Thumbnail
  • ნუგზარ წურწუმიამ და იაკობ ქაჯაიამ დილის სესია მარცხის გარეშე განვლეს
  • ბრინჯაოს მედლების აღების შანსს 3 ქართველი ფალავანი ინარჩუნებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ და საღამოს სესიაში ფინალის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

წურწუმიამ მეოთხედფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ამაიაკ ოსიპოვს 4:2 სძლია, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ რაშად მამადოვს გაეჯიბრება.

ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, February 12, 2024


ქაჯაიამ გზიდან გერმანელი ფრანც რიხტერი (5:1) და რუმინელი ალინ ალექსიუკი (5:1) ჩამოიცილა და ახლა, ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსის მქონე სერგეი სემიონოვი ელის.

დღესვე ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წევრი გავიდა, თუმცა, მათ საღამოს სესიამდე მისვლა ვერ შესძლეს. თუკი იმ ფალავნებმა, ვისთანაც ქართველი მოჭიდავეები დამარცხდნენ, ფინალში გასვლა შესძლეს, ჩვენებურები ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის შანსს მიღებენ.

ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოსაგებად ვეღარ იბრძოლებს

აღნიშნულ სამეულში ლერი აბულაძე (63 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ.) შედიან. აბულაძე ტურნირში ევროპის ზედიზედ ორგზის ჩემპიონის რანგში ჩაება და მოლდოველ დონიორ ისლამოვს 3:2 სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარეთის სახელით მოასპარეზე არმენ ნაზარიანს ვერ გაუმკლავდა – 0:3.

იაკობ ქაჯაია (130 კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Monday, February 12, 2024


ლომაძემ ევროპირველობის სტარტზევე წააგო თურქ იუნუს ბასართან (0:4), ხოლო ბოლქვაძემ ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალან ოსტაევს კი აჯობა (8:3), მაგრამ აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს ვეღარ აჯობა (3:6).

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე საღამოს სესია სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს, ხვალ კი, ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 5 წევრი გავა. ესენი ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები