Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | 🏟 რედ ბულ არენა | ⌚ 23:55 | ⚽ ლაიპციგი V რეალი
  • რედ ბულ არენა სამეფო კლუბისთვის 'არასტუმართმოყვარე' სტადიონია
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

ჯუდ ბელინგემით თუ მის გარეშე ჩემპიონთა თასის 14-გზის გამარჯვებული "სამეფო კლუბი" გერმანულ ლაიპციგთან ფავორიტია - ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე პლეი ოფი ორი დაპირისპირებით იწყება, რომელთაგანაც ერთი "რედ ბულ არენაზე" გაიმართება, მეორეში კი ტრავმირებული დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტის მასპინძლობს.  

ბელინგემის არყოფნაში რეალი ბრაზილიური დუეტით შეუტევს

თუ დანიურ-ინგლისურ წყვილში, თითქოს, ყველაფერი წინასწარ გარკვეულია, გერმანულ-ესპანურში ბრძოლა უნდა იყოს. მით უფრო, რაც რეალმა ახალგაზრდა ლიდერი ჯუდ ბელინგემი დაკარგა. ესპანური ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერმა ტრავმა ჟირონასთან საჩემპიონო მატჩში მიიღო და ახლა მისი თამაში "რედ ბულ არენაზე" გამორიცხულია, საპასუხო შეხვედრაში კი - ფრიად საეჭვო. 

ჯგუფურ ეტაპზე რეალმა ექვსივე თამაში მოიგო და პლეი ოფამდე უდანაკარგოდ მივიდა. ლაიპციგმაც ძალიან კარგად იასპარეზა - 6-დან 4 შეხვედრა მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ამ გუნდებმა ერთმანეთში 2022 წელს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს. რეალმა შინ ვალვერდესა და ასენსიოს გოლებით მოიგო, ხოლო "რედ ბულ არენაზე" 5-გოლიანი თრილერი ლაიპციგის გამარჯვებით დასრულდა - 3:2. პირველ ტაიმში გვარდიოლმა და ნკუნკუმ გერმანული კლუბი დააწინაურეს, ვინისიუსმა კი ერთი გაქვითა, ვერნერის გოლით ლაიპციგი ისევ 2-ბურთიანი სხვაობით წინ გაიჭრა, როდრიგოს პენალტი კი დაგვიანებული იყო. აღსანიშნავია, რომ ლაიპციგის სამივე გოლის ავტორი უკვე ინგლისურ გრანდებში თამაშობს. ასე რომ, "რედ ბულ არენიდან" რეალს კარგი მოგონებები არ აქვს. იმ ჯგუფიდან რეალიც გავიდა და ლაიპციგიც. 

მარკო როზე (ლაიპციგი): "რეალის ნამდვილად არ გვეშინია. ველით საოცარ ატმოსფეროს სტადიონზე. ჯგუფურ ეტაპზე ბევრი ვიბრძოლეთ საამისოდ. 
რეალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ყველა კომპონენტში მეტოქე ძალიან კარგ ფორმაშია. მაგრამ არც ჩვენ ვართ ცუდი გუნდი. ყველაფერს გავიღებთ, ამ ორმატჩიანი რაუნდის კარგად დაწყებისთვის". 

კარლო ანჩელოტი

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან კარგ ფორმაში ვართ და მოტივირებულები ვხვდებით ჩემპიონთა ლიგის განახლებას. ეს ტურნირი რეალს ძალიან უყვარს. ჩვენი მეტოქე ძალიან ხარისხიანი გუნდია. ლაიპციგთან მზად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარი, უმაღლესი სტანდარტის ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რეალის ფეხბურთელებს ამ ტურნირზე კარგად თამაშისთვის დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ. ხვალიდან ვიწყებთ ტიტულისთვის ბრძოლას. 

რეალი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ანჩელოტის საკადრო პრობლემები მოეძალა. ლაიპციგთან ტრავმების გამო არ იქნებიან კურტუა, მილიტაო, ალაბა და ბელინგემი. საეჭვოა რიუდიგერისა და ნაჩოს თამაშიც. შესაძლოა, კვლავ ისე მოხდეს, როგორც ჟირონასთან მატჩში, როცა რეალს ნომინალური ცენტრალური მცველი საერთოდ არ ჰყავდა და ანჩელოტის ცენტრში ჩუამენისა და კარვახალის დუეტის დაყენება მოუწია. აი, ლაიპციგს კი მხოლოდ ტრავმირებული ჰაიდარა აკლია. 

ჯუდმა ჟირონასთან ტრავმა მიიღო და 'რედ ბულ არენაზე; არ იქნება

საინტერესო ფაქტები

🟠 ამ სეზონში ჯუდ ბელინგემმა რეალის 6 მატჩიდან 5-ში ითამაშა და ინგლისელს აუცილებლად ან გოლი გაჰქონდა ან საგოლე პასს აკეთებდა.

🟠 რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ კლუბებთან ბოლო 15 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო (10 გამარჯვება, 4 ფრე), თუმცა ის ერთი წაგება სწორედ ლაიპციგთან იყო. 

🟠 რეალმა ბოლოს ოფიციალური მატჩი სექტემბერში წააგო (1:3 ატლეტიკოსთან), მას მერე გუნდს 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. 

🟠 ლაიპციგს ჩემპიონთა ლიგაზე შინ კარის მშრალად შენახვა უჭირს - ბოლო 13 მატჩია, რაც გერმანული გუნდი მინიმუმ ერთ გოლს მაინც უშვებს შინ. თუმცა "რედ ბულ არენაზე" ლაიპციგს გოლის გატანა არასდროს არ უჭირს, ბოლო 16 მატჩია ლიგაზე, რაც გუნდს აუცილებლად გააქვს გოლი.

🟠 გასულ სეზონში ლაიპციგი ლიგიდან სწორედ ამ ეტაპზე გავარდა - ორი მატჩის ჯამში მომავალ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან 1:8 განადაგურდა.

🟠 მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში პსჟ-სთან დამარცხდა, რეალმა მხოლოდ ორი საგარეო მარცხი იწვნია ჩემპიონთა ლიგაში - სიტისთან და ლაიპციგთან.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ჰენრიხსი, ორბანი, კლოსტერმანი, რაუმი - ზაივალდი, შლაგერი - ოლმო, სიმონსი - ოპენდა, შეშკო
ტრავმა: ჰაიდარა

რეალი (4-4-2): ლუნინი - კარვახალი, ნაჩო, ჩუამენი, მენდი - ვალვერდე, კროოსი, კამავინგა, ბ. დიასი - როდრიგო, ვინისიუსი
ტრავმა: კურტუა, ალაბა, მილიტაო, ბელინგემი, რიუდიგერი (?), ნაჩო (?).

კომენტარები

ბოლო ამბები