Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 106:114 დენვერ ნაგეთსი
  • ლეგენდების ძეგლებს კობი ბრაიანტის ქანდაკებაც შეემატა
  • Crypto.com არენაზე ძალიან ემოციური გარემო იყო

ამ თამაშის წინ, ლოს ანჯელესში კობი ბრაიანტის ძეგლი გაიხსნა და ცხადია, მთელის საღამო ლეიკერსის ლეგენდას მიეძღვნა.

ქანდაკება 4000-გირვანქიანია. კობის ლეიკერსის თეთრი ფორმა აცვია მე-8 ნომრით და მარჯვენა საჩვენებელი თითი ცისკენ აქვს აღმართული - ეს მისი ლეგენდარული პოზაა 2006 წელს, ტორონტო რეპტორსთან 81-ქულიანი თამაშის შემდეგ.

ბრაიანტის მეუღლემ, ვანესამ განაცხადა, რომ ეს პირველი ქანდაკებაა იმ სამს შორის, რომელიც NBA-ს 5-გზის ჩემპიონს მიეძღვნება. მომდევნოში კობი 24-ნომრიანი მაისურით იქნება, რომელიც კარიერის მეორე ნახევარში ეცვა, მესამე კი - ქალიშვილ ჯანასთან ერთად. როგორც იცით, 2020 წლის იანვარში კობი და ჯანა შვეულმფრენის კატასტროფის შემდეგ დაიღუპნენ. ბრაიანტმა ლეიკერსთან ერთად 5-ჯერ მოიგო NBA და მთელი კარიერა (2016 წლამდე) სწორედ ლეიკერსში გაატარა. ლოსანჯელესური გრანდის საშინაო დარბაზის წინ კიდევ ისეთი ლეგენდების ძეგლებია, როგორებიც არიან შაკილ ო’ნილი, კარიმ აბდულ-ჯაბარი და მეჯიქ ჯონსონი.

უშუალოდ ლეიკერსის და დენვერის მატჩშიც, ლეიკერსელები განსაკუთრებული მაისურებით გამოვიდნენ. კობისთან დაკავშირებულმა ემოციებმა ლეიკერსს მაინც ვერ უშველა - დენვერმა თამაში 114:106 მოიგო. მატჩის ბედი ნაგეთსის 8:2 “გაქცევამ” გადაწყვიტა. 

ლებრონ ჯეიმსმა 25 ქულა (9/20), 9 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. ენტონი დევისი უკეთესი იყო 32 ქულით (14/27), 9 მოხსნით და 4 დაფარებით. ოსტინ რივსმა ორმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 10 ასისტი). დენვერიდან, ნიკოლა იოკიჩი ძალიან ახლოს იყო სამმაგ დუბლთან - 24 ქულა (9/20), 13 მოხსნა, 9 ასისტი, თუმცა მას 6 დაკარგვაც ჰქონდა. ჯამალ მარიმ იბრწყინა ქულებითაც (29, 5/9 სამქულიანი), ისე ასისტებითაც (11).

კომენტარები

ბოლო ამბები