Thumbnail

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კორმიემ ყურადღება 27 წლის ქართველ-ესპანელის თავდაჯერებულობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ილია მას კონორ მაკგრეგორს აგონებს.

UFC-ის ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურიასა (14-0 ММА, 6-0 UFC) და ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3 ММА, 13-2 UFC) ჩხუბი 17 თებერვალს, ანაჰაიმში, არენა Honda Center-ში გაიმართება და ის ტურნირ UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი მებრძოლი გამარჯვებაში დარწმუნებულია

"როგორც ჩანს, ამით თოფურია საკუთარ თავზე ზეწოლას ახორციელებს. ამ ბიჭმა სოციალურ ქსელებში უკვე გამოაცხადა თავი ჩემპიონად. ახლა ამბობს, რომ რეალ მადრიდის არენაზე ჩხუბს აპირებს. თქვა, რომ ალექს ვოლკანოვსკი მისთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებს. მებრძოლების უმეტესობა ცდილობს, ასეთი ბრძოლის წინ თავი წნეხისგან გაითავისუფლოს, ეს ბიჭი კი პირიქით აკეთებს.
 
მისი თავდაჯერება მახსენებს კონორ მაკგრეგორს, ჟოზე ალდოსთან ჩხუბის წინ. მაშინ კონორი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, რომ თქვა კიდეც, როგორ გააკეთებდა ამას. ყველამ იცოდა, რომ თუკი ის ამას შეძლებდა, ისეთი ვარსკვლავი გახდებოდა, რომლის მსგავსი მანამდე შერეულ ორთაბრძოლებში არ ყოფილა. და როდესაც ეს მოხდა, მაკგრეგორი მთვარეზე გაფრინდა… მგონია, რომ თოფურიასაც მსგავსი აღმასვლა ელის, თუკი ყველა დაპირებას შეასრულებს", - თქვა კორმიემ პოდკასტში. 

2015 წელს ირლანდიელმა ალდო 13 წამში დაამარცხა და ქამარი დაისაკუთრა

27 წლის ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მე-3 პოზიციას იკავებს, ოქტაგონზე ბოლოს ივნისში, ტურნირში UFC on ABC 5 გავიდა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

35 წლის ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ქამარს 2019 წლიდან მოყოლებული ფლობს. ავსტრალიელმა ბოლოს 21 ოქტომბერს, ტურნირში UFC 294 იჩხუბა, სადაც ისლამ მახაჩევთან მსუბუქ წონაში მატჩ-რევანში გამართა და პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები