Thumbnail
  • ფრანც ბეკენბაუერის უნიკალურობას მისი ტაქტიკური განსწავლულობა და თავისუფალი პოზიცია განაპირობებდა
  • ამავე სტილში თამაშობდა ალექსანდრე ჩივაძე, მიხელსის გუნდში კი - ფრანკ რაიკარდი
  • ხოსეპ გვარდიოლამ თანამედროვე ეპოქაში მსგავს მანევრს მიმართა

ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში დავას გადავწყდი. განიხილავდნენ, რამდენად იყო ფრანც ბეკენბაუერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველი. ბეკენბაუერის ფენომენზე, მის ისტორიულ მასშტაბზე, ჩემს კოლეგას იმდენად კარგი სტატია ჰქონდა, რომ ვერაფერს დავამატებ. ამ სტატიაში ცოტა ტაქტიკური ამბები იყოს - ვინ იყო ბეკენბაუერი და როგორ შეცვალა მან ფეხბურთი. ანუ, რა აერთიანებთ ბეკენბაუერს, ჩივაძეს, რაიკარდს და ჯონ სტოუნსს.


60-70-იანი წლების, ანუ ბეკენბაუერის ეპოქის თამაში რომ წარმოვიდგინოთ და შესაბამისად, ბეკენბაუერის მნიშვნელობა გავიგოთ, მაშინდელ ტაქტიკურ სქემებს უნდა ვიცნობდეთ. ამ ეპოქაში, პრინციპში არამხოლოდ ამ ეპოქაში, არამედ ათწლეულების მანძილზე არიგო საკიმდე, დაცვა აგებულია პერსონალური მეურვეობის პრინციპზე, ანუ ზონას, სივრცეს კი არ იცავენ, კაცი კაცზე მეურვეობენ. ეს ნიშნავს პერსონალურ დუელებს მთელი მოედანზე - აი ჯენტილე რომ მარადონას დასდევდა და ფეხბურთი არ ათამაშა, ეგეთ ამბებს. ამ ტიპის მცველებს ჯანი, ათლეტიზმი და ბრუტალურობა სჭირდება, შენი თამაში ერთი დიდი ორთაბრძოლაა.

ასეთ დაცვას ის ხარვეზი ის აქვს, რომ თავდამსხმელის დევნაში შენი ზონის დატოვება გიწევს და ამ დროს ყოველთვის შეიძლება ძალიან დიდი სივრცე დაგრჩეს, სადაც მოედნის სიღრმიდან ან ფლანგიდან ვინმე შემოირბენს. ამ ყველაფერს, ანუ თავისუფალ სივრცეებს, მთელ დაცვის ხაზს, აზღვევდა ე.წ. ლიბერო, უკანა მცველი, დაცვის გენერალი, რომელიც მთელ დაცვის ხაზს უყურებს და პირველ რიგში ჯანით კი არა ინტელექტით, ტაქტიკური განსწავლულობით, პოზიციის ცოდნით და თამაშის ანალიზის უნარით თამაშობს. მისი საქმეა დაზღვევა, ყველა შესაძლო შეცდომის გამოსწორება, ყველა გათავისუფლებული სივრცის შევსება, დაცვის და თამაშის გაძღოლა. რეალურად, თამაშში, რომელიც ინდივიდუალური ორთაბრძოლებისა და დუელებისგან შედგება, ეს მოთამაშე თავისუფალი შემოქმედია, მას პირდაპირი ვიზავი არ ჰყავს და არც მკაცრად განსაზღვრული, ვიწრო ფუნქციით არ თამაშობს. ასეთი მოთამაშე იყო ბეკენბაუერი, ის გუნდის ლიდერი, მისი გენერალი, არამხოლოდ ხასიათით იყო, არამედ ფუნქციურადაც.

სხვადასხვა ეპოქაში ასეთ მოთამაშეებს, ანუ სისტემის გარეთ, დიდი ხარისხის თავისუფლებით და თავისი ანალიტიკურ-ტაქტიკური ალღოთი თამაში რომ უწევთ, სხვადასხვა პოზიცია ჰქონდათ. ხან ნახევარდაცვასა და თავდასხმა შორის, ე.წ. 10 ნომერის პოზიციაზე იყვნენ განლაგებულები, პირობითად, ზიდანი ან ყიფიანი, რომ წარმოვიდგინოთ, ხანაც, უფრო თანამედროვე ეპოქაში, მცველებსა და ნახევარმცველებს შორის, ე.წ. რეჯისტას, რეჟისორის, დირიჟორის ადგილზე, მაგალითად, ანდრეა პირლო იყო ასეთი.

ბეკენბაუერის მთავარი ღირსება ის იყო, რომ ის არამარტო დაცვის ხაზის ლიდერი და "გენერალი" იყო, არამედ თავისი ტაქტიკური და პოზიციური თავისუფლებით მაქსიმალურად სარგებლობდა და წინაც მაგრად მოდიოდა. ზოგადად, ზემოთ რომ სოციალურ მედიაში დაწყებული დავა ვახსენე, იმას რომ დავუბრუნდეთ, სისულელეა, ბეკენბაუერს მცველი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ პოზიციურად კარიერის უდიდესი ნაწილი, ნომინალურად დაცვის ხაზში გაატარა.

როგორც კი მის აღნაგობას შეხედავ, მიხვდები, რომ ის თავისი აგებულებით მცველი არ არის. 180 სმ სიმაღლის, თხელი აღნაგობის მქონე მოთამაშეა. მაგალითად, სუფთა დაცვით უნარებში (ბურთის ართმევა, ვარდნა, პერსონალური მეურვეობა და ა.შ.) მასზე უკეთესი იყო ზემოთ ხსენებული ჯენტილეც, მალდინიც, ალბათ მისივე თანაგუნდელი ბერტი ფოგთსიც და ბევრი სხვა მოთამაშეც. თუმცა, ბეკენბაუერი იყო ერთმნიშვნელოვნად მათზე უკეთესი ფეხბურთელი. გავიმეორებ და განვმარტავ: მათზე უკეთესი მცველი კი არა, მათზე უკეთესი ფეხბურთელი.

'ერთ შეტევაში შეიძლება ჯერ ნესტა, ჰუმელსი ან ბონუჩი ყოფილიყო, შემდეგ კიმიხი ან კროოსი და ბოლოს ზიდანის ფუნქციაც მოერგო თავის თავზე'

მას შეეძლო, რომ თავისი სახელგანთქმული დრიბლინგით, ან ძალიან კარგი პირველი პასით, შეტევა დაეწყო თავისი კარის სიახლოვიდან, ბურთი გადაეტანა ნახევარდაცვის ხაზში, შემდეგ თავადაც, თავისი თავისუფალი, ე.წ. ლიბეროს პოზიციიდან გადასულიყო, ნახევარდაცვის ხაზში და შემდეგ უკვე ბურთი გადაეტანა შეტევაში. ანუ, კაცი დრიბლინგით ან პასით, პლუს თავისი უნიკალური ტაქტიკურ-ანალიტიკური განსწავლულობით უზრუნველყოფდა ბურთის დაცვის ხაზიდან შეტევაში გადატანას. სწორედ ამიტომ, ერთ შეტევაში მას შეეძლო ჯერ ლიბეროს, შემდეგ 6 ნომერის, საყრდენი ნახევარმცველის, სიღრმისეული გამთამაშებლის, შემდეგ კი ათი ნომერის ფუნქციები მოერგო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთ შეტევაში შეიძლება ჯერ ნესტა, ჰუმელსი ან ბონუჩი ყოფილიყო, შემდეგ კიმიხი ან კროოსი და ბოლოს ზიდანის ფუნქციაც მოერგო თავის თავზე.

ასე თამაშის საშუალებას მას აძლევდა როგორც ზემოთ ხსენებული ტაქტიკური განსწავლულობა და პოზიციური თამაშის სიბრძნე, ასევე ტექნიკური უნარები - ნომინალური მცველი ბურთს ძალიან მაგრად ფლობდა. ასეთი გოლიც აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატზე: შეტევას დაცვიდან იწყებს, შემდეგ ნახევარდაცვაში ისევ კედელს ათამაშებს და შემდეგ კიდევ ერთი კედელი და უკვე ერთი ერთზეა, რეალურად დაცვიდან შეტევაში მთელი მოედნის სიგრძე ვერტიკალურად გადაკვეთა.


სტაჟიან გულშემატკივარს ეხსომება: ალექსანდრე ჩივაძეს აქვს ვესტ ჰემთან გოლი გატანილი, დაცვიდან იწყებს და სიღრმიდან ერთვება შეტევაში, კლასიკური ათი ნომერივით გააქვს. ჩივაძეც იგივე პოზიციის და მსგავსი სათამაშო თვისებების მქონე მოთამაშე იყო - ნომინალურ მცველს თამაშის უნიკალური ტაქტიკური გაგება და კარგი გამთამაშებელის ტექნიკური არსენალი ჰქონდა. სიტუაციურად ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, თუ დასჭირდებოდა, ათი ნომერიც იყო და კლასიკური ექვსიანიც, საყრდენი, სიღრმის გამთამაშებელი.

შემდეგ თაობაში, უკვე 80-90-იანებში ასე ფრანკ რაიკარდი თამაშობდა. ნომინალური მცველი იყო, მაგრამ როდესაც მის გუნდს ბურთი ჰქონდა, ნახევარდაცვის ხაზში ამოდიოდა და მისი ტექნიკისა და ტაქტიკური განსწავლულობის პატრონი, ძალიან მაღალი კლასის ნახევარმცველი, ემატებოდა მის გუნდს შუა ხაზში. რაიკარდი ბეკენბაუერისგან და ჩივაძისგან განსხვავებით, დამატებით, სასწაული ათლეტიც იყო. რინუს მიხელსის მეორე დიდი გუნდი, 1988 წლის ნიდერლანდები სწორედ ასე თამაშობდა. ვან ბასტენი-გულიტის გვერდით, ამ გუნდს სათამაშო თვალსაზრისით ექსტაორდინალური თუ რამე ჰქონდა, რაიკარდის ეს მანევრი იყო.

ზემოთ, ლეგენდებზე ვსაუბრობდით და მათ ჯონ სტოუნსს ნამდვილად ვერ შევადარებთ, მაგრამ შარშანდელი სიტი თუ გახსოვთ, გვარდიოლამ ზუსტად ეგ მანევრი განახორციელა. სტოუნსში ის მოთამაშე დაინახა, რომელიც დაცვის დროს მეორე ცენტრალური მცველია, თუმცა ბურთის ფლობის დროს დამატებითი ნახევარმცველის როლს ასრულებს.

80-90-იანებში ასე ფრანკ რაიკარდი თამაშობდა

ბეკენბაუერი და ჩივაძე ამ ყველაფერს თავისი კლასით და გენიალურობით აკეთებდნენ. ბეკენბაუერი საერთოდაც ამ ამბავში ალბათ ისტორიაში საუკეთესო იყო. რაიკარდი და ახლა უკვე სტოუნსი, უფრო მწვრთნელის მიერ მოფიქრებული, სისტემური ამბავია. ყველა შემთხვევაში, ახლა სათქმელად მარტივია, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთული, რადგან რეალურად, სულ მცირე ორი პოზიციის თამაში გიწევს ერთდროულად და თამაშის მსვლელობიდან და სურათიდან გამომდინარე, უნდა გადაწყვიტო, რა ფუნქციას ასრულებ. ინტელქტი გინდა, თამაშის ინტელექტუალური აღქმა და დიდი ტექნიკური არსენალი.

კიდევ უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, მიხელსის, ან უფრო გვიან გვარდიოლას ტაქტიკური ცვლილებების არსი არის ის, რომ შექმნას, იპოვოს დამატებითი მოთამაშე მოედნის ცენტრში და ამის ხარჯზე მოიპოვოს უპირატესობა. მიხელსი, მოგვიანებით ვან გაალის ჩემპიონთა ლიგის მომგები აიაქსი, ამ მოთამაშეს დაცვიდან იმატებენ. ანუ იმ მანევრს ავალებენ, რასაც თავის დროზე ბეკენბაუერი აკეთებდა. ასეთი იყო რაიკარდი, მაგალითად. გვარდიოლა ბარსელონაში ამას ე.წ. ცრუ ცხრიანით აკეთებს, ანუ ყავს ფორვარდი, რომელიც უკანაც ჩამოდის, სხვადასხვა ზონაში გადადის და ქმნის უპირატესობას. შარშანდელ სიტიში ასეთი მოთამაშე უკვე სტოუნსი იყო და ის დაცვიდან იწყებდა მანევრს.

კომენტარები

ბოლო ამბები