Thumbnail

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში მორიგ ძალიან კარგ სეზონს ატარებს და როგორც სხვადასხვა გამოცემა აღნიშნავს, მისი შეძენა მსოფლიოს არაერთ გრანდს სურს.

ესპანური გამოცემა GOL digital წერს, რომ ვალენსიამ უკვე არაერთი შეთავაზება მიიღო და ზაფხულში მამარდაშვილი "მესტალიას" აუცილებლად დატოვებს. 

"ვალენსიაში იციან, რომ მამარდაშვილი ზაფხულში კლუბს დატოვებს. ბარახას გუნდის მეკარეს ძალიან კარგი სეზონი აქვს და კლუბმა შეთავაზებები უკვე მიიღო. "ღამურების" სოლიდური დაცვა მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც კარი მშრალად უკვე არაერთ შეხვედრაში შეინახა და თავის გუნდს ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

ბარახას გუნდის საყრდენი წერტილია

შესაბამისად, მამარდაშვილი ზაფხულში კლუბს დატოვებს და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა. მას ევროპულ ტურნირებზე თამაში სურს და იცის, რომ ვალენსიაში ამ გამოცდილებას ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ ვალენსია ჩამოყალიბების პროცესში მყოფი გუნდია, რომელსაც სერიოზული მიზნებისკენ სწრაფვა ამ ეტაპზე არ შეუძლია", - წერს ესპანური გამოცემა.

GOL digital გიორგის სავარაუდო შემცვლელზეც წერს. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ვალენსიას კარს შემდეგი სეზონიდან კეპა არიზაბალაგა დაიცავს, რომელიც ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ ჩელსიდან მადრიდის რეალს იჯარის წესით შეუერთდა. მალევე ესპანელმა მეკარემაც ტრავმა მიიღო და კარლო ანჩელოტის მის ნაცვლად კარში ლუნინის დაყენება მოუწია, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება და იტალიელი სპეციალისტიც უკრაინელი მეკარის თამაშით კმაყოფილია.

გიორგით ბევრი კლუბია დაინტერესებული

გუშინ გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სტუმრად ლას პალმასთან 0:2 დამარცხდა. 95-ე წუთზე გიორგიმ შეცდომა დაუშვა - მან ჩაწოდებული ხელში ვერ შეიმაგრა, ბურთი იქვე მყოფ კარდონას მოხვდა და გოლიც გავიდა.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას მესამე სეზონია იცავს, კლუბთან ხელშეკრულება კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 23 წლის ქართველ მეკარეს კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად 100 მილიონი ევრო უწერია, თუმცა ცნობილია, რომ "ღამურები" მის გაყიდვას 25-30 მილიონ ევროდ იმედოვნებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები