Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატზე ცნობილია

  • მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოვა
  • უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიას, ავსტრლიას და იტალიას შეხვდებიან 

World Rugby-მ მსოფლიოს 2024 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის თარიღები და ჯგუფები გამოაქვეყნა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირის B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის თანატოლთა გუნდები ეყოლება.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშსა და კეიპტაუნში ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა და ეს მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მომავალ მეტოქეებს, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა (საფრანგეთთან დამარცხდა), ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ - მე-11 პოზიცია.

2024 წლის ჩემპიონატში A ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო C ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გავა, ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი კი IX-XII ადგილებს გაითამაშებს. ბოლო ადგილზე გასული გუნდი 2025 წელს ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი 2024 წლის ალაფის გამარჯვებილი დაიკავებს, რომელსაც წელს 2-17 ივლისს შოტლანდია უმასპინძლებს. ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისს არის ჩანიშნული.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს ალაფა მოიგო და 2016 წელს გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდიან ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ მე-9-ზე, შარშან კი მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები