Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ტაბუცაძემ ინტერვიუ მისცა რაგბი ევროპის ვებ-გვერდს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შავი ლომის მორაგბეს ეროვნული გუნდის მაისურით 30 ლელო აქვს დადებული და ამ მხრივ პირველ ადგილზე იმყოფება, ამდენად, მის თამაშზე მომდევნო მატჩებშიც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

აკაკი ტაბუცაძე (საქართველოს ნაკრების მორაგბე): "ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველით. ბოლო მსოფლიო თასის შემდეგ უკვე საკმაო დრო გავიდა, ამდენად, თამაში ნამდვილად მოგვენატრა. თანაც, საქართველოს ნაკრებში ბევრი ცვლილება მოხდა. ახალი სამწვრთნელო შტაბი და ბევრი დებიუტანტი გვყავს, ძალიან მოტივირებულები ვართ და ვფიქრობ, მოახლოებული ტურნირისთვის მზად ვართ. ცხადია, მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა და ვეცდებით, ტიტული დამაჯერებელი უპირატესობით დავიცვათ. ჩვენთვის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში დიდი პატივია, რომელზეც ყველა ქართველი მორაგბე ოცნებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი მატჩების შედეგების გამო, ჩვენმა ქომაგმა თავი ამაყად იგრძნოს. კარგია, რომ ფინალი საფრანგეთში იქნება. ასეთ სარაგბო ქვეყანაში თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს".

აკაკი ტაბუცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს, მონაწილე ნაკრებები კი ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: A-ში – საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი, B-ში – ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან საგარეო მატჩით ჩაებმება, შემდეგი 2 თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი: 10 თებერვალს – ნიდერლანდებთანა და 17 თებერვალს – ესპანეთთან. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზში შედგება.

ბორჯღალოსნებს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული და აშკარა დომინანტები არიან. საქართველოს ნაკრებმა 2010 წლიდან მოყოლებული ტიტული ერთადერთხელ დათმო: 2016-17 წლების სეზონში გამარჯვებული რუმინეთი გახდა. ამ ნაკრებების გარდა, შეჯიბრის გამარჯვებული მხოლოდ პორტუგალია ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები