Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 121:95 ორლანდო მეჯიქი
  • გოგა ბითაძე ამჯერად 3 წუთი ათამაშეს
  • მატჩის ბედი ჯიმი ბატლერმა გადაწყვიტა

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი მაიამისთან ძალიან მნიშვნელოვან დაპირისპირებაში დამარცხდა. შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი მხოლოდ 3 წუთი ათამაშეს, ჰიტმა 121:95 მოიგო და მეჯიქს პლეი ოფისთვის ბრძოლაში მეჯიქს გაუთანაბრდა - ახლა ორივე გუნდს 27 მოგება და 24 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 და მე-8 ადგილებზე ყოფნას ნიშნავს.

მაიამი ფავორიტი იყო, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვა. ჰიტს, რა თქმა უნდა, ჯიმი ბატლერმა ულიდერა 23 ქულით (6/9, 9/12 საჯარიმო), 8 მოხსნით და 8 ასისტით. სწორედ მან გადაწყვიტა მატჩის ბედი საბოლოოდ მეოთხე პერიოდის შუაში.

როცა ორლანდო  დაბრუნებას ცდილობდა, თამაში თავის თავზე ბატლერმა (მარჯვნივ) აიღო

მანამდე, ორლანდო ბოლო მეოთხედის საწყის 4 წუთში თამაშში დაბრუნებას შეეცადა და 13:2 “გაქცევით” სხვაობა -10 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ მერე ბატლერმა 63 წამში 8 ქულა ჩააგდო და თამაშის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა. ჯიმიმ ჯერ ფრანც ვაგნერთან ბრძოლაში გაუშვა ურთულესი სამქულიანი, მერე ისევ სამიანი ჩააგდო და ბოლოს Floater-იც მო ვაგნერზე.

აღსანიშნავია, რომ ფრანც ვაგნერს ერთ-ერთი ცუდი თამაში ჰქონდა. 13 ქულიდან (5/15, 7 მოხსნა) 9 მან ბოლო მეოთხედში ჩააგდო. ორლანდოდან ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო გახლდათ 23 ქულით, 9 მოხსნითა და 7 ასისტით. მაიამის რიგებში კი ბემ ადებაიოც კარგი იყო (14 ქულა, 7/9, 8 მოხსნა) და ტერი როზიეც (18, 7/12). საინტერესოა, რომ მაიამიდან ჯამში 7-მა მოთამაშემ ჩააგდო 10-ზე მეტი ქულა.

რაც შეეხება ბითაძეს: 3 წუთში ვერაფერი მოასწრო. მხოლოდ ეს: 1 მოხსნა (დაცვაში) და 1 ასისტი. გოგას სროლის საშუალება არ მისცემია და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ორლანდო პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. 9 თებერვალს მეჯიქი სან ანტონიოს შეხვდება და იმედი გვაქვს, NBA-ში მოთამაშე ქართველების დაპირისპირება ამჯერად მაინც შედგება პარკეტზე - წინა დუელში ორივე სათადარიგო იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები