Thumbnail
  • ნიკა მეცხვარიშვილმა კაროლინას 28 ქულა ჩაუგდო
  • ალექს მერკვილაძემ შეუცვლელად ითამაშა

საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში ქართველთა გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრომ შინ კოსტალ კაროლინა დაამარცხა - 79:75. ნიკამ, რომელიც ლუიზიანელთა სასტარტო ხუთეულში არ იყო, ჯამში 36 წუთი ითამაშა და გუნდს 28 ქულა მოუტანა!

24 წლის ქართველი კალათბურთელისთვის ეს NCAA-ში კარიერის რეკორდია. მის ანგარიშზე 3 სამქულიანია, ნიკამ თამაშიდან 16-დან 10 ნასროლი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი - 8-დან 5. მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 პასი და თითო დაფარება და ჩაჭრაა. 

ლუიზიანას სეზონში 8-14 ბალანსი აქვს (სან ბელტის კონფერენციაში - 4-8). შაბათს გუნდი სეზონში ბოლო არასაკონფერენციო თამაშს ატარებს, ისტერნ მიჩიგანს მასპინძლობს. 

ალექსს ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ორმაგ დუბლამდე მას 2 მოხსნა დააკლდა

ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტი სან დიეგოს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 77:79 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად (40 წუთი) ითამაშა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 2-2 დაფარება და ჩაჭრაა. ამ თამაშში ალექსმა ამერიკულ კარიერაში თავისი მე-500 მოხსნა მიითვალა. 

ლოიოლას 10-13 ბალანსი (3-6 კონფერენციაში) აქვს. შაბათს მერკვილაძის გუნდი ლოს ანჯელესში პეპერდაინის უნივერსიტეტს მასპინძლობს.

ლუკა ავალიანის სევანი ტაიგერსმა 82:77 დაამარცხა ბირმინგემ-საუზერნი. ლუკას ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი, დაფარება და ჩაჭრაა. სევანის 10-12 (6-5) ბალანსი აქვს და პარასკევს ოგლტორპსის უნივერსიტეტს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები