Thumbnail

NBA | ‘აგენტი მირეკავდა, მე კი მეძინა’ - შრიოდერი უკვე ბრუკლინშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტორონტომ დენის შრიოდერი ბრუკლინში გაუშვა
  • გერმანელისთვის კლუბის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი კარიერას ბრუკლინ ნეტსში გააგრძელებს - ტორონტო რეპტორსმა 30 წლის გერმანელის გაშვება ფაქტობრივად ბოლო წუთებში გადაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, თავად შრიოდერმა ეს ამბავი ბოლოს გაიგო და კლუბის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“აგენტმა რამდენჯერმე დამირეკა. მე მეძინა. როცა გამეღვიძა, გადავურეკე და მითხრა, რომ თურმე ბრუკლინში მივდივარ” - თქვა შრიოდერმა თავის ახალ კლუბში წარდგენისას.

ამრიგად, ტორონტოში გატარებული ნახევარი წლის შემდეგ შრიოდერი ნიუ იორკშია და ეს მისთვის NBA-ს მეშვიდე კლუბია. “ნიუ იორკი დიდი ქალაქია. მე გერმანიის პატარა ქალაქ ბრაუნშვაიგიდან ვარ, სადაც მხოლოდ 250 000 ადამიანი ცხოვრობს.” - ესეც შრიოდერის სიტყვებია.

მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ახალი თანაგუნდელების გაცნობას და ვარჯიშის დაწყებას. “ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდია, ბევრი ნიჭიერი მოთამაშით. ყოველდღე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბრუკლინი წარმატებული იყოს.” - დასძინა შრიოდერმა. 

გერმანელი ახალი გუნდის მატჩს დაესწრო კლივლენდ კავალიერსთან, რომელიც ნეტსმა 95:118 წააგო. 51 მატჩის შემდეგ, 20 გამარჯვებით და 31 მარცხით ბრუკლინი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. შრიოდერის დებიუტი სავარაუდოდ 11 თებერვალს, სან ანტონიოსთან მატჩში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები