Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 116:102 სან ანტონიო სპურსი
  • სანდრო თამაშში მაშინ ჩაერთო, როცა მისი გუნდი 17 ქულით აგებდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსმა, რომელიც ფლორიდაში მაიამი ჰიტს ესტუმრა და 102:116 დამარცხდა.

სამი მეოთხედის განმავლობაში შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა - დიდ შესვენებამდე ერიკ სპოელსტრას გუნდი მხოლოდ 2 ქულით იგებდა, შემდეგ კი, მესამე პერიოდში ტექსასელებმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირეს. საბოლოო ჯამში, ჰიტმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხა, როცა ჯამში 12 ქულით გაექცა.

შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ჯიმი ბატლერს, რომელმაც სამმაგი დუბლი 17 ქულით, 11 მოხსნითა და 11 პასით გაიფორმა. ყველაზე შედეგიანი 24 ქულით ტაილერ ჰირო იყო, სან ანტონიოს მხრიდან 19-19 ქულა ჰქონდათ ტრე ჯონსსა და დევინ ვასელს, ვიქტორ ვემბანიამამ კი ორმაგი დუბლი 18 ქულითა და 13 მოხსნით მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი ტაილერ ჰირო იყო

სანდრო მამუკელაშვილი თამაშში მეოთხე მეოთხედში ჩაერთო, როცა საბოლოო სირენამდე 3:23 წუთი იყო დარჩენილი და სპურსი 17 ქულით აგებდა. ამ დროში მან ერთი სამქულიანი ააცილა, ერთი ჩატენვა შეასრულა და 2 ასისტიც დააგროვა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს NBA-ში მე-3 ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. დასავლეთ კონფერენციაში სპურსი 10 მოგებითა და 41 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 9 თებერვალს სტუმრად გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები