Thumbnail
  • გია ნიჟარაძის მოსაზრებები რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით ყოველთვის საინტერესოა
  • საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ

2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ვერნონ პიუს სახელობის პრემიით დაჯილდოვდა - რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პიუ სარაგბო სამყაროს სახელგანთქმული ნოვატორი იყო და ვინც გია ნიჟარაძეს და მის საქმიანობას იცნობს, ეს ჯილდო არ გაუკვირდება. პაოლო იაშვილის შვილიშვილს „ბორჯღალოსნების“ ახალ მწვრთნელზე, 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების თამაშზე ველაპარაკეთ და 1980-იანი წლების რაგბის (როცა ჩვენი რესპოდენტი თბილისის დინამოში თამაშობდა) გახსენებაც ვთხოვეთ. ვახსენეთ „შავი ლომი“, ვერნონ პიუ, ლეგენდარული დენ კარტერი და... ხვიჩა კვარაცხელიაც კი!

europop: ბატონო გია, გმადლობთ ინტერვიუსთვის. ახლანდელ საქმიანობაზე მოგვიყევით: მსოფლიო რაგბიში ისევ ხართ საქართველოს წარმომადგენელი, თუმცა რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვეთ... 

გია ნიჟარაძე: დიახ, წელიწადზე მეტია, რაც ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა - მოტივაცია აღარ მქონდა, დავრწმუნდი, რომ ამ ორგანიზაციაში უკვე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები... მას შემდეგ, მხოლოდ ბაბუად „ვმუშაობ“: ვზრდი შვილიშვილებს - სანდროს და ანდროს. ასე რომ, ცოტათი დამღლელი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საქმით ვარ დაკავებული... რაც შეეხება მსოფლიო რაგბის, იქ ისევ წარმოვადგენ საქართველოს რაგბის კავშირს. ფუნქციები დანაწილებული გვაქვს - საგარეო ურთიერთობებს, ძირითადად, ლევან ღვაბერიძე ხელმძღვანელობს, როცა ჩემი მონაწილეობაც არის საჭირო - საქმეში მეც ვერთვები. 

europop: ოქტომბერში ვერნონ პიუს სახელობის პრიზით დაჯილდოვდით: მკითხველს ვუთხრათ - ვინ იყო ვერნონ პიუ და რას ნიშნავს თქვენთვის მისი სახელობის ჯილდო?

ნიჟარაძე: ვერნონ პიუმ რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა (პიუ იყო ნამდვილი ნოვატორი, ადამიანი, ვინც ახალ დონეზე აიყვანა რაგბი - „ხუთ ერს“ დაამატა იტალია, დააფუძნა „ჰეინეკენის თასი“, რაგბი შეიტანა ჩინეთში და ა.შ. - რ. შ.). 2001 წლიდან, მისი სახელობის პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ბოლო დაჯილდოება 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალის მომდევნო დღეს, პარიზის ოპერის დიდებულ დარბაზში გაიმართა. ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივია, ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი ჯილდო იყო!

დაჯილდოება მსოფლიო თასის ფინალის მომდევნო დღეს, პარიზის ოპერის დარბაზში გაიმართა

europop: მოულოდნელიც?!

ნიჟარაძე: დიახ, რადგან მსოფლიოში უამრავია ღირსეული ადამიანი, ვინც ძალიან ბევრს აკეთებს რაგბისთვის. არ ვიცი, რატომ გამომარჩიეს მაინცდამაინც მე, მით უმეტეს, დღეს, როცა გაწეული შრომის დაფასება იშვიათი გახდა... ნომინანტებს შორის პირველი გამომაცხადეს და ამის გამოც საკმაოდ ვინერვიულე, თუმცა, მაინც გავართვი თავი სამადლობელ ტექსტს. ძალიან თბილი სიტყვები მომიძღვნა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონდმა, პირადად მომილოცა უამრავმა ადამიანმა. მათ შორის - ახალი ზელანდიის ნაკრებმა სრული შემადგენლობით, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებების ყველა წევრმა, დენ კარტერმა და სხვებმა. 

europop: ვიცი, რომ ლეგენდარული დენ კარტერი ჯერ კიდევ წლების წინ გაიცანით... 

ნიჟარაძე: 2011 წელს კარტერმა ფეხი მოიტეხა და მსოფლიო თასის ფინალამდე ვერ მიაღწია. ცუდ ხასიათზე კი იყო, მაგრამ დაჯილდოების ცერემონიალისას დიდხანს ვისაუბრეთ (ძალიან ჭკვიანი და განათლებული კაცია, ჩემდა გასაოცრად, საქართველოზეც ბევრი რამ იცოდა) და მაშინ ვუთხარი - ნათელმხილველი ვარ და „ვხედავ“, რომ  2015 წელს, მსოფლიო თასს ახალი ზელანდია მოიგებს, შენ კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდები-მეთქი! სხვათა შორის, 2015 წლის ჩემპიონატის დაწყების წინ, იგივე ვუთხარი ზელანდიელ ჟურნალისტსაც და... ისე აგიხდეთ ყველა კარგი ჩანაფიქრი! ბოლო შეხვედრისას, კარტერს ვკითხე - ახსოვდა თუ არა ჩემი „წინასწარმეტყველება“? მე ყველაფერო მახსოვსო!

დენ კარტერი და გია ნიჟარაძე

სამადლობელ სიტყვაშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ვერნონ პიუს პრემია არ არის მხოლოდ პერსონალურად გია ნიჟარაძის დაფასება - ეს არის ქართული რაგბის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების - მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების, გულშემატკივრის, ჟურნალისტების დიდი შრომის აღიარება! „ბორჯღალოსნებისთვის“ უიღბლო მსოფლიო თასის შემდეგ, ასეთი დაფასება დროულიც იყო და ორმაგად სასიხარულოც. 

‘ეს არის სპორტი, სადაც მეგობრობა, თანადგომა უმნიშვნელოვანესია. თუ გვერდით მეგობარი არ გიდგას, რაგბის ვერ ითამაშებ’

europop: წლებია, ქართველები ვამტკიცებთ, რომ რაგბი ჩვენი თამაშია! რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

ნიჟარაძე: ინგლისში დაბადებულმა ამ თამაშმა, სათანადო ნიადაგი ჰპოვა საქართველოში, რაგბის ღირებულებები დაემთხვა ჩვენი ეროვნული ხასიათის თვისებებს - ბრძოლისუნარიანობას, მებრძოლ ხასიათს, ქვეყნის სიყვარულსა და უანგარო სამსახურს... ჩვენში, ჯერ კიდევ ცოცხლობს მეომარი წინაპრების გენი. თანაც, ქართველებს გვიყვარს და გამოგვდის სპორტის სახეობები, სადაც ფიზიკურ ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი ხომ არ არის ამდენი წარმატება საჭიდაო სახეობებში, ძალოსნობაში და ა.შ. რაგბიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. თანაც, ეს არის სპორტი, სადაც მეგობრობა, თანადგომა უმნიშვნელოვანესია. თუ გვერდით მეგობარი არ გიდგას, რაგბის ვერ ითამაშებ! რაც უნდა მაგარი მოთამაშე(ები) გყავდეს, თუ გუნდის თხუთმეტივე წევრი ერთი სულისკვეთებით არ არის გაჟღენთილი, თუ ერთმანეთისთვის თავგანწირვა, თანაგუნდელის საქმის დაუყვედრებლად გაკეთება არ შეუძლიათ, წარმატება გამორიცხულია. 

europop: ლელობურთის პატრონებმა ეს კარგად ვიცით.

ნიჟარაძე: ამ თამაშის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, გენური მეხსიერება კი არ იკარგება... ისიც სათქმელია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სპორტის  სახეობათა უმეტესობამ თვალსაჩინო რეგრესი განიცადა (არადა, საბჭოეთის მასშტაბით, თითქმის ყველა სათამაშო სახეობაში, მოწინავე პოზიციებზე ვიყავით), რაგბის სამყაროს სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ იმ წლებში, მორაგბეებმა მოახერხეს და არ დაუშვეს რაგბის დაღმასვლა. ბევრჯერ, პირადი საკუთრების გაყიდვაც დასჭირდათ, მაგრამ მოახერხეს კლუბებისა თუ საბავშვო სექციების ფუნქციონირების გაგრძელება. დიდი სიყვარულისა და შრომის დამსახურებით, საქართველოში რაგბი არამხოლოდ გადარჩა, ძალიან სწრაფი ტემპით განვითარებაც დაიწყო. 

europop: და დღეს რა ეტაპზეა?

ნიჟარაძე: თვალშისაცემი პროგრესი გვაქვს. იმის მიუხედავად, რომ 2023 წლის მსოფლიო თასზე ძალიან გულდასაწყვეტი შედეგი მივიღეთ, არ ვეთანხმები გულშემატკივართა იმ ნაწილის მოსაზრებას, ვინც ტრაგედიად შეაფასა ჩვენი გუნდის შედეგი და ლამის, წინასწარ გამოიტირა ნაკრების სამომავლო პერსპექტივა. მსოფლიო თასის ბოლო ორი კვირა პარიზში გავატარე, უამრავ ადამიანს შევხვდი და ჩვენი ნაკრების თამაშზე ყველას ერთნაირი შეფასება ჰქონდა - სერიოზულად გაუმჯობესებული თამაში და ხარისხი, რომლის აბსოლუტურად არაადექვატური იყო ნაჩვენები შედეგი! 

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ  ბილ ბომონდთან

europop: საფრანგეთის მსოფლიო თასზე მინიმუმ ორი თამაშის მოსაგებად ჩავედით, თუმცა ბოლო ტურნირების ტრადიცია დავარღვიეთ და ერთ მატჩშიც ვერ გავიმარჯვეთ... იქნებ, ეს „ცივი შხაპი“ უკეთესიც იყოს ბევრი რაღაცის ახლებურად გასააზრებლად?!

ნიჟარაძე: ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ, პირველ რიგში, შეცდომები მოლოდინის მხრივ იყო დაშვებული, არასწორი იყო ის განწყობა, რომელიც გულშემატკივარს შეუქმნა ქართულმა და უცხოურმა პრესამ. დიახ, შეგვეძლო ორი მატჩის მოგება. მეტსაც გეტყვით - გამარჯვება ოთხივე შეხვედრაში შეიძლებოდა, თუმცა... პირიქით მოხდა და ყველა წავაგეთ (ამ მოცემულობაში, პორტუგალიასთან ფრე საქართველოსთვის წაგების ტოლფასია!). მეტი თავდაჯერება რომ გვქონოდა ავსტრალიასთან, სულ სხვა შედეგს ვნახავდით, მაგრამ პირველ ტაიმში, ჩვენი ბიჭების თვალებში არ ჩანდა საკმარისი ცეცხლი... სამაგიეროდ, დაინახეს, რომ ასეთ ავსტრალიასთან თამაშიც შეიძლებოდა და მოგებაც. რომ არა ბევრი ფაქტორი (მათ შორის - მსაჯების შეცდომები), გამარჯვება მართლაც რეალური იყო. აღარაფერს ვამბობ პორტუგალიაზე, რომელთან დაკავშირებითაც, ჩვენ თვითონ შევქმენით ერთგვარი კლიშე, თითქოს - „პორტუგალია ჩვენთვის უხერხული მეტოქეა“!  სინამდვილეში, ამ ეტაპზე, სულაც არ ყოფილა პორტუგალია ჩვენთვის უხერხული მეტოქე. აი, ვითამაშებთ „ლობუშთან“ უახლოეს მატჩს და ყველა ვნახავთ, როგორი „უხერხულიც“ არის! 

europop: პორტუგალიის შემთხვევაში, მეტოქის დაუფასებლობა ხომ არ იყო მიზეზი - მატჩი დაწყებამდე ხომ არ „მოვიგეთ“?

ნიჟარაძე: დაუფასებლობა არ ყოფილა. თუმცა, შესაძლოა, იყო ზედმეტი რწმენა, რომ აუცილებლად მოვუგებდით, თუნდაც იმის გამო, რომ მატჩამდე, პორტუგალიელების მწვრთნელი ტრაბახობდა - ნახეთ, საქართველოსთან რას ვიზამთო! პორტუგალიის ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად  (არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავთ და ძალიან მაგრად ითამაშეს მთელი ჩემპიონატის განმავლობაში), ვალდებულები ვართ, ასეთი მატჩები მოვიგოთ! 

europop: ფიჯი და უელსი...

ნიჟარაძე: ძალიან ახლოს ვიყავით ფიჯის დამარცხებასთან. „ბორჯღალოსნებმა“ დაცვაში ძალიან მაგრად ითამაშეს, მომენტები შეტევაშიც გვქონდა, თუმცა, მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა და საეჭვო ეპიზოდები არც ვიდეო-რეფერისთან გადაამოწმა. უელსთანაც გვქონდა გამარჯვების შანსები. ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე, საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის 12 მოთამაშე ტრავმირებული ჩამოვიდა საფრანგეთის ჩემპიონატიდან. მათგან ზოგიერთმა, საერთოდ ვერ გაიარა შეკრება და გუნდს პირდაპირ თამაშების წინ შეუერთდა... 12 მოუმზადებელი მორაგბე ძალიან ბევრია საქართველოს ნაკრებისთვის. საერთოდაც, ეს ცალკე აღსანიშნი საკითხია: კი გვიხარია, საფრანგეთში ბევრი ქართველი თამაშობსო, მაგრამ გულშემატკივართაგან ცოტამ თუ იცის, რა პირობებში არიან ეს ბიჭები, რა დატვირთვებს უძლებენ, ლიმონივით როგორ „წურავენ“ მათ... აღარც მინდა გავიხსენო, ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს როგორ „უმკურნალეს“ ტრავმა, დღეს რა მდგომარეობაში არიან ეს ბიჭები და რამდენი შრომა მოუწია საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბს, მათ ფეხზე დასაყენებლად. 

'რომ არ ყოფილიყო ამდენი ტრავმირებული, მსაჯების ამდენი შეცდომა, ზოგიერთი მოთამაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდა თავის მოვალეობას, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა'

europop: ეს თანამედროვე სპორტის მთავარი გამოწვევაა: კლუბები მხოლოდ თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ.

ნიჟარაძე: ასეა. მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ესეც იყო. მოსამზადებელ პერიოდს არ დავსწრებივარ და არ ვიცი, იყო თუ არა დაშვებული შეცდომები, მაგრამ მე ლევან მაისაშვილის მჯერა, მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია და სერიოზული სამუშაო ჩაატარა ნაკრებში. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა: რომ არ ყოფილიყო ამდენი ტრავმირებული, მსაჯების ამდენი შეცდომა, ზოგიერთი მოთამაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდა თავის მოვალეობას, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ 2027 წლის მსოფლიო თასზე აბსოლუტურად სხვა თამაშს ვაჩვენებთ! 

europop: საინტერესოა თქვენი შეხედულება ბორჯღალოსნების ახალ მწვრთნელ რიჩარდ კოკერილზე.

ნიჟარაძე: ჯერ იმას ვიტყვი, რომ რაგბის კავშირმა უდიდესი სამუშაო გასწია ახალი მწვრთნელის მოსაძებნად. ნაწილობრივ, მეც ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ყველაფერი დეტალურად ვიცი. სამწუხაროდ, ძალიან დიდი სახელისა და გამოცდილების მქონე მწვრთნელი, რომლისთვისაც უკვე ავიაბილეთები გვქონდა ნაყიდი, ბოლო წუთს, ოჯახური პირობების გამო ვეღარ ჩამოვიდა. იყვნენ უმაღლესი კლასის სხვა კანდიდატებიც, მაგრამ მიზეზთა გამო, შეთანხმება არ შედგა. რაც შეეხება რიჩარდ კოკერილს, თუ  მის CV-ს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ სერიოზული გამოცდილება აქვს. ინგლისელის შესახებ აზრი ვკითხეთ ჩვენთვის პატივსაცემ იმ სპეციალისტებს, ვინც მსოფლიო რაგბიში  დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ლევან ღვაბერიძე იცნობს და უთამაშია კიდეც მის წინააღმდეგ, კოკერილი ძალიან კარგად დაახასიათა მამუკა გორგოძემაც, რომელიც მისი ხელმძღვანელობით „ტულონში“ თამაშობდა. 

'ხისტი ხასიათი რომ აქვს, საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, რაგბის კავშირში არიან ადამიანები, ვინც კარგად აუხსნის, რომ რაღაცებს, რასაც, შესაძლოა, სხვაგან პატიობდნენ, საქართველოში არ მოუთმენენ

europop: 53 წლის ინგლისელთან კონტრაქტი 1+3 წლით გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წელიწადი გვაქვს დრო იმაში გასარკვევად, როგორ გაუგებს და შეეწყობა გუნდს...

ნიჟარაძე: მწვრთნელის შერჩევა ყოველთვის ლატარეას ჰგავს: წინასწარ არასდროს იცი, როგორ გაუგებს და შეეჩვევა უცხოელი სპეციალისტი ახალ ქვეყანას, ადგილობრივ ტრადიციებსა თუ მოთამაშეებს. თუმცა, ჩვენი ბიჭები ნამდვილი პროფესიონალები არიან დისციპლინის, ვარჯიშისა და საქმისადმი მიდგომის მხრივ. 

europop: კოკერილი გასახდელში უხეშად იქცევაო... ამაზე რა იცით?

ნიჟარაძე: ხისტი ხასიათი რომ აქვს, საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, რაგბის კავშირში არიან ადამიანები, ვინც კარგად აუხსნის, რომ რაღაცებს, რასაც, შესაძლოა, სხვაგან პატიობდნენ, საქართველოში არ მოუთმენენ. დარწმუნებული ვარ, როგორც პროფესიონალი მწვრთნელი, ამ ყველაფერს აუცილებლად გაითავისებს.  

europop: წლების განმავლობაში, ქართული რაგბის „ლოკომოტივად“  სამართლიანად მიიჩნეოდა შერკინება, მსოფლიო ამ კომპონენტით გვიცნობდა და მოუთმენლად ველოდით, როდის „დაეწეოდნენ“ უკანახაზელები შერკინების მოთამაშეებს. საბედნიეროდ, დღეს, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.  

ნიჟარაძე: პირდაპირ გეტყვით: ჩვენ ვეღარასოდეს გვექნება შერკინებაში ძველებური დომინირება, რადგან წესები შეიცვალა და ახალმა წესებმა, ჩვენი უპირატესობები მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეს, შერკინებაში შესვლის და მიწოლის სულ სხვა ტექნიკაა, მუდმივად ცვალებადი ახალი წესები, რომლთა უმეტესობა სპეციალისტებსაც კი აბნევს! არადა, ცვლილებების მიზანი იყო, რაგბი უფრო მარტივი და სანახაობრივი გამხდარიყო, დღეს კი, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ძალიან ხშირად, მტყუან-მართალი ვიდეორეფერისაც ვერ გაურკვევია... შერკინებაზე ვლაპარაკობთ და გავიმეორებ, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა მორკინალებსაც შეუშალა ხელი პოტენციალის სრულად გამოვლენაში. სამაგიეროდ, როგორ ითამაშეს ე.წ. „მეორე ნომრებმა“?! მთლიანობში, ძალიან კარგი თაობა მოდის, შევსება იქნება ასაკობრივი ნაკრებებიდანაც... კარგია, რომ უკვე 2024 წლიდან, ახალგაზრდულ ნაკრებებს გაცილებით კარგი თამაშები ექნებათ. ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 18-წლამდელები შეუერთდებიან „ექვს ერის“ ტურნირს! ბევრი სასარგებლო მატჩი ექნებათ მათაც და 20-წლამდელებსაც. ლევან ღვაბერიძე მუშაობს იმაზეც, რომ „შავ ლომს“ ტურნირებს შორისაც ჰქონდეს თამაშების გამართვის შესაძლებლობა.

'საბოლოო მიზანია თამაში URC-ში, რომელიც ტოპ შეჯიბრია საკლუბო დონეზე. იქ მონაწილეობით ახალ  დონეზე ავალთ'

europop: „შავ ლომზე“ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ: კარგია, რომ წლების განმავლობაში ნანატრი ფრენჩაიზი წარმატებულიც გამოდგა.

ნიჟარაძე: როცა საქართველოს „ა“ ნაკრები პირველად ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში სათამაშოდ, იქ ნანახმა არგენტინულმა ფრენჩაიზმა მე და ბაჩო ხურციძე კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ასეთი პროექტების აუცილებლობაში. საბოლოოდ, ბაჩოს ინიციატივით და სოსო ტყემალაძის ძალისხმევით ეს პროექტი განხორციელდა. ყველა ამბიციურ ნაკრებს სჭირდება და ჰყავს საბაზო გუნდი, საიდანაც შევსებას იღებს, რომელიც  იგივე ტაქტიკა-სტრატეგიით თამაშობს. „შავ ლომსაც“ ეს ფუნქცია აქვს, საქართველოს  რაგბის კავშირი ძალიან სერიოზულად მუშაობს მის გაძლიერებაზე და უკვე გვაქვს შედეგი, რომელიც, ასეთ ხანმოკლე პერიოდში წარმოუდგენელი ჩანდა - ჩელენჯ ქაფზე არამხოლოდ ვთამაშობთ, ერთი მატჩი მოვიგეთ და კინაღამ მეორეშიც გავიმარჯვეთ... სამწლიანი ხელშეკრულება გვაქვს ევროპის საკლუბო ტურნირების მმართველ ორგანიზაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ადაპტაციისთვის, გამოცდილების დასაგროვებლად. დარწმუნებული ვარ, რომ მესამე წელს ისეთ სიურპრიზებს შევთავაზებთ, ბევრი პირდაღებული დარჩება! საბოლოო მიზანია თამაში URC-ში (გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი), რომელიც ტოპ შეჯიბრია საკლუბო დონეზე. იქ მონაწილეობით ახალ  დონეზე ავალთ, ნაკრების საბაზო გუნდი მთელი წლის განმავლობაში ითამაშებს უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ, მორაგბეები კი ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ. 

europop: არც ის დაგვავიწყდეს, რომ „შავი ლომის“ მოთამაშეების უმეტესობა, დიდი 10-ის წარმომადგენელია.

ნიჟარაძე: ვინ წარმოიდგენდა, რომ პირველივე მატჩში ტოლს არ დავუდებდით „გლოსტერს“? ბიჭებმა ისე ითამაშეს დაცვაში, რომ არა მსაჯის ძალიან უხეში შეცდომა, „გლოსტერი“ ლელოს დამდები არ იყო ჩვენთვის! მსაჯებს ხშირად კი ვახსენებ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დიდი პრობლემაა და ამაზე სერიოზული საუბრებიც იყო პარიზში. ხშირად, „შეცდომები“ ვიდეო-რეფერისთვის მიცემული ძალიან დიდი უფლებების მიზეზით ხდება. შემიძლია, მოვიტანო უამრავი მაგალითი, როცა ვიდეო-რეფერის ჩარევას გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა თამაშის შედეგზე. 

europop: ახალი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, 2026 წელს იწყება. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და პირველ-მეორე დონეებიდან გუნდების ასვლა-დაქვეითება, მხოლოდ 2030-დან იქნება შესაძლებელი:

ნიჟარაძე: წლებია ვამბობთ, რომ ქვეყნების პირველ და მეორე დონეებად დაყოფა სამარცხვინოა! თუმცა, ამ ეტაპზე ასეა და ვცდილობდით, ორგანიზატორები იმაზე მაინც დაგვეყოლიებინა, რომ დაქვეითება-აღზევებაც უკვე 2026 წლიდან დაწყებულიყო. სამწუხაროდ, უარი მივიღეთ - ფორმატი მხოლოდ 2030 წლიდან შეიცვლება, მაგრამ საქმე არც ისე ცუდად არის, საქართველოში რომ შეაფასეს ზოგიერთებმა. ისე გამოჰყავთ, თითქოს, ტიერ 1-ის ქვეყნებთან თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ მსოფლიო თასზე მოგვეცემა.

'წლებია ვამბობთ, რომ ქვეყნების პირველ და მეორე დონეებად დაყოფა სამარცხვინოა!'

სინამდვილეში, ყოველ წელს გვექნება რამდენიმე უმაღლესი დონის მატჩი - არამხოლოდ ტონგას, სამოას და აშშ-ის დონის ნაკრებებთან,  ტიერ 1-ის  გუნდებთან, შიგადაშიგ - მათ „ა“ ნაკრებებთან და სხვ. ამას დაემატება „შავი ლომის“ შეხვედრებიც. ასე რომ, პესიმიზმი უადგილო მგონია. ქართულ რაგბის დიდი მომავალი აქვს, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის არაერთი საინტერესო პროექტი, რომლებზეც საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მუშაობს. ფონდი „ქართუ“ და საქართველოს მთავრობა აგრძელებენ რაგბის მხარდაჭერას და პროექტი „100 მოედანი“ ამის ნათელი მაგალითია. 

europop: 10 წლის განმავლობაში (1972-1981) იყავით აქტიური მორაგბე. თავი რომ დავანებოთ წესებს, რა არის მთავარი განსხვავება მაშინდელსა და თანამედროვე რაგბის შორის?

ნიჟარაძე: მაშინ, საქართველოში რაგბი იყო სტუდენტური, სამოყვარულო სახეობა, მოთამაშეთა უმეტესობა კი - უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი. რაგბის ვთამაშობდით სპორტის ამ სახეობის სიყვარულით, ჩვენი სიამოვნებისთვის... რომელ ანაზღაურებაზე იყო ლაპარაკი?! მახსოვს, 1978 წელს, როცა თბილისის „ლოკომოტივმა“ საბჭოეთის თასი მოიგო, მოთამაშეებს ბუცები დაურიგეს (ყველას ისიც არ შეხვდა) - ეს იყო და ეს... თბილისის „დინამოს“ მორაგბეებს მწვანე მაისურები გვეცვა, ოღონდ, ყველას სხვადასხვა ტონალობისა - ზოგი ბალახისფერი იყო, სხვები - კიტრის თუ ჭაობისფერი და ა.შ. „ნამდვილი რაგბი“, პირველად მაშინ ვნახეთ, როცა „სოცინდუსტრიის თასზე“ სათამაშოდ, საქართველოში ინგლისელები ჩამოვიდნენ (მესამე ნაკრები იყო - „პინგვინები“)! ვუყურებდით და ერთმანეთს ვეკითხებოდით - ეს კი რაგბია, მაგრამ აბა, ჩვენ რას ვთამაშობთ?! ლამის, შოკი მივიღეთ, როცა თანამედროვე რაგბი ვნახეთ. სხვათა შორის, თბილისის „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბმა, ნანახი ღრუბელივით შეიწოვა, გუნდში დანერგა და შედეგად, „ლოკომოტივმა“ ითამაშა ფენომენური რაგბი: მოიგო სსრკ-ის თასი და ჩემპიონატსაც პირველ პოზიციაზე დაასრულებდა, ამის წინააღმდეგ მთელი „საბჭოური მანქანა“ რომ არ ამუშავებულიყო...

europop: გასაგებია, რომ ქართველების გამარჯვებას მოსკოვში ყველანაირად უშლიდნენ ხელს, თუმცა, სსრკ-ის ჩემპიონატში წარმატების მიღწევა, ამის გარეშეც საკმაოდ რთული იყო.

ნიჟარაძე: საბჭოთა კავშირის ლიგა ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში. ძალიან კარგი გუნდები ჰყავდათ მოსკოვს, კიევს, რიგას... ყოფილა შემთხვევები, როცა სსრკ-ის ახალგაზრდულ ნაკრებებს სტუმრად დაუმარცხებიათ ინგლისური გუნდები. ერთხელ, ზელანდიელებსაც მოუგეს - თუ სწორად მახსოვს, იმ მატჩში ალიკა ხვედელიძემაც გაიტანა ლელო. საქართველოში რაგბის საფუძველი სწორედ იმ თაობებმა ჩაყარეს და ჯერ კიდევ მაშინ გვყავდა საერთაშორისო დონის არაერთი ვარსკვლავი.

europop: დასანანია, რომ საზღვარგარეთ, მათ არავინ იცნობდა.

ნიჟარაძე: არც ჩვენების შესახებ იცოდნენ და უცხოურ რაგბიზე, ჩვენც მხოლოდ  „პარტიზანული“ გზით შემოტანილი ვიდეოკასეტებით ვიღებდით ინფორმაციას - ვიკრიბებოდით, ერთად ვუყურებდით ჩანაწერებს... მახსოვს, თბილისში სტუმრად ჩამოსული საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დაესწრო ქართული კლუბების (თუ არ ვცდები „ლოკომოტივი“-„დინამოს“) მატჩს და აღფრთოვანებული იყო: მოედანზე მყოფთაგან, ნაკრებში ყველას წავიყვანდიო! ბრწყინვალე მორაგბეები გვყავდა, იმ დროის ნებისმიერ ნაკრებს დაამშვენებდნენ... არადა, მათ შესახებ ჩვენს მეტმა არავინ იცოდა. მაშინდელი რაგბი იყო ლაღი, ლამაზი, ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით გაჯერებული. თანამედროვე, პროფესიულ რაგბიში კი  გაცილებით მეტი შესაძლებლობა და მოთხოვნაა. ბიჭებისთვის ის სამსახური და შემოსავლის წყარო გახდა.

europop: 1981 წელს, უკანასკნელად ჩაიცვით „დინამოს“ (თუ არ ვცდები, უკვე სხვა სახელი ერქვა) მაისური. იმავე წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება... თქვენც „დინამოელი“ იყავით და  ფეხბურთელების წარმატება ორმაგად გაგიხარდებოდათ.

ნიჟარაძე: ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, მაგრამ „კლუბური სოლიდარობა“ არ ყოფილა: უკვე დიდი ხანია, აღარ ვიყავით სპორტსაზოგადოება „დინამოს“ წევრები (გუნდს ჯერ „ივერია“, მოგვიანებით კი - „ელვა“ ერქვა). თანაც, თბილისის „დინამო“ იგივე ეროვნული ნაკრები იყო მთელი საქართველოსთვის... თასების მფლობელთა თასის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დავშავდი და ვაკის საავადმყოფოში ვიწექი. 13 მაისს ექიმს ვუთხარი - პალატაში ტელევიზორი შემომიტანეთ, ფეხბურთს უნდა ვუყურო-მეთქი. გადაირია - რა ფეხბურთი და ტელევიზორი, ტვინის შერყევა გაქვსო! თუ არ შემოიტანთ, ქუჩაში გავხოხდები-მეთქი! მიხვდა, რომ სერიოზულად იყო საქმე და თხოვნა შემისრულეს... გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულზე ახალი რა უნდა ვთქვა? მთელი თბილისი ქუჩაში გავიდა და მდინარესავით მიდიოდა სტადიონისკენ. ჩემი საწოლიდან პალატის ფანჯრამდე 3 მეტრზე მეტი არ იქნებოდა, მაგრამ ყავარჯნებით 20 წუთი მივღოღავდი, ფანჯრიდან რომ გადამეხედა და მეც გავმხდარიყავი იმ უსაზღვრო სიხარულის ნაწილი. 

europop: ფეხბურთისგან მიღებული ყველაზე დიდი ემოცია 13 მაისს უკავშირდება?

ნიჟარაძე: 4 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად წამიყვანა სტადიონზე (მაშინ, ჯერ კიდევ ძველი, თაღებიანი სტადიონი იყო) და ის დღე არასდროს დამავიწყდება - სრულად, დილიდან დაღამებამდე მახსოვს! მას შემდეგ, სსრკ-ის დაშლამდე, ფაქტობრივად, აღარც გამომიტოვებია „დინამოს“ თამაშები. „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ, ყველაზე დიდი დროშა მე და ჩემმა მეგობრებმა შევკერეთ - ერთი კვირა დაგვჭირდა... კიდევ უამრავი რაღაცის გახსენება შემიძლია. ფეხბურთს თვითონაც ვთამაშობდით და საკმაოდ კარგადაც. ისევე, როგორც კალათბურთს, ხელბურთს და სხვ. ჩემს თაობაში, სირცხვილად მიიჩნეოდა, თუ ფეხბურთს არ თამაშობდი, ანდა, სპორტის რომელიმე სახეობით არ იყავი დაკავებული. მამაჩემი - ჯუმბერ ნიჟარაძე კალათბურთში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი იყო, თასის მრავალგზის მფლობელი, დიდებული ხუთეულის (ქორქია, ჯორჯიკია, ჟღენტი, ინწკირველი, ნიჟარაძე) წევრი... ამიტომაც, სპორტი ბავშვობიდან დიდი დოზით იყო ჩემს და ჩემი ძმის ცხოვრებაში. ფეხბურთი კი... მაშინ, ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ იყო ქართველებისთვის, ეს იყო თვითგამოხატვის საშუალება, ოცნება თავისუფლებაზე... თბილისის „დინამოს“ გამარჯვებები არწმუნებდა ქართველებს, რომ მაგრები ვიყავით და დამოუკიდებლობასაც აუცილებლად მოვიპოვებდით! 

europop: თქვენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი...

ნიჟარაძე: ქართველებს ძალიან ბევრი უდიდესი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ დაუფიქრებლად შემიძლია გითხრათ: დათო ყიფიანი!  სხვათა შორის, მინახავს და მახსოვს მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, ბასა ღოღობერიძის თამაშიც...

europop: რადგან ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გკითხავთ.

ნიჟარაძე: ფეხბურთზე ისე ამიცრუვდა გული, წლების განმავლობაში აღარ მიყურებია. ხვიჩამ კი არამხოლოდ ტელევიზორთან დამაბრუნა, მთელი კვირა ველი ხოლმე „ნაპოლის“ თამაშს... კვარაცხელია უნიჭიერესი ფეხბურთელია. ღმერთმა საოცარი ტალანტით დააჯილდოვა და ამ ნიჭის თითქმის სრული რეალიზაცია, კვარასგან პირველივე იტალიურ სეზონში ვნახეთ. რაც ახლა ხდება, შესაძლოა, ბევრი ახსნა მოუძებნო, მაგრამ პირველ რიგში, ეს ფსიქოლოგიური პრობლემა მგონია!  ხდები იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, იგებ უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოს და... ბოლოდან მეორე ადგილზე ხარ ხელფასის ოდენობით - რა ჰქვია ამას?! ვისი ბრალია და როგორ მოხდა ეს - მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთია იმ სერიოზული ფაქტორთაგან, რომლებიც ხვიჩაზე მოქმედებენ... ბოლო დროს, ცოტა აგრესიაც გაუჩნდა მსაჯებისა თუ მეტოქეების მიმართ, ნერვიულობს, როცა რაღაც არ გამოსდის. როგორმე, ვიღაცის დახმარებით, აუცილებლად უნდა მოთოკოს თავი და... წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ძველი ხვიჩა დაბრუნდება! ისე კი, რაც მალე წავა ასეთ მდგომარეობაში მყოფი „ნაპოლიდან“, მით - უკეთესი! 

europop: ამის ნიშნები რომ ჯერ არ ჩანს?!

ნიჟარაძე: პროფესიონალი მწვრთნელები მშვენივრად ხედავენ სხვიჩას პოტენციალსაც და მის ადგილსაც თავიანთ სქემებში. ასე რომ, მსურველები იქნებიან. კვარას მთელი გულით ვუსურვებ პრობლემების სწრაფად მოგვარებას და თუ ამას შეძლებს, ძალიან დიდი მომავალი ექნება! ფეხბურთი, რომელიც ამ ბიჭმა დააბრუნა, უკვე იშვიათობაა... გულშემატკივრის უმეტესობას ხომ, ფეხბურთი სწორედ იმისთვის უყვარს, რასაც კვარასგან ხედავს მოედანზე.

კომენტარები

ბოლო ამბები