Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას გასვლითი მატჩით იწყებს
  • ეროვნულ გუნდს ყოველთვის უჭირდა სტუმრად ოფიციალური თამაშის მოგება
  • ასეთი გამარჯვება სულ რამდენიმეა, ბოლოს კი გიბრალტარი და ფარერები იყო
  • ასევე: როგორ ვიწყებთ ტურნირებს - საინტერესო ფაქტები

6 სექტემბერს უეფას ახალი ტურნირი, ერთა ლიგა იწყება, რომლის ისტორიაში პირველი მატჩის მონაწილე საქართველოს ნაკრებია (მასპინძელ ყაზახეთთან ერთად). უეფას ერთა ლიგა უნიკალური შანსია საქართველოს დარი გუნდებისთვის, ტრადიციული საკვალიფიკაციო ტურნირისგან (სადაც ჭიდილი გრანდებთან უწევთ) გვერდის ავლით მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. 

საქართველო D ლიგაშია და თუ ვლადიმირ ვაისს ევრო 2020-ზე მოხვედრა სურს, კიდევ ერთი შანსი გამოუჩნდა - მოიგოს D ლიგის A ჯგუფი (მეტოქეები: ყაზახეთი, ლატვია, ანდორა), შემდეგ კი პლეი ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები და ასე მოხვდეს ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ტურნირზე.

უეფას ერთა ლიგა ზუსტად ასეთივე უნიკალური შანსია ჩვენი პირველი მეტოქის, ყაზახეთის ნაკრებისთვისაც. ასე რომ, საწყის მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გავიხსენოთ, თუ როგორ იწყებდა საქართველოს ნაკრები ოფიციალურ ტურნირებს, რამდენი ოფიციალური გასვლითი მატჩი აქვს მოგებული სულ და ამას კიდევ არაერთი საინტერესო ფაქტი დავუმატეთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ოფიციალური მატჩი აქვს სტუმრად მოგებული ეროვნულ ნაკრებს? ალბათ, ხვდებით, რომ ცოტა, მაგრამ ზუსტი ციფრი მაინც მოულოდნელი იქნება...

გამარჯვება #1: ისტორიული 'ქემალ სტაფაზე'

ევრო 1996: ალბანეთი 0:1 საქართველო

14.12.1994

საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 24 წლის წინათ, 1994 წლის 7 სექტემბერს გამართა (მოლდოვასთან 0:1). პირველი გასვლითი მატჩი კი გუნდმა მეორე ცდაზე მოგო: თუკი ოქტომბერში, ბულგარეთთან ალექსანდრე ჩივაძის გუნდი დამარცხდა, დეკემბერში "ქემალ სტაფაზე" პირველი გამარჯვება იზეიმა.

მე-19 წუთზე შოთა არველაძემ სტრაკოშას მატჩის ერთადერთი გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა - პირველი ოფიციალური სტუმრად. 

გამარჯვება #2: ქინქის შედევრი

ევრო 1996: უელსი 0:1 საქართველო 

07.06.1995

წელიწად-ნახევრის შემდეგ, კარდიფში ევროპამ გიორგი ქინქლაძის გენიალური გოლი იხილა ნევილ საუთჰოლის კარში. ეს მატჩის 73-ე წუთზე მოხდა, როცა ქართველმა ნახევარმცველმა უელსის ნაკრების გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. ამ შეხვედრაში ვინი ჯოუნსი მიხეილ ყაველაშვილთან უხეშობისთვის გააძევეს. უელსის ნაკრებს ყველა ვარსკვლავი ჰყავდა რაიან გიგზის გარდა, თუმცა საქართველომ ჯერ თბილისში შეარცხვინა (5:0), შემდეგ კი კარდიფშიც მოუგო.

გამარჯვება #3: შურისძიება კიშინოვში

საფრანგეთი 1998: მოლდოვა 0:1 საქართველო

24.09.1997

თემურ ქეცბაია ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო

სტუმრად პირველი გამარჯვებიდან სამი წლის თავზე მესამე გამარჯვებაც ვიზეიმეთ - კიშინოვის "რესპუბლიკურზე" მოლდოვა დავამარცხეთ. თუ პირველი ორი საგარეო გამარჯვება (ოფიციალურ მატჩებში) ორმა ვარსკვლავმა, შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ მოგვიტანა, მუნდიალის პირველი საგარეო გამარჯვების შემოქმედი თემურ ქეცბაია გახდა. მან მე-10 წუთზე გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ორი ფეხბურთელი გაგვიძევეს (ჯერ კახა კალაძე, მერე - ქინქლაძე) ნაკრებმა 3 ქულა მაინც მოიპოვა.

გამარჯვება #4: სუპერსტარტი

იაპონია/კორეა 2002: ლიტვა 0:4 საქართველო

07.10.2000

პირველი გამარჯვება სტუმრად დამაჯერებელი ანგარიშით: საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა! პირველ ტაიმში თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა (მე-19, 35-ე), მეორეში კი გოლები გიორგი ქინქლაძემ (46) და არჩილ არველაძემ გაიტანეს. ამ დროს ნაკრებს რევაზ ძოძუაშვილისა და დავით ყიფიანის დუეტი წვრთნიდა. 

სამწუხაროდ, გაგრეძელება ასეთივე ვერ გამოდგა და ნაკრებმა ჯგუფი 10 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა. 

გამარჯვება #5: დემეტრაძის დუბლით

გერმანია 2006: ყაზახეთი 1:2 საქართველო

17.08.2005

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველომ შეძლო სტუმრად მორიგი ოფიციალური მატჩის მოგება და ეს სწორედ ყაზახეთში მოახერხა. ოღონდ, არა ასტანაში, სადაც 6 სექტემბერს გველის თამაში, არამედ, ალმათიში. გაიოზ დარსაძის გუნდი ტაიმის შემდეგ აგებდა, როცა გიორგი დემეტრაძემ (50, 82) დუბლი შეასრულა. ეს არის და ეს - ამის მერე მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში სტუმრად აღარ მოგვიგია. 16 თამაშიდან 12 წაგება.

გამარჯვება #6: ლაშქრობა ჩრდილოეთ პოლუსზე

ევრო 2008: ფარერები 0:6 საქართველო

16.08.2006

და აი, გამარჯვება ყველაზე დიდი ანგარიშით - კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა ტოფტირში გაილაღა - ფარერის კუნძულების ნაკრებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა. მე-17 წუთზე დავით მუჯირმა ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში, ორ წუთში კი მას ალექსანდრე იაშვილმა მიბაძა. 37-ე წუთზე შოთა არველაძემ ჰეთ თრიკის შესრულება დაიწყო (37, 62, 82), ერთი გოლიც ლევან კობიაშვილის (50 პენალტით) ანგარიშზეა.

გამარჯვება #7: ბოლოს იყო გიბრალტარი...

ევრო 2016: გიბრალტარი 0:3 საქართველო 

14.10.2014

აღსანიშნავია, რომ ეს თამაში გიბრალტარში არ ჩატარებულა. უეფამ გიბრალტარის სტადიონი დაიწუნა და სადებიუტო ტურნირზე ჯუჯა ქვეყნის გუნდმა პორტუგალიაში გვიმასპინძლა. 

ფარერებზე მოგების შემდეგ 8 წელზე მეტი ველოდით მორიგ საგარეო გამარჯვებას და, როგორც იქნა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები დავამარცხეთ - თემურ ქეცბაიას გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-9 წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა, მე-20-ზე თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო 69-ეზე - ჯაბა კანკავამ. ასე რომ, გუნდის ახლანდელი კაპიტანი ბოლო საგარეო გოლის ავტორია, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური თამაში მოიგო. მას მერე თითქმის 4 წელიწადი გავიდა...

როგორ იწყებს საქართველოს ნაკრები

ველით უეფას ერთა ლიგის პირველ ტურს და გავიხსენოთ, როგორ იწყებდა საქართველოს ნაკრები ტურნირებზე გამოსვლას.

► ევროპის ჩემპიონატის (შესარჩევი): პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები შინ მოლდოვასთან 0:1 დამარცხდა.

► მსოფლიოს ჩემპიონატის (შესარჩევი): პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დამარცხდა - 0:1.

► საქართველოს ნაკრებმა სულ მუნდიალის 6 საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშა. პირველ ტურებში მოიგო 2 (ლიტვასთან 4:0, ბელარუსთან 1:0), ფრედ ითამაშა 1 (თურქეთთან 1:1) და წააგო 3 მატჩი (იტალიასთან 0:1, ირლანდიასთან 1:2 და ავსტრიასთან 1:2)

► საქართველოს ნაკრებმა სულ ევროპის ჩემპიონატის 6 საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშა. პირველ ტურებში მოიგო 2 (ალბანეთთან 2:0, ფარერის კუნძულებთან 6:0), ფრედ ითამაშა 1 (საბერძნეთთან 1:1) და წააგო 3 მატჩი (მოლდოვასთან - 0:1, შვეიცარიასთან - 1:4 და ირლანდიასთან - 1:2). 

► სულ ნაკრებმა 12 საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშა. პირველ ტურებში მოიგო 4 მატჩი, ფრედ ითამაშა 2 და წააგო 6 შეხვედრა. 

► საქართველოს ნაკრები ყოველ მეორე ტურნირს წაგებით, ხოლო ყოველ მესამეს მოგებით იწყებს. 

საინტერესო ფაქტები

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში ჯერ ოფიციალური მატჩი არ მოუგია

► ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი არ მოუგია (5 ფრე, 5 წაგება).

► ბოლო ოფიციალური თამაში საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის ოქტომბერში მოიგო კახა ცხადაძის თავკაცობით გუნდმა გიბრალტარი 4:0 დაამარცხა. მას მერე 11 ოფიციალური მატჩიდან 5 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

► ზუსტად 1 წელია, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში არ გაუტანია - 2017 წლის 5 სექტემბერს ვაკო გვილიამ ავსტრიას გაუტანა. მას მერე ნაკრებმა ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივე 0:1 წააგო (უელსთან და სერბეთში).

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები