Thumbnail

მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კენიელი კელვინ კიპტუმი მხოლოდ 24 წლის გახლდათ
  • შარშან მან ლონდონისა და ჩიკაგოს პრესტიჟული მარათონები მოიგო

მარათონში მსოფლიოს რეკორდის მფლობელი, 24 წლის კენიელი კელვინ კიპტუმი სამშობლოში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, კიპტუმი დასავლეთ კენიის მაღალმთიან რეგიონში სავარჯიშოდ იმყოფებოდა, როდესაც პირად მწვრთნელ გერვაის ჰაკიზიმანასთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ორივე მათგანი დაიღუპა, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი კი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

კიპტუმი ბოლო წლებში მარათონის უპირველესი ვარსკვლავი იყო. გასულ წელს მან ლონდონისა და ჩიკაგოს გარბენები მოიგო, ჩიკაგოში კი 42 კილომეტრი და 195 მეტრი 2 საათსა და 35 წამში დაფარა და მისივე თანამემამულე ელიუდ კიპჩოგეს რეკორდი (2 საათი, 1 წუთი, 9 წამი) დაამხო.

კენიელი სპორტსმენი აპრილში როტერდამის მარათონში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა, ამას გარდა კი, მისი პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლაც იგეგმებოდა.

კიპტუმის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცმა სებასტიან კოუმ, კენიის სპორტის მინისტრმა ჰონ აბუბუ-ნამვამბამ კი დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ განსაკუთრებული მარგალიტი დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები