Thumbnail

დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - ინტერმა იუვენტუსი დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 1:0 იუვენტუსი
  • მილანური გუნდი ტურინულს 4 ქულით გაექცა

სერია A-ს დასრულებამდე 15 ტურია დარჩენილი, მაგრამ შეიძლება ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყდა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, თუმცა ინტერმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. სიმონე ინძაგის გუნდმა უშუალო კონკურენტ იუვენტუსს მოუგო და 4 ქულით გაექცა, თან არ დაგვავიწყდეს, რომ მილანელებს თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული, მოკლედ, პოტენციურად სხვაობა 7 ქულაა, რაც ინტერის ამჟამინდელი სიძლიერიდან გამომდინარე, ძალიან ბევრია.

„ნერაძურიმ“ მოგება დაიმსახურა, რომ არა ვოიცეხ შჩესნი, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. თუმცა, იუვეც არ ყოფილა უშანსოდ, მაგალითად, ჯერ კიდევ 0:0-ზე დუშან ვლაჰოვიჩმა ისეთი ტექნიკური შეცდომა დაუშვა, მისი დონის ფორვარდს რომ არ ეკადრება და გოლის გატანა მართებდა.

37-ე წუთზე კი ყველაფერი ფედერიკო გატის ავტოგოლმა გადაწყვიტა. იუვენტუსის მცველი ნაკლებადაა დამნაშავე, მარკუს ტურამის შეჩერებას ცდილობდა და ბურთი მკერდში მოხვდა.

მეორე ტაიმში ინტერს უფრო მეტი მომენტი ჰქონდა, შჩესნი შეუვალი იყო, ტურინელებმა კი შექმნეს ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენეს, ჯერ კარში ვერ დაარტყეს ახლო მანძილიდან, მერე გატის ცოტა დააკლდა ავტოგოლის გაბათილებამდე.

ამგვარად, ინტერმა 1:0 მოიგო და მე-20 სკუდეტოსკენ ძალიან სწრაფი, რაც მთავარი დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს. იუვენტუსი მეორეა და ინტერს ხომ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მდევარ მილანსაც მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

საინტერესო ფაქტები

🟠 იუვენტუსის წინააღმდეგ ინტერის ძირითად შემადგენლობაში 5 იტალიელი ფეხბურთელი 2003 წლის 2 მარტის შემდეგ პირველად იყო. მაშინ ექტორ რაულ კუპერმა ძირითადში ტოლდო, კანავარო, მატერაცი, ვიერი და კრისტიანო ძანეტი გაამწესა.

🟠 იუვენტუსმა იტალიის დერბის პირველ ტაიმში ავტოგოლი მესამედ გაიტანა. ფედერიკო გატიმდე მსგავსი რამ შეემთხვევათ ალბერტო ბერტუჩელის (1950 წელს) და ალდო ვოლონოს (1931).

🟠 ინტერმა წლის დასაწყისში ზედიზედ 6 მატჩი ისტორიაში მესამედ მოიგო. მილანელებმა ასეთი სერიით წელი მხოლოდ ორჯერ დაიწყეს 2007 და 1943 წლებში.

🟠 იუვენტუსმა 23 სექტემბრის შემდეგ პირველად წააგო, სეზონში მეორედ (ყველა ტურნირზე) და 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ინტერი 1:0 იუვენტუსი

გოლი: 1:0 გატი (37. საკ. კარში)

კომენტარები

ბოლო ამბები