Thumbnail
  • კანზას სიტი ჩიფსი 25:22 სან ფრანცისკო 49ers
  • სუპერბოულზე ბოლო წამამდე ეპიკური ტრილერი და ოვერტაიმი ვიხილეთ

ვინც ამ თამაშის გამო გაათენა, ნამდვილად არ ინანებდა!

კანზას სიტი ჩიფსმა თავისი სუპერვარსკვლავი კვოტერბეკით, პატრიკ მაჰოუმსით, სან ფრანცისკო 49ers-ს თამაში შეუტრიალა და საბოლოოდ, ოვერტაიმში დრამატული გამარჯვება იზეიმა - 25:22.

NFL-ის სეზონის ფინალი ძალიან ჰოლივუდური გამოვიდა: პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი VIP-ლოჟაში ცეკვავდა, ქვემოთ კი, ლას ვეგასის “Allegiant სთედიუმზე”, კანზას სიტის მოთამაშეები ისე ემოციურად ზეიმობდნენ, როგორც სუპერბოულს ეკადრება - ეს იყო სპორტის, გლამურისა და ამერიკული პოპ-კულტურის სრულყოფილი ნაზავი, დიდი შოუ. 


“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, ეს ლეგენდარული ამბავია,” - დაიყვირა პატრიკ მაჰოუმსმა მიკროფონში დრამატული გამარჯვების შემდეგ, - “ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ახლა მთელი ღამე ვიზეიმებთ, მერე სახლებშიც ვიზეიმებთ, ეს ამბავი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.”

ტეილორ სვიფტი და მისი მეგობარი ტრევის კელსი, რომელიც კანზას სიტის კიდევ ერთი დიდი ვარსკვლავია, საჩემპიონო ზეიმზე ერთად ტიროდნენ, ჩიფსის მწვრთნელ ენრი რეიდს კი, მოთამაშეებმა ტრადიციულად ყველაფერი გადაასხეს, რაც ხელში მოხვდათ. მოკლედ, 58-ე სუპერბოული უნდა გენახათ.

უშუალოდ თამაშიც იმდენად დაძაბული გამოვიდა, რომ უკვე ეპიკური და ისტორიულია. ყველაზე მძაფრი ამბავი ის იყო, რომ კანზას სიტიმ ანგარიში რეგულარული დროის გასვლამდე 3 წამით ადრე გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში ასე გადაიყვანა. იქ კი ასეთი წესები იყო: როცა ორივე გუნდს ერთხელ უკვე ჰქონდა ბურთი, ვინც პირველ ქულას აიღებდა, ის მოიგებდა - მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს Field Goal იქნებოდა თუ თაჩდაუნი. და რაკი სან ფრანცისკომ ბურთის პირველი ფლობა Field Goal-ით (3 ქულა) დაასრულა, კანზას სიტის მოთამაშეები უმძიმესი წნეხის ქვეშ იყვნენ. თუკი ისინის Field Goal-ს გაიტანდნენ, ბურთი მეტოქეს გადაეცემოდა, ბურთს თუ დაკარგავდნენ, მაშინვე სან ფრანცისკო მოიგებდა თამაშს. ასე რომ, მათ მხოლოდ თაჩდაუნით შეეძლოთ მარტივად და პირდაპირ ამ ფინალის მოგება და ზუსტად ეს მოხდა!

ფაქტია, NFL-ში ახალი დინასტია გვაქვს. 19 წლის წინ ნიუ ინგლენდ პეტრიოტსმა ტიტული შეინარჩუნა და მას შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ ერთმა გუნდმა ზედიზედ მეორედ შეძლო სუპერბოულის მოგება. უშუალოდ პატრიკ მაჰოუმსისთვის და კანზას სიტისთვის ეს მესამე ტიტულია ბოლო 5 სეზონში. ფინალის MVP სწორედ მაჰოუმსი გახდა.

რაც შეეხება სან ფრანცისკოს - ამ გუნდმა ტიტული ბოლოს 1994 წელს მოიგო. ისევე, როგორც 2020 წელს, 49ers-ს ოცნება ამჯერადაც კანზას სიტიმ დაუმსხვრია.

შესვენების შოუ Usher-თან ერთად

რაც შეეხება სუპერბოულის განუყოფელ ნაწილს, შესვენების შოუს: მთავარი გმირი იქ R&B-ის სუპერვარსკვლავი Usher გახლდათ, რომელიც დიდხანს იყო გამქრალი დიდი სცენიდან, ახლა კი დაბრუნდა.

ამერიკული მედია წერს, რომ 45 წლის Usher მეორე არჩევანი იყო - NFL-ში სურდათ, რომ სუპერბოულის შესვენების შოუს მთავარი ვარსკვლავი რეპის ლეგენდა Jay-Z ყოფილიყო, მაგრამ უარი თქვა. ბევრ გულშემატკივარს ეჭვი ეპარებოდა, გაამართლებდა თუ არა Usher-ის შოუ, მაგრამ ეჭვები მალევე გაიფანტა - კარგი შოუ შედგა. Usher-თან ერთად მშვენიერი პერფორმანსი ჰქონდა Alicia Keys-საც. 

კომენტარები

ბოლო ამბები