Thumbnail
  • ლევერკუზენთან 0:3-ის შემდეგ ბაიერნში კრიზისული ვითარებაა
  • რა თქვეს დრეეზენმა, ტუხელმა, მიულერმა და კიმიხმა მატჩის შემდეგ

ლევერკუზენთან უპრინციპულესი მატჩის 0:3 წაგების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნში კატასტროფული განწყობაა.

გერმანულ მედიაში უკვე იწერება, რომ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის სკამი “მორყეულია”. მართალია, კლუბის ხელმძღვანელები ამას არ ადასტურებენ, მაგრამ იმ განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ფეხბურთელებისა და ბოსების კომენტარებიდან ჩანს, შეუძლებელია, ეს სიმართლე არ იყოს. დაიწერა ისიც, რომ მაგალითად, რომადან გაშვებული ჟოზე მოურინიო გერმანულს სწავლობს და მზადაა, მიუნხენური გრანდი ჩაიბაროს. ცხადია, გაიჟღერა იურგენ კლოპის გვარმაც, რომელიც სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს.

ბაიერნის შეფებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გენერალური მენეჯერის, იან-კრისტიან დრეეზენის კომენტარებია, რადგან რეკორდმაისტერში ახლა მას ეთქმის მთავარი სიტყვა. მატჩის შემდეგ მან თქვა, კარგად დავიწყეთ, პირველ 10-15 წუთში არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ წავაგებდით, არც ლევერკუზენი იყო თავიდანვე დომინანტი, მაგრამ მერე ყველაფერი ცუდად წავიდაო. ასეც იყო: ბაიერნის რბევა სწორედ მიუნხენიდან იჯარით გაშვებულმა სტანისიჩმა დაიწყო, რაც მერე გრიმალდოს გოლით გაგრძელდა და 95-ე წუთზე ფრიმპონგის გოლით დასრულდა.

“რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ეს მწვრთნელს უნდა ვკითხოთ.” - განაცხადა დრეეზენმა. ბაიერნის CEO-მ იცის, რომ ეს მარცხი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შეიძლება გადამწყვეტი იყოს: “ამ თამაშს მთელი გერმანია დიდხანს ელოდა და ჩვენ წაგება დავიმსახურეთ. სამწუხაროდ.”

ბაიერნის შეფის ეს სიტყვები ტუხელის პირდაპირი კრიტიკა არ არის, მაგრამ ირიბი - ნამდვილად! მიუნხენელთა ფანები იმითაც გაოცდნენ, რომ ტუხელმა ამ სეზონში პირველად ათამაშა გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით (3-4-3). იყო თუ არა ეს შეცდომა? დრეეზენი: “ტაქტიკაზე და ძირითად შემადგენლობაზე სპეკულირება არ მსურს. ლევერკუზენი უბრალოდ უკეთესი იყო. ჩვენ ამ თამაშის წაგება დავიმსახურეთ და ეს უნდა ვაღიაროთ. საბედნიეროდ, გერმანიის ჩემპიონატში წინ კიდევ 13 ტურია და იმედი გვექნება, რომ ლევერკუზენს ფეხი დაუცდება.”

ლევერკუზენსა და ბაიერნს შორის სხვაობა 5 ქულა გახდა. ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მიუნხენელებს არა მარტო ჩაბი ალონსოს გუნდის 2-3 წაბორძიკება, არამედ თავიანთი თამაშის მკვეთრად გამოსწორებაც სჭირდებათ. დრეეზენი: “ადრე ხშირად ამბობდნენ ხოლმე, ბაიერნს უმართლებსო. სინამდვილეში, ეს იყო ხარისხი და არა გამართლება. ახლა ლევერკუზენს აქვს ხარისხი, ჩვენ კი უნდა დავიბრუნოთ.”

ტუხელთან ერთად? დრეეზენი: “არაფერი იცვლება. ჩვენ ამ მატჩამდეც ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ცხადია, სხვა შედეგს ვისურვებდით. ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.”

მაინცდამაინც ტოპ-მატჩში ტაქტიკის შეცვლით ტუხელს ალონსოს გაოცება, მისთვის სიურპრიზის მოწყობა სურდა, მაგრამ ესპანელმა სამწვრთნელო დუელი ცხადად მოუგო. ტუხელმა თამაშის შემდეგ თქვა, რომ ტაქტიკაზე პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ იქვე დაამატა, ვერავინ დაამტკიცებს, რომ სხვა ტაქტიკით სხვა შედეგი დაფიქსირდებოდაო.

თომას მიულერმა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო, ტუხელი დაიცვა: “მოედანზე საკმარისად გვყავდა საერთაშორისო დონის ფეხბურთელები და არაა საჭირო, მწვრთნელში ვეძებდეთ დამნაშავეს.” - თქვა მან.

ტუხელმა კიმიხი და მიულერი თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო

პრობლემებზე უფრო საინტერესოდ ისაუბრა იოზუა კიმიხმა, რომელიც ასევე სკამზე იყო და ტუხელმა მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა: “თამაშის დროს არ გვეტყობოდა სიხარული, კრეატიულობა, სიმსუბუქე და არც თავისუფლება. საგოლე მომენტების შექმნის სერიოზული პრობლემა გვაქვს.

ცუდი განწყობა და ბაიერნის მთავარი სლოგანის, Mia san mia-ს არარსებობა რეკორდმაისტერისთვიც მართლა ცუდი ამბავია. გაცილებით უარესი, ვიდრე ის ფაქტი, რომ ბაიერნი ლევერკუზენს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

წინ ლაციოსთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩია - ბაიერნი რომში ოთხშაბათს ითამაშებს…

კომენტარები

ბოლო ამბები