Thumbnail

დანიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც  ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მოახლოებული მატჩებისთვის 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეკრებაზე დარჩნენ დანიელთა ლიდერები ევროლიგის კლუბებიდან. საუბარია ვირტუს ბოლონიაში თორნიკე შენგელიას თანაგუნდელ იფე ლუნდბერგსა და მილანის ლეგიონერ შევონ შილდსზე. 

ამ ორ კალათბურთელთან ერთად, მეტოქეს საკმაო ამბიციები ექნება, მათ კი ის მოთამაშეებიც უნდა მივათვალოთ, რომლებიც გერმანულ და ესპანურ კლუბებში თამაშობენ. დანიის ეროვნული გუნდის საბაზისო გუნდი ადგილობრივი ბაკენ ბეარსია, საიდანაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალან ფოსმა ხუთ კალათბურთელს უხმო.

შევონ შილდსი დანიის ნაკრების მაისურით

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო G ჯგუფში საქართველო, დანია, სერბეთი და ფინეთი მოხვდნენ, რომელიც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. დარჩენილი 3 გუნდიდან საგზურს 2 მიიღებს და ვინაიდან სერბეთის ევროპირველობის მიღმა წარმოუდგენელი ამბავია, ისე გამოდის, რომ ბოლო საგზურისთვის საქართველო და დანია იბრძოლებენ. სწორედ ამიტომ სკანდინავიელებთან წაფორხილება დამღუპველი იქნება.

დანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს ნესტვედშია დაგეგმილი (ამავე დღეს სერბეთი ფინეთს მიიღებს) და როგორც მასპინძლები წერენ, ამ თამაშზე უკვე ათასზე მეტი ბილეთი გაყიდულია, ამდენად, Arena Næstved-ზე სრულ ანშლაგს ელიან. 26 თებერვალს საქართველო სერბეთს დაუხვდება, ხოლო ფინეთი დანიას უმასპინძლებს.

დანიის ნაკრები საქართველოსთან

ბაკარი დიბა (კარლსრუე, გერმანია), იფე ლუნდბერგი (ვირტუსი, იტალია), სილვესტერ ბერგი, ნოა ჩერჩილი, დარკო ჯუკიჩი, ფრედერიკ დრეიერ ერიკსენი, გუსტავ კნუდსენი (ბაკენ ბეარსი), სებასტიან არისი (ლეიმა ბასკეტი, ესპანეთი), ადამ ჰეედე-ანდერსენი (ვერლოსე ბლუ ჰოუკსი), იონას ზოჰორე (ბალკანი, ბულგარეთი), სამი ელერაკი (ალგესირასი, ესპანეთი), მადს ბონდე სტურუპი (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), შევონ შილდსი (მილანი, იტალია), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია).

კომენტარები

ბოლო ამბები