Thumbnail

ნუსურდინ იმავოვი: მიხარია, რომ ისეთი მეტოქე შემახვედრეს, როგორიც დოლიძეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

რომან დოლიძე (12-2 MMA, 6-2 UFC) მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. 35 წლის ქართველი მებრძოლი 4 თებერვალს, ლას ვეგასში, ტურნირში UFC Vegas 85 საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე, 28 წლის დაღესტნელ ნასურდინ იმავოვს (12-4 MMA, 4-2 UFC) დაუპირისპირდება. დოლიძე-იმავოვის შეხვედრა ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება. 

მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი ნუსურდინ იმავოვმა გააკეთა, რომელმაც ხაზი ქართველი მეტოქის ძლიერ მხარეებს გაუსვა.

"ის ფიზიკურად მართლაც ძლიერი მეტოქეა. მანამდე ის ნახევრადმძიმე წონაში გამოდიოდა. მას დიდი ენერგია და კარგი გრეპლინგი აქვს. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ასეთი მეტოქე შემახვედრეს", - უთხრა იმავოვმა Meta MMA-ს.

რომან დოლიძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება

რომან დოლიძე, რომელიც UFC-ში 2020 წლის ზაფხულიდან გამოდის და ამ ორგანიზაციის ეგიდით 6 გამარჯვებას და 2 წაგებას ითვლის, ბოლოს გასული წლის მარტში, მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. მანამდე დოლძეს მოგებათა 4-მატჩიანი სერია ჰქონდა. დოლიძისთვის, რომელიც ამჟამად UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს, იმავოვთან დაპირისპირება კარიერაში პირველი 5-რაუნდიანი ბრძოლა იქნება.

ნუსურდინ იმავოვს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 4 მოიგო. დაღესტნელმა შარშან ორჯერ იჩხუბა - იანვარში ქულებით მომავალ ჩემპიონ შონ სტრიკლენდთან წააგო, ივნისში კი კრის კორტისთან მისი დაპირისპირება, მებრძოლების ტრავმის გამო შეწყდა და არშემდგარ ბრძოლად ჩაითვალა. იმავოვი ამჟამად საშუალო წონის რეიტინგში მე-11 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები