Thumbnail
  • ქაჯაია და წურწუმია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდნენ
  • ბრინჯაოს მედლების აღების შანსი სამ ქართველს რჩება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდნენ.

წურწუმია მეოთხედფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ამაიაკ ოსიპოვს შეხვდა, რომელსაც 4:2 სძლია, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ რაშად მამადოვთან 1:5 დამარცხდა. წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ, დენის ფლორინ მიჰაისთან იჭიდავებს. 

130 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ მერვედფინალში გერმანელი ფრანც რიხტერი (5:1) დაამარცხა, შემდეგ მეოთხედფინალში რუმინელ ალინ ალექსიუკს (5:1) აჯობა, ნახევარფინალში კი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსის მქონე სერგეი სემიონოვთან დამარცხდა. ქაჯაია ბრინჯაოს ფინალში დიმიტრი ზარუბსკის შეხვდება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს იური ლომაძეც (77კგ.). ლომაძემ ევროპირველობის სტარტზევე წააგო მომავალ ფინალისტ, თურქ იუნუს ბასართან (0:4) და რეპეშაჟში ამგვარად აღმოჩნდა. იურის შემდეგი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, მაჰმუდ ჰასან ღანემი იქნება.

დღესვე ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი, აჩიკო ბოლქვაძე და იური ლომაძე გავიდა, თუმცა, მათ საღამოს სესიამდე მისვლა ვერ შესძლეს.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ხვალ კიდევ 5 ქათველი იჭიდავებს. მედლებისთვის ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (82 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.) იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები