Thumbnail

ევროლიგის კლუბმა, თელ ავივის მაკაბიმ გრანადის ამერიკელი კალათბურთელი ჯო ტომასონი დაიმატა, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანებში საქართველოს ნაკრების მაისურას მოირგებს. 

მაკაბიმ 30 წლის მცველი (193 სმ) სეზონის ბოლომდე გაიფორმა. სხვათა შორის, ჯო ტომასონს ისრაელში ადრეც უთამაშია გილბოას რიგებში. "ის გამოცდილი უნივერსალი მცველია, რომელიც ყველაფერს აკეთებს", - წერს თელავივური კლუბის ვებსაიტი. 

"ჯოს დამატებით გუნდს ვაძლიერებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას მერე, რაც ომმა ჩვენი კალენდარი მნიშვნელოვნად შეცვალა. ტომასონი უნივერსალია, გამარჯვებულის მენტალიტეტით და დიდი ენერგიით", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ავი ებენმა. 

"ჩემი კარიერის ერთ თავს ვასრულებ და მეორეს ვიწყებ. ვემზადები ახალი გამოცდილებების მისაღებად. ძალიან მიხარა, რომ თელ ავივის მაკაბის ღირსებას დავიცავ. დიდი პატივია ასეთი ისტორიის კლუბში თამაში. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა, ფანებს. დიდი მადლობა შანსისთვის", - განაცხადა თავად ახალწვეულმა. 

ჯო ტომასონს გრანადა ასე დაემშვიდობა: "დიდად ვაფასებთ ჯოს ღვაწლს, მის პროფესიონალიზმს, მის გაწეულ შრომას და ვუსურვებთ წარმატებას კარიერის ახალ ეტაპზე". 

შეგახსენებთ, რომ "ევროპოპის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კალათბურთის ფედერაცია სწორედ ჯო ტომასონთან აწარმოებს მოლაპარაკებას ნაკრებში თად მაკფადენის შემცვლელად. ფედერაცია ჯო ტომასონზე მას მერე გადაერთო, რაც პისტოიას ჩარლი მურთან შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენი ინფორმაციით, ტომასონთან მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და ის, დიდი ალბათობით, ეროვნული გუნდის ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი გახდება. 

შეგახსენებთ, რომ მაკაბი ევროლიგაში 25 მატჩში 13 მოგება და 12 მარცხი აქვს და მე-10 პოზიციაზეა. 8 თებერვალს მაკაბი ანადოლუ ეფესს ესტუმრება. ისრაელის ჩემპიონატში კი გუნდი 6-3 ბალანსით მე-2 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები