Thumbnail
  • ინფორმაცია, რომელზეც ევროპოპი ერთი კვირის წინ წერდა, დადასტურდა
  • ჯო ტომასონი ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებში ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშის რანგში 30 წლის ამერიკელი მცველი ჯო ტომასონი იასპარეზებს. მან თად მაკფადენი ჩაანაცვლა, რომელიც ჩვენს გუნდში 2018 წლიდან თამაშობდა. ამის თაობაზე ევროპოპი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა, ახლა კი, ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ტომასონი სულ ახლახანს ჩაირიცხა ისრაელის საუკეთესო კლუბ მაკაბი თელ-ავივში (ესპანური გრანადადან გადავიდა), თუმცა, ახალი გუნდის მაისურით ჯერ არც ეროვნულ ჩემპიონატში უთამაშია და არც – ევროლიგაში.

ტომასონს კარიერის განმავლობაში 9 გუნდში აქვს ნათამაშები. მისი პირველი პროფესიონალური კლუბი ბუქარესტის დინამო იყო, რომელშიც 2016-17 სეზონში თამაშობდა, შემდეგ ის NBA-ს G ლიგაში გადაბარგდა და ნიუ ორლეანს პელიკანსის განვითარების ლიგის გუნდის ბირმინგემ სკუადრონის ღირსებას იცავდა. ამის მერე ჯო კვლავ ევროპაში დაბრუნდა და 3 წელი პოლონურ ლიგაში ასპარეზობდა – 2017-18 სეზონში ის სტაროგრად გდანსკიში ირიცხებოდა, 2018-19-ში – სტარტ ლუბლინში, ბოლოს კი 2019-20-ში, ზიელონა გორაში.

🚨ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს! 💥ჩვენს გუნდს თელავივის მაკაბის უკანახაზელი,...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on Monday, February 12, 2024


2019-20 სეზონის შუაში ტომასონი ისრაელში წავიდა და იქ კონტრაქტი გილბოა გალილთან გააფორმა, წელიწადნახევრის შემდეგ კი, ესპანეთში აღმოჩნდა და ლიგა ენდესას გუნდში მანრესაში თამაშობდა, სადაც საშუალოდ 13.2 ქულასა და 3.4 ასისტს აგროვებდა. 2022 წელს ჯო ზენიტში ჩაირიცხა, გრანადაში გადასვლამდე კი ბერძნულ პრომითეას პატრასში თამაშიც მოასწრო.

ჯო ტომასონს გამთამაშებლის და მსროლელის პოზიციაზე შეუძლია თამაში. პერიმეტრიდან სროლის გარდა, მას სამწამიანში შესვლის უნარიც აქვს. მიმდინარე სეზონში გრანადაში მის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ის საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნას და 3.4 პასს აკეთებდა. თამაშიდან ტომსონი 47.2% სიზუსტით ისროდა, სამქულიანებს - 34.6%-ით, საჯარიმოებს კი - 87%-ით.

ტომასონი უახლოეს პერიოდში შეუერთდება საქართველოს ნაკრებს და ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ქართველი კალათბურთელები 23 თებერვალს დანიაში ითამაშებენ, 26-ში კი, თბილისში სერბეთთან შეხვედრაა დაგეგმილი. აღნიშნული სამეულის გარდა, საკვალიფიკაციო G ჯგუფში ფინეთიც ირიცხება, რომელიც მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე თამაშიც განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები