Thumbnail

'ის კვარა, ჩვენ რომ ვიცით, ფლანგზე უკეთესია' - ჩირო ფერარა ხვიჩას ახალ ამპლუაზე

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია შეუცვალა. ქართველი ფეხბურთელმა მილანთან სტუმრად “სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში თავდამსხმელის (ჯოვანი სიმეონეს) უკან თამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაარჩინა - 0:1.

მატჩის შემდეგ ნაპოლის, იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ მაძარი გააკრიტიკა და ასევე კვარაცხელიას შეცვლილ პოზიციაზე ისაუბრა.

მილანთან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო

"მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები მაძარის იდეების პარალელურად, ცვლილებებსაც ხედავდნენ, რათა მართლა ირწმუნონ ის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ აქამდე ვერ გაიგეს, საით მიდიან.

კვარაცხელია თავდამსხმელის უკან? ჩემთვის ის კარგი გარემარბია. პირველ ტაიმში მან სიმეონეს შეუქმნა მომენტი, როდესაც ბურთი მარჯვივ წაიღო და გადაცემა ცენტრში გააკეთა. მას სჭირდება ცენტრფორვარდი, რომელსაც სიღრმიდან ხშირად შეტევა შეუძლია, რათა მისთვის სივრცეები გაჩნდეს. სიმართლე გითხრათ, ის კვარა, რომელსაც ვიცნობთ, უკეთესად ფლანგზე თამაშობს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მას აქვს უნარები ხაზებს შორის თამაშისთვისაც, ყველაფერი კი მეტოქეზეა დამოკიდებული", - აქვეყნებს ჩირო ფერარას სიტყვებს იტალიური მედია.

ხვიჩამ მილანის წინააღმდეგ მეექვსედ ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა

23 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, 2-ჯერ კი პენალტი მოიპოვა. ვალტერ მაძარის გუნდი სერია A-ში 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე ჯენოას მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები