Thumbnail

‘შუმახერს ვერ დაელაპარაკებოდი’ - ფერნანდო ალონსომ შუმიზე გულახდილად ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფერნანდო ალონსომ დოკუმენტურ ფილმში მიხაელ შუმახერის ამბები გაიხსენა
  • ესპანელმა, შუმის გარდა, მაქს ფერსტაპენთან ურთიერთობაზეც ისაუბრა

ფორმულა 1-ის ლეგენდამ, ფერნანდო ალონსომ DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში მიხაელ შუმახერის შესახებ ისაუბრა და ძალიან საინტერესო, აქამდე უცნობ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. 42 წლის ესპანელმა გაიხსენა, როგორი იყო შუმისთან ურთიერთობა და მეტოქეობა. ალონსო ამბობს, რომ სარბოლო ტრეკზე შუმახერი “ყოველთვის ძალიან მკაცრი და შეუვალი იყო”.

“როგორც ადამიანი, ძალიან ცივი იყო. მიხაელი დანარჩენ მრბოლელებთან ყოველთვის დისტანციას ინარჩუნებდა და ყოველთვის ცდილობდა, სხვები შეეშინებინა. მასთან ყოველთვის ძალიან ძნელი იყო საუბრის დაწყება და საერთოდ დალაპარაკება.” - იხსენებს ალონსო, - “მაგალითად, როცა საუზმის დროს მასთან ახლოს მიხვიდოდი, ყოველთვის ცოტა ირონიულად შემოგხედავდა. ურთიერთობაში ყოველთვის გრძნობდი, რომ შენი მეტოქე იყო.”

მათი მეტოქეობა ისტორიულია: ფერნანდო ალონსო და მიხაელ შუმახერი

ესპანელი ამბობს, რომ შუმახერთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო იყო მის კარიერაში: “დიახ, ეს იყო მეტოქეობა, მტრობა, მაგრამ ასევე ეს იყო ინსპირაცია, შთაგონების წყარო. იმ ფაქტის მიღმა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეტოქე იყო მათ შორის, ვინც მოწინააღმდეგედ მყოლია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ბავშვს სჭირდება მისაბაძი მაგალითი.”

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, როცა ალონსო ჯერ კიდევ კარტინგში ასპარეზობდა, შუმახერი ფორმულა 1-ში იყო და როცა ალონსოს F1-ში დებიუტი ჰქონდა 2001 წელს, მიხაელი უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახლდათ.

ალონსო ამბობს, რომ შუმის ყველგან და ყველაფერში აკვირდებოდა: “მაინტერესებდა, როგორ იქცეოდა, რა ეცვა, როგორი რეაქცია ჰქონდა სხვადასხვა სიტუაციებში და, რა თქმა უნდა, როგორ მართავდა ბოლიდს. ჩემთვის ის შთაგონების მთავარი წყარო გახლდათ.”

2006 წელს ალონსო ჩემპიონი გახდა და შუმის მცირე უპირატესობით აჯობა

შუმახერსა და ალონსოს შორის თავის დროზე უდიდესი კონკურენცია ჩამოყალიბდა. ამიტომაც, ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ არა მარტო სარბოლო ტრეკებზე, არამედ მათ მიღმაც. “მაგრამ ყოველთვის, მართლა ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს.” - ამბობს ესპანელი დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც “Fernando Revelado” ეწოდება.

შუმახერი 2000-იანების დასაწყისში აბსოლუტური დომინანტი გახლდათ და საბოლოოდ ჩემპიონობა 7-ჯერ იზეიმა (ეს რეკორდია, რომელსაც ლუის ჰემილტონთან ერთად იყოფს). თუმცა შუმის შემდეგ ალონსო სულ უფრო და უფრო ძლიერი და პოპულარული ხდებოდა. მან პირველი ჩემპიონობა 2005 წელს იზეიმა, როცა შუმახერი მე-3 ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონი მათ დუელად იქცა და ალონსომ ისევ მოიგო ტიტული - აჯობა რა შუმახერს 13 ქულით. ახლა ფერნანდო ალონსო 42 წლისაა - ყველაზე ასაკოვანი ფორმულა 1-ის ამჟამინდელ პილოტებს შორის.

მათ შორის დიდი მეტოქეობა იყო, მაგრამ ალონსოს თქმით, ერთმანეთს ყოველთვის პატივს სცემდნენ

შუმახერის გარდა, ალონსო ხსენებულ ფილმში ფორმულა 1-ის ამჟამინდელ ჩემპიონზე, მაქს ფერსტაპენზეც საუბრობს: “ფერსტაპენი კარიერის დასაწყისში უფრო გიჟი იყო და პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან მისაღები და პატივსაცემი მრბოლელია,” - ამბობს ასტონ მარტინის პილოტი, - “მას და ჩემს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ. ორივეს მარტივი რაღაცები და რბოლა გვიყვარს. სწორედ ეს მომწონს მაქსში ყველაზე მეტად. მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ მაქსი არ შეიცვალა და ესეც ძალიან დასაფასებელია.”

კომენტარები

ბოლო ამბები