Thumbnail
  • ტორონტო რეპტორსი 99:122 სან ანტონიო სპურსი
  • ვიქტორ ვემბანიამამ სან ანტონიოში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა
  • ფრანგმა 10 დაფარება გააკეთა, რაც უიშვიათესი ამბავია

თამაშის მთავარი ამბავი საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე მოხდა: ვიქტორ ვემბანიამამ ტორონტოს ახალბედას, გრეიდი დიკს Tip-In-მცდელობა დაუფარა და ეს იყო ფრანგის მე-10 დაფარება (!) ამ მატჩში! ამ ბლოკმა ვემბანიამას სპურსის ფორმით რიგით მეორე სამმაგი დუბლი გაუფორმა. 27 ქულა (10/14 თამაშიდან), 14 მოხსნა და 10 დაფარება 29 წუთში (ჰო, 7 დაკარგვაც).

ამავდროულად, ბოლო 3 წელიწადში ეს იყო პირველი სამმაგი დუბლი NBA-ში დაფარებებით. ასეთი რამ ბოლოს კლინტ კაპელამ გააკეთა 2021 წლის იანვარში. სწორედ კაპელა იყო უკანასკნელი მოთამაშე აქამდე, რომელსაც ერთ თამაშში 10 დაფარება ჰქონდა გაკეთებული. თუ ვემბანიამას 5 ასისტსად დავუმატებთ, ფრანგი ერთ-ერთია იმ 5 კალათბურთელიდან, რომლებმაც მინიმუმ 25/10/10/5 დააფიქსირეს. სხვების გვარები გაინტერესებთ? ჰაკიმ ოლაჯუონი (4-ჯერ), კარიმ აბდულ-ჯაბარი, რალფ სემპსონი და დევიდ რობინსონი. ეს უკანასკნელი ბოლო ახალბედაცაა, რომელმაც სამმაგი დუბლი დაფარებებით სრულყო - ეს 1990 წელს მოხდა. მანამდე ასეთი რამ მხოლოდ სემპსონს და მარკ იტონს ჰქონდათ მოხერხებული.

“ეს ძალიან მაგარი ამბავია,” - თქვა ვემბანიამამ მატჩის შემდეგ, - “სავარაუდოდ, უფრო მეტად ღირებულიც, რადგან სან ანტონიოს ოჯახს ეკუთვნის.”

ვემბის რამდენიმე კვირის წინაც ჰქონდა სამმაგი დუბლი. მაშინ, დეტროიტში გასვლით მატჩში 14 ქულა, 12 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა. “იგი უბრალოდ ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც ბევრი სხვადასხვა რამ შეუძლია. კარგად გრძნობს თამაშს და ამას სხვადასხვანაირად გვიმტკიცებს ხოლმე.” - განაცხადა მატჩის შემდეგ სან ანტონიოს მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა.

ტორონტო ამ შეხვედრაში ერთხელაც არ ყოფილა წინ - შესვენებაზე სხვაობა უკვე 17 ქულას შეადგენდა. ვემბანიამას გარდა, კარგი იყო დევინ ვასელი (25 ქულა, 9/15), ასევე ტრე ჯონსი (7 ქულა, 10 ასისტი). ტორონტოდან საუკეთესოები დიკი (18 ქულა, 7/10) და კელი ოლინიკი (17) იყვნენ და აღსანიშნავია, რომ არცერთი არ ყოფილა სასტარტო ხუთეულში. სტარტერებიდან ყველაზე მეტი ქულა არ ჯეი ბარეტმა დააგროვა (13), თუმცა +/- კოეფიციენტი მას -30 ჰქონდა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს: პოპოვიჩმა ქართველი 6:18 წუთი ათამაშა. ამ დროში მამუმ 2 ქულა (1/2 თამაშიდან, 0/1 სამქულიანი) და 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები