Thumbnail

ვენდელ კარტერის დაბრუნების შემდეგ, გოგა ბითაძეს ორლანდო მეჯიქში მცირე სათამაშო დროს აძლევდნენ, ჯამალ მოსლიმ კი ის ჩიკაგო ბულსთან ურთულეს შეხვედრაში 14 წუთი ათამაშა და ქართველ კალათბურთელს ფლორიდელების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. გოგამ ამ დროში 5 ქულა (2/2), 2 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა.

ორლანდოს მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბითაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 წლის ცენტრი გეგმის მიხედვით მოქმედებდა და მის დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა.

"ჩვენი მწვრთნელებით და ბითაძით ძალიან ამაყი ვარ, რადგან ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებენ, გოგა კი, რაც არ უნდა ხდებოდეს, შესანიშნავი თანაგუნდელია. მან ივარჯიშა და დღეს დილით სათამაშოდ მზად იყო. მწვრთნელებმა ის თამაშის გეგმის შესასრულებლად მოამზადეს. ბითაძე დიდებულად მოქმედებდა -  შეტევაში მოხსნები, დაფარებები, შესანიშნავი სქრინები. ის ყველაფერს აკეთებდა, რაც ვიცით, რომ შეუძლია. დღევანდელ შეხვედრაში ცვლილების შეტანა გვჭირდებოდა. ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარა.

გოგა ბითაძეს და კოულ ენტონს სირთულეებთან გამკლავების უნარი აქვთ და ეს ამ გუნდის მთავარი თვისებაა. შემადგენლობაში იქნებიან თუ არა, რაც არ უნდა ხდებოდეს, ბიჭები ბრძოლას გააგრძელებენ, ყოველთვის მზად იქნებიან და გააკეთებენ იმას, რაც გუნდს მოსაგებად სჭირდება", - აღნიშნა მოსლიმ.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს სახლში ოკლაჰომასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები