Thumbnail
  • ავსტრიული გამოცემა წერს, რომ კიტეიშვილის მომავალი შტურმში ბუნდოვანია
  • ანდრეას შიკერის თქმით, შემდეგ კვირაში ის ქართველის მრჩეველს შეხვდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს L‘Equipe წერდა, რომ ფრანგული მეცი ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით იყო დაინტერესებული და ქართველი ნახევარცმველის დამატება სურდა. ცოტა ხნის წინ კი, გრაცის შტურმის სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა განაცხადა, რომ ზაფხულამდე კიტეიშვილის გაშვებაზე საუბარიც არ არის.

როგორც ავსტრიული Kronen Zeitung წერს, 27 წლის ფეხბურთელის მომავალი შტურმში ბუნდოვანია და კლუბის სპორტული დირექტორი მომავალ კვირაში კიტეიშვილის წარმომადგენელს შეხვდება.  გამოცემა აღნიშნავს, რომ შემდეგ ხუთშაბათს ქართველი ფეხბურთელის მრჩეველი გრაცში ჩასვლას გეგმავს და შიკერის სიტყვებიც მოჰყავს: "შემდეგ კვირაში კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ."

მე-18 ტურის შეხვედრაში კიტეიშვილმა შტურმს მოქმედ ჩემპიონთან და ცხრილის ლიდერთან მნიშვნელოვან შეხვედრაში ულამაზესი გოლით ქულა მოაპოვებინა. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ოთარის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 22 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება შტურმს, გრაცის გუნდი 38 ქულით მე-2 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ზალცბურგს.

ოთარ კიტეიშვილს დინამო თბილისში და რუსთავის მეტალურგში უთამაშია, 2018 წლიდან კი ის ავსტრიული შტურმის ღირსებას იცავს. ეროვნულ გუნდში ოთარს 33 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები