Thumbnail
  • ორლანდო მეჯიქი 114:108 ჩიკაგო ბულსი
  • ბითაძის სტატისტიკა: 5 ქულა (2/2), 2 მოხსნა და 1 დაფარება
  • ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ოვერტაიმში ჩიკაგო ბულსი დაამარცხა და NBA-ს რეგულარულ სეზონში 29-ე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მეჯიქმა ამ სეზონში ბულსს უკვე მესამედ აჯობა. ჩვენთვის საინტერესო უფრო სხვა სიახლეა, ჯამალ მოსლიმ ქართველი ცენტრს სათამაშო დრო გაუზარდა - ბითაძემ პარკეტზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა (2/2), 2 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა.

შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. სტუმრებმა უპირატესობა მეოთხე პერიოდის წინ მოიპოვეს, მაგრამ ორლანდო თამაშში დაბრუნდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დემარ დეროუზანი პერიმეტრიდან უტევდა, თუმცა სამქულიანი ვერ ჩააგდო, შესაბამისად, ოვერტაიმი დაინიშნა. 

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო დასკვნით მეოთხედში და ოვერტაიმში მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა დამატებულ წუთებში ფრანც ვაგნერთან ლამაზი პიკ ენ როლი გაითამაშა და 2 ქულა აიღო. საბოლოო ჯამში, ორლნადომ ოვერტაიმში მეტოქეს შანსი არ მისცა და 6-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

გოგამ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა

მატჩის MVP სწორედ ვაგნერი გახდა, რომელმაც 36 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. კარგი თამაში ჰქონდა პაოლო ბანკეროსაც - 19 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი. სტუმართა მხრიდან საუკეთესო დეროუზანი იყო, რომელმაც 28 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. სოლიდური ორმაგი დუბლი დააფიქსირა ნიკოლა ვუჩევიჩმა - 26 ქულა და 17 მოხსნა. 

შეხვედრის შემდეგ ორლანდოს მთავარი მწვრთნელი “ბენჩის” კალათბურთელების თამაშით კმაყოფილი იყო: “ამ ბიჭებს ბევრი სათამაშო დრო არ მისცემიათ, შემოვიდნენ და ჩვენი თამაში გააძლიერეს” - განაცხადა ჯამალ მოსლიმ. 

მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები