Thumbnail

კვარა დაბრუნდა. თან რა გოლით! ნაპოლის ვერონასთან სწორედ ხვიჩამ მოაგებინა. ნელ-ნელა ფორმაში შედის გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, ბუდუ ზივზივაძე კი უკვე თითქმის ფორმის პიკშია - პარასკევს ისევ არ დატოვა მოედანი უგოლოდ. სამწუხაროდ, ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი მხოლოდ 1 ვერცხლით დაასრულა. გარდა ამისა: მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ტურნირი მოიგო, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის კი ახალ ნატურალიზებულ მოთამაშედ ჯო ტომასონი განიხილება. გასული უიკენდის მნიშვნელოვანი ამბები "ორშაბათის საკითხავში".


კვარა | პირველი გოლი 2024 წელს

ზუსტად მაშინ, როცა უკვე ბევრი ფიქრობდა, რომ ნაპოლი ვერონას ვეღარ მოუგებდა, ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი მიიღო, გაისწორა, საჯარიმოს გარედან ძალიან მაგრად დაარტყა და მეკარე უშანსოდ დატოვა! ამ შესანიშნავი გოლით, რომელიც მისთვის პირველია 2024 წელს, კვარამ ნაპოლის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა და ყველას შეახსენა თავისი კლასი. თამაშის შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ თქვა, რომ ხვიჩას ამიერიდან ხშირად გამოიყენებს ხოლმე გამთამაშებლის პოზიციაზე.

📋 | როგორ შეაფასეს კვარას თამაში იტალიაში და რა თქვა მაძარიმ, ნახეთ აქ.

საზონოვი | 80 წუთი, ყვითელი და 0:0

საბა საზონოვი, როგორც მოსალოდნელი იყო, ტორინოს ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ეს მეორედ მოხდა - საზონოვს ტოროს რიგებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან 2 სასტარტოში. ტურინულმა კლუბმა აუტსადერ სალერნიტანას ვერ მოუგო (0:0), საზონოვმა კი 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მე-80 წუთზე შეცვალეს. Whoscored-მა საბას დღევანდელი თამაში 6.4 ქულით შეაფასა. 

📋 | რა თქვეს საზონოვზე ტორინოს მწვრთნელმა და პრეზიდენტმა, წაიკითხეთ აქ.

კალათბურთი | ვინ იქნება ის ახალი ნაკრებში?

23 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაიწყებს და პირველ შეხვედრაში დანიას ესტუმრება, შემდეგ კი, 27-ში სერბეთს უმასპინძლებს. ეროვნული გუნდი ახალი ნატურალიზირებული კალათბურთელის ძიებაშია, შესაბამისად, მნიშვნელოვანი მატჩების წინ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს ამერიკელ მოთამაშეებთან. ჩვენი ინფორმაციით, პისტოიას კალათბურთელთან, ჩარლი მურთან შეთანხმება ვერ შედგა და ნაკრები გრანადას გამთამაშებელზე, ჯო ტომასონზე გადაერთო.

📋 | ვინ არის ტომასონი, რა შეუძლია და როგორი სტატისტიკა აქვს, ნახეთ აქ.

ჩოგბურთი | ბოლქვაძემ ეგვიპტის ტურნირი მოიგო

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ქალებში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც მარიამ ბოლქვაძემ შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოო ჯამში, დამაჯერებლად გაიმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი ელენა პრიდანკინა ძალიან მარტივად, ორ სეტში (6:0, 6:3) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში იტალიელ ფედერიკა დი სარასთან მოგების შემდეგ, მარიამმა პრიდანკინას ჩათვლით, ზედიზედ ოთხ რუს ჩოგბურთელს მოუგო, თან ისე, რომ საერთო ჯამში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. 

ძიუდო | მხოლოდ 1 ვერცხლი პარიზიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი ერთადერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც გიორგი ჩიხელიძის (-73 კგ) ანგარიშზეა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიის გიორგი ჩიხელიძემ ფინალი იჭიდავა და ტაცუკი იშიჰარასთან ვაზარით დამარცხდა. მან ფინალამდე ხუთივე ორთაბრძოლა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა, საიდანაც ოთხი სუფთად მოიგო.

📋 | როგორ იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში, ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები