Thumbnail

რომან დოლიძემ (12-2 MMA, 6-2 UFC) და ნასურდინ იმავოვმა (12-4 MMA, 4-2 UFC) მომავალი ბრძოლის წინ აწონვის პროცედურა გაიარეს და "მზერით დუელით" გამართეს. 35 წლის ქართველისა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 28 წლის დაღესტნელის ხუთრაუნდიანი დაპირისპირება 4 თებერვალს (თბილისის დროით გამთენიისას), ლას ვეგაში, ტურნირში UFC Vegas 85 გაიმართება და ის მთავარი მოვლენა იქნება.

ქართველი მებრძოლი მეტოქეზე ოდნავ მძიმე აღმოჩნდა

აწონვის შედეგად დოლიძე იმავოვზე ოდნავ მძიმე აღმოჩნდა. ქართველმა 84,37 კგ. აჩვენა, იმავოვმა - 83,91 კგ. შედეგად, ორივე სპორტმენის წონა საშუალო დივიზიონის ლიმიტთან შესაბამისობაში აღმოჩნდა.

ტრადიციულად, მეტოქეებმა კამერების წინ "მზერით დუელიც" ჩაატარეს. ამჯერად "სტერდაუნმა" ექსცესების გარეშე, მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა - დოლიძემ და იმავოვმა ერთმანეთს გაუღიმეს, ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ.


რომან დოლიძე, რომელიც UFC-ში 2020 წლის ზაფხულიდან გამოდის და ამ ორგანიზაციის ეგიდით 6 გამარჯვებას და 2 წაგებას ითვლის, ბოლოს გასული წლის მარტში, მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. მანამდე დოლძეს მოგებათა 4-მატჩიანი სერია ჰქონდა. დოლიძისთვის, რომელიც ამჟამად UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს, იმავოვთან დაპირისპირება კარიერაში პირველი 5-რაუნდიანი ბრძოლა იქნება.

რომან დოლიძე UFC-ში 5-რაუნდიან ბრძოლას პირველად ჩაატარებს

ნუსურდინ იმავოვს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 4 მოიგო. დაღესტნელმა შარშან ორჯერ იჩხუბა - იანვარში ქულებით მომავალ ჩემპიონ შონ სტრიკლენდთან წააგო, ივნისში კი კრის კორტისთან მისი დაპირისპირება, მებრძოლების ტრავმის გამო შეწყდა და არშემდგარ ბრძოლად ჩაითვალა. იმავოვი ამჟამად საშუალო წონის რეიტინგში მე-11 ადგილზეა

კომენტარები

ბოლო ამბები