Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა ევერობასკეტი 2025-ის სასტარტო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის.

წინასწარ სიაში 22 მოთამაშეა, რომელთა შორის 6 ლეგიონერია. შემადგენლობაში ახალი სახეები ფაქტობრივად არ არიან, ლიდერობის საკუთარ თავზე აღება კი კვლავაც თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს მოუწევთ.

სიაშია ნაკრების ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯო ტომასონი. აღსანიშნავია ეროვნულ გუნდში ბექა ბურჯანაძის დაბრუნებაც. განაცხადში ვხედავთ ესპანური სარაგოსასა და უნგრულ ატომერომუს წევრებს – რატი ანდრონიკაშვილსა და დუდა სანაძეს, რომელთაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში 23 თებერვალს დანიასთან გასვლითი მატჩით ჩაებმება, 26-ში კი, თბილისში სერბეთს მიიღებს. G ჯგუფში ფინეთიც ირიცხება, რომელიც მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

მცველები: გიორგი ცინცაძე (თსუ), რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე (დელტა), რევაზ როგავა (ბათუმი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ჯოზეფ ტომასონი (მაკაბი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვიქტორ სანიკიძის აკადემია), დუდა სანაძე (ატომერომუ, უნგრეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი (ორივე – კავკასია).
ფორვარდები: კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე (ორივე – თსუ), ოთარ ბულიავა (ბათუმი), თორნიკე შენგელია (ბოლონია, იტალია), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), ნიკა დარბაიძე, ბექა ბექაური (ორივე – დელტა), გუგა პატაშური (რუსთავი), ილია ლონდარიძე (კავკასია).
ცენტრები: გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (დელტა), გიორგი ბაქრაძე (ივერიონი).

კომენტარები

ბოლო ამბები