Thumbnail
  • 📅 4 თებერვალი | ⌚ 18:00 | 🏟 დესაუ | 🏉 გერმანია V საქართველო | 📺 რაგბი TV
  • ბორჯღალოსნების ახალი თავკაცის კომენტარი

საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით პირველი ღია ვარჯიში გამართა.

ინგლისელ სპეციალისტს აქტიურად ეხმარებოდნენ მისი თანაშემწეები – სამხრეთაფრიკელი შონ სოვერბი და ირლანდიელი კონორ მაკფილიპსი, ასევე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თავკაცი ლადო კილასონია.

მცირე ტრავმების გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ დავით ნინიაშვილსა და თორნიკე ჯალაღონიას, ამდენად, გადაწყვეტილია, რომ ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, რომელიც ბორჯღალოსნებს გერმანიაში უწევთ.

რიჩარდ კოკერილმა ეროვნულ გუნდში არაერთ დებიუტანტს უხმო
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

რიჩარდ კოკერილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველი სავარჯიშო კვირა კარგად დაიწყო და ეს 4 დღეც სწრაფად გავიდა. ბევრი ვიმუშავეთ დეტალებზე და კვირის თამაშისთვის მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის არის ცვლილებები და გუნდში მრავლად გვყავს დებიუტანტები. არის რამდენიმე მორაგბე, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ. ისინი საფრანგეთში დარჩნენ და ამ უქმეებზე კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მსურს საქმეში ვიხილო ახალი მორაგბეები, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზოგი შედარებით გამოცდილი და კვირას ვნახავთ ვინ აღმოჩნდება ტესტ-რაგბისთვის უკეთ მომზადებული. თამაში ამ კუთხით ყოველთვის გადამწყვეტია".

გიორგი კვესელაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ. ვფიქრობ, ახალი დეტალები კარგად ავითვისეთ და ყოველდღიურად მათი დამუშავება ხდება. ვეცდებით, ახალი სისტემები კარგად გადავიტანოთ თამაშზე და რა გამოგვივა, კვირას გამოჩნდება. დებიუტანტებს ვულოცავ ნაკრეში გამოძახებას. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ისინი მარტივად მოერგნენ ახალ გარემოს, მწვრთნელებს და სრულად არიან ჩართული პროცესში".

გიორგი კვესელაძე საწვრთნელი პროცესისას
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს, მონაწილე ნაკრებები კი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: A-ში – საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი, B-ში – ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი.

ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ. მესამე-მეოთხე ადგილოსნები მსგავსი პრინციპით იმ გუნდებს გამოავლენენ, რომლებიც მოგვიანებით მე-5 და მე-7 პოზიციებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან საგარეო მატჩით ჩაებმება, შემდეგი 2 თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი: 10 თებერვალს – ნიდერლანდებთანა და 17 თებერვალს – ესპანეთთან. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზშია დაგეგმილი.

ბორჯღალოსნებს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული და აშკარა დომინანტები არიან. საქართველოს ნაკრებმა 2010 წლიდან მოყოლებული ტიტული ერთადერთხელ დათმო: 2016-17 წლების სეზონში გამარჯვებული რუმინეთი გახდა. ამ ნაკრებების გარდა, შეჯიბრის გამარჯვებული მხოლოდ პორტუგალია ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები