Thumbnail
  • მილანი 1:0 ნაპოლი
  • ვალტერ მაძარიმ ნაპოლი განსხვავებული ტაქტიკით ათამაშა
  • კვარაცხელია ბევრს აქტიურობდა, მაგრამ ნაპოლიმ მაინც წააგო

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ცენტრალური შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მილანს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი "პარტენოპეის" მაისურით ყველაზე მეტჯერ, მეექვსეჯერ სწორედ "როსონერის" დაუპირისპირდა. ვალტერ მაძარიმ ვერონასთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ხვიჩას თავდამსხმელის უკან ხშირად დააყენებდა და ეს მატჩი კვარაცხელიამ ამ პოზიციაზე დაიწყო. აქვე ვიტყვით, რომ დღეს ხვიჩას დაბადების დღეა - ქართველი ფეხბურთელი 23 წლის გახდა.

ხვიჩა შეტევაში ბევრს აქტიურობდა

პირველი ტაიმი ნაპოლიმ კარგად დაიწყო, თუმცა, პირველი გოლის გატანა სტეფანო პიოლის გუნდმა მოახერხა. 25-ე წუთზე მილანელების წამოწყებული შეტევის შემდეგ, რაფაელ ლეაომ შესანიშნავი პასით ერნანდესი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი, გოლინის ცუდი გამოსვლით ისარგებლა და ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა. კვარაცხელია პირველივე ნახევარში ბევრს აქტიურობდა და რამდენიმე წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა.

მეორე ნახევარში მაძარიმ სქემა შეცვალა და 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, თუმცა, ხვიჩას უფრო ხშირად კვლავ ცენტრში ვხედავდით. ტაიმი თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, გოლი არ გასულა და მილანმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. "როსონერის" სახლში ნაპოლი სერია A-ში 8 შეხვედრა არ ჰყავდა დამარცხებული და პიოლის გუნდმა ეს ნავსიც გატეხა.

მილანმა ტეო ერნანდესის გოლით მოიგო

ნაპოლი 35 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მე-4 პოზიციამდე 7 ქულა აშორებს. მილანი კი 52 ქულით მე-3 ადგილზეა და პირველადგილოსან ინტერს 8 ქულით ჩამორჩება.

მილანი 1:0 ნაპოლი

გოლი: 1:0 ერნანდესი (25).

მილანი (4-2-3-1): მენიო - კალაბრია (ფლორენცი - 37), კიაერი (სიმიჩი - 65), გაბია, ერნანდესი - ბენასერი (მუსა - 66), ადლი - პულიშიჩი (ხიმენესი - 80), ლოტფუს-ჩიკი, ლეაო - ჟირუ (იოვიჩი - 80). 

ნაპოლი (3-5-1-1): გოლინი - ოსტიგარი (პოლიტანო - 45), რაჰმანი, ჟეზუში (ნგონგე - 90) - დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (ლინდსტრომი - 76), მაძოკი (ოლივეირა - 76) - კვარაცხელია - სიმეონე (რასპადორი - 55).

კომენტარები

ბოლო ამბები