატჩის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ყველა წესით დვალიშვილი ახლა შონ ო’მალის წინააღმდეგ სუპერმსუბუქ ქამარზე უნდა იბრძოდეს. ამას მერაბის დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილიც და 9-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ადასტურებს. თუმცა, სპორტის ბიზნეს მხარეს სხვა ინტერესები ჰქონდა და დვალიშვილს ტიტულზე კიდევ ერთი განაცხადის გაკეთება უწევს. 

მერაბის მეტოქე - დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და #3 მებრძოლი - ჰენრი სეხუდო ძალიან სახიფათო მეტოქეა. თუმცა, ჭიდაობაში ოლიმპიურ ოქროს მედალოსანსა და UFC-ს ყოფილ ორმაგ ჩემპიონთან ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი დამსახურებული ფავორიტია. რამდენიმე წლის წინ თავად ეს ფაქტიც კი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა.

სეხუდოსთან მოგების შემდეგ, მერაბმა სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს!

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა - მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის “უგვირგვინო მეფედ” ითვლება. სპორტის ექსპერტებს და MMA მედიის წარმომადგენლებს კი სჯერათ, რომ თუ ქართველ “მანქანას” ტიტულზე ბრძოლის შანსი მიეცა, ის 2024 წელს დივიზიონის ჩემპიონად დაამთავრებს. ახლა კი მთავარია, ამ შანსამდე მივიდეთ. 

წესით და რიგით, დვალიშვილი-სეხუდოს UFC 298 მატჩის მოგებული შემდეგ ო’მალი-ვერას სატიტულო ბრძოლის გამარჯვებულს ქამარზე დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მარტში, UFC 299-ზეა ჩანიშნული. ასეთი განვითარება განრიგის თვალსაზრისითაც სრულიად ლოგიკურია. თუმცა, ამ დივიზიონში სიტუაცია იმდენად არეული და არაპროგნოზირებადია, რომ, სამწუხაროდ, ცალსახად ვერაფრის თქმა შეგვიძლია. ტიტულზე ბრძოლის საკუთარი შანსების მაქსიმალურად გაზრდისთვის, დვალიშვილს სეხუდოსთან ფინიში სჭირდება. ქართველისთვის ეს იდეალური შედეგი იქნებოდა, რომლის მიღწევასაც მთელი გულით ვუსურვებ.

ილია თოფურია VS. ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ილია თოფურია ჭეშმარიტად დიადი მიღწევის წინაშე დგას. UFC-ს სუპერვარსკვლავის სტატუსის გარდა, ერთი ხელის გაწვდენაზეა, რომ ისტორია დაწეროს. პოპულარობის, ჰონორარებისა და ოქროს ქამრის დაკარგვა შეიძლება, მაგრამ - “UFC-ს პირველი ჩემპიონი საქართველოდან”- ამ ტიტულს ვერცერთი მეტოქე ვერასდროს წაგართმევს. 

თუმცა, ამ ლეგენდარული მიზნის მისაღწევად გადასალახი გამოწვევაც უდიდესია. ალექსანდრ ვოლკანოვსკი, როგორც ქვემსუბუქ დივიზიონში, ასევე მსოფლიოში და UFC-ს ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მეტიც: უნარების არსენალის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ალექსი ყველაზე ახლოსაა იდეალურ მებრძოლთან. ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ვერც ერთ შემთხვევაში ადვილი ვერ იქნება.

საინტერესო ისიცაა, რომ ვოლკანოვსკის გარდა, დივიზიონის 14-წლიან ისტორიაში ქვემსუბუქ წონას მხოლოდ 3 ჩემპიონი ჰყავდა: ჟოზე ალდო, კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოვეი. ავსტრალიელის 1500-დღიანი საჩემპიონო პერიოდის გარღვევის შემთხვევაში, ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში მსუბუქი წონის მე-5 ჩემპიონად შევა. შედარებისთვის: საშუალო წონის ქამარმა მფლობელი 5-ჯერ მხოლოდ ბოლო 14 თვის განმავლობაში შეიცვალა.

ახალგაზრდა პრეტენდენტის და ლეგენდარული ჩემპიონის დაპირისპირება - MMA-ს უკვდავი კლასიკა და ყველაზე საინტერესო, არაპროგნოზირებადი მოვლენა. ტიტანთა შერკინება, რომელიც ამ დივიზიონს 2015 წლის მაკგრეგორ-ალდოს ბრძოლის შემდეგ არ უნახავს. თუმცა, ამჯერად, ტატუებით მოხატული, ახალგაზრდა და უაღრესად თავდაჯერებული პრეტენდენტი ოქტაგონზე ირლანდიის მწვანე, თეთრი და ნარინჯისფერის ნაცვლად, საქართველოს წითელჯვრიანი დროშით გამოდის.

და ბოლოს…

MMA ნამდვილად უგულო სპორტია, რომელსაც არც ფავორიტების, არც ანდერდოგების, არც ცრემლების სჯერა. ამ ინდუსტრიაში “ჰეფი ენდები” ყველაზე დამსახურებული კარიერების შემთხვევაშიც თითქმის არასდროს ხდება. ამ სტატიის წერის დროსაც, კარგად მესმის, რომ სრულიად შესაძლებელია, 18 თებერვალს გავიღვიძოთ რეალობაში, სადაც 3-ვე ქართველს საკუთარი მატჩი წაგებული ექნება. ამ რეალობას ნებისმიერი ქომაგი იაზრებს და უნდა იაზრებდეს კიდეც. 

თუმცა, როგორც არ უნდა დასრულდეს სიყვარულის თვე MMA-ს ქართველი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებისთვის, ერთი რამ უდავოა: საქართველოსა და შერეული ორთაბრძოლების სიყვარულის ისტორია ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. დროთა განმავლობაში ამ სიყვარულის წიგნში არაერთი თავი დაიწერება. ხოლო ის ქართველი ბავშვები, რომლებიც დღეს გიგა ჭიკაძეს, გურამ ქუთათელაძეს, რომან დოლიძეს, მერაბ დვალიშვილსა და ძმები თოფურიების ყურებაში ღამეებს ათენებენ, ერთ დღეს გაიზრდებიან და ვინ იცის, მათი სახით მებრძოლთა მომავალი თაობის მიღწევების ფონზე, კიდევ რამდენჯერ შევძლებთ ვუთხრათ მსოფლიოს: სიყვარულით საქართველოდან - from Georgia with love.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები