Thumbnail
  • საქართველო 31:10 ნიდერლანდები
  • რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით საქართველომ მეორე მატჩი მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილმა "ბორჯღალოსნებმა", გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებსაც მოუგეს და ჯგუფს ლიდერობენ.

მოულოდნელად, შეხვედრა ნიდერლანდელების აქტიურობით დაიწო, რომლებიც მე-4 წუთზე ანგარიშში წინ გავიდნენ. დავიდ ვიირსმა ჯარიმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.

გაშვებული ჯარიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა და ტემპსაც მოუმატა, შედეგად კი შეხვედრის 23-ე წუთზე მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა - 7:3.

მატჩის 31-ე წუთზე აკა ტაბუცაძემ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მატკავას გარდასახვაც ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 14:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძემ ეროვნულ ნაკრებში 31-ე ლელო გაიტანა.

ტაბუცაძემ ეროვნულ ნაკრებში 31-ე ლელო გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმიც ლელოთი დაიწყო. ჯალაღონიამ ბრწყინვალედ ითამაშა, კვესელაძეს კარგი პასი გაუკეთა და გიორგიმაც ეროვნულ ნაკრებში მორიგი ლელო გაიტანა.

57-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 26:3 გახდა, ხოლო ზუსტად 7 წუთში ილია სპანდერაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა ლელო. სამწუხაროდ, საქართველომ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა.

ილია სპანდერაშვილმა ლელო ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

მატჩის ბოლოს ნიდერლანდელებმა საჯარიმო ლელო მოიპოვეს, შეხვედრა კი საბოლოოდ "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 31:10 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ბონუს ქულით მოიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. კოკერილის გუნდს ახლა 9 ქულა აქვს და ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები