Thumbnail

ლა ლიგის 24-ე ტურში ჟირონასთან მოგებულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალს 2-3 კვირით ვერ დაეხმარება.

ინგლისელი ფეხბურთელი 57-ე წუთზე შეცვალეს, რა დროსაც უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული, მისი გუნდი კი 3:0-ს იგებდა. "სამეფო კლუბის" პრესსამსახურის ცნობით, ბელინგემს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მას კოჭის დაჭიმულობა დაუდგინდა.

57-ე წუთზე შეცვალეს

მადრიდელები მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღს არ ასახელებენ, მაგრამ როგორც ესპანელი ჟურნალისტი, ხოსე ლუის სანჩესი იუწყება, ის 2-3 კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს, შესაბამისად, სავარაუდოდ, ოთხ შეხვედრას გამოტოვებს - ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს ლაიპციგთან და ლა ლიგის მატჩებს რაიოსთან, სევილიასთან და ვალენსიასთან.

მადრიდის რეალმა ჟირონა მნიშვნელოვან შეხვედრაში 4:0 გაანადგურა. ბელინგემის დუბლის გარდა, გოლის გატანა ვინისიუს ჟუნიორმა და როდრიგომ მოახერხეს, აღსანიშნავია ისიც, რომ ვინისიუსმა ორი ასისტიც შეასრულა. ანჩელოტის გუნდმა ჟირონას 5 ქულით გაასწრო და ლა ლიგის ცხრილს 61 ქულით ლიდერობს.

რაც შეეხება ბელინგემს, ის მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და მის ანგარიშზე რეალის მაისურით ყველა ტურნირზე 20 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები