Thumbnail

სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც უკვე აშკარაა - ოსიმენის არყოფნაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა სხვაობა ხვიჩა კვარაცხელიას კლასსა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების დონეს შორის. ფეხბურთი გუნდური თამაშია, ერთ ვარსკვლავს კი შედეგი ხან მოაქვს, ხან - ვერა. 

ხვიჩას 4 მცდელობიდან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა - მატჩში საუკეთესო შედეგი

სერია A-ს 24-ე ტურში მილანთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო. WhoScored-მა ახლა უკვე 23 წლის ქართველს 7.20 ქულა დაუწერა, რაც დამარცხებულ გუნდში, მით უფრო, რომ ამ გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, ძალიან მაღალი შეფასებაა. საკმარისია ითქვას, რომ მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ორ მილანელს ჰქონდა: რაფაელ ლეაოს (7.84) და ტეო ერნანდესს (7.76). შეფასებებით უახლოესი მინდვრის მოთამაშე ნაპოლიდან მას 0.57 ქულით ჩამორჩება, რაც საკმაოდ ბევრია.  

ხვიჩა კვარაცხელიას ჰითმეფი. კარგად ჩანს პოზიციის ცვლილება

ხვიჩას მატჩში საუკეთესო, 3 წარმატებული დრიბლინგი (4 მცდელობიდან) ჰქონდა. მის ანგარიშზეა 2 მნიშვნელოვანი პასი, ხვიჩამ 16 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. კვარაცხელიას ერთადერთი დარტყმული ზუსტი იყო. 

სერია A-ში ხვიჩას საშუალო შეფასება 7.38-ია (წინა ტურთან შედარებით მეასედი ქულით მოიკლო) და ის კვლავ მესამეა იტალიის ჩემპიონატის ინდივიდუალურ რეიტინგში ლაუტარო მარტინესისა (7.73) და ჰაკან ჩალჰანოღლუს (7.41) შემდეგ. 

ხვიჩა კვლავ პირველია საშუალოდ დარტყმების რაოდენობით თამაშში - 3.6; მეორეა დრიბლინგებით - 2.8 და მეორეა მასზე დაჯარიმებების რიცხვით - 2.7.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები. WhoScored

1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.73 (-0.03)
2. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.41 (-0.04)
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.38 (-0.01)
4. მარკუს ტურამი (ინტერი) – 7.35 (-)
5. მატიას სულე (ფროზინონე) – 7.33 (-0.05)

ხუთეულში კვლავ სამი ფეხბურთელია ინტერიდან. აქ შესვლის შანსი ადრიენ რაბიოსაც (7.27) აქვს, რომლის იუვენტუსი საღამოს თამაშობს. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. WhoScored

1. ლეროი სანე (ბაიერნი) – 7.96 (-0.07)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.95 (-)
3. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 7.88 (+0.04)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 7.84 (-0.09)
5. ვიკტორ ბონიფასე (ლევერკუზენი) – 7.81 (-)
...25. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.38 (-0.01)

ევროპის ტოპლიგებში კვარაცხელია პსჟ-ს უსმან დემბელესთან ერთად 25-ე პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები